დაგროვებითი საპენსიო სისტემის კანონი როგორც იქნა მომზადდა და მალე პარლამენტში შევა. ირკვევა, რომ საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად.
ეკონომიკის მინისტის მოადგილე ნინო ჯავახაძე ამტკიცებს, რომ საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად.
თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
„საშუალოდ 1000-ლარიან ხელფასზე, საიდანაც 30 წლის განმავლობაში ადამიანი დააგროვებს, დაახლოებით 500 ლარი იქნება მისი პენსია, საბაზისო პენსიის გარეშე“, - განაცხადა ჯავახაძემ. მისი თქმით, ეს ზუსტი გაანგარიშება არ არის რამდენადაც შეასძლებელია განსხვავებული იყოს ხელფასი, ასევე განსხვავებული იყოს დაგროვების წლები და ის თუ რა რისკიანობის ინვესტიციას ირჩევს დასაქმებული.
მისი განმარტებით, დაგროვებული პენსიის გამოტანა შესაძლებელია რამდენიმე შემთხვევაში, - თუ ადამიანი გარდაიცვლება მისი დანაზოგი შეუძლია მემკვიდრეობით მიიღონ მემკვიდრეებმა. ასევე გამონაკლისია ის შემთხვევაც, როდესაც ადამიანი კარგავს შრომისუნარიანობას ან უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე.
სხვა შემთხვევებში, მხოლოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ შეუძლიათ მომხმარებლებს საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხის გატანა. ნინო ჯავახაძის თქმით, ასევე არის მცირე ლიმიტირებული შემთხვევები, მაგალითად, თუ ადამიანმა 63 წლის ასაკში გადაწყვიტა დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა და მხოლოდ 2 წლის განმავლობაში დააგროვა პენსია, შეუძლია პენსიაზე გასვლისთანავე ეს თანხა სრულად გამოიტანოს.
ყოველთვიური პენსია განისაზღვრება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომელიც იანგარიშებს კონკრეტული პირის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.
უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ დაგროვებითი პენსია ქვეყანაში შექმნის ღირსეულ საპენსიო სისტემას.
„დაგროვებითი პენსიის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანმა ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადადოს „ყულაბაში,“ რომელსაც სახელმწიფოსა და დამქირავებლის დანამატიც დაემატება. ძირითადი პრინციპები უკვე ცნობილია. საუბარია, რომ ადამიანები ყოველთვიურად გადაიხდიან გარკვეულ თანხას და ამ პროცესის თანამონაწილე იქნება როგორც დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო“. თანამონაწილეობის პროპორცია იქნება შემდეგი: ერთ მესამედს გადადებს ადამიანი საკუთარი ხელფასიდან, მეორე მესამედს გადაიხდის დამსაქმებელი და მესამე მესამედს კი სახელმწიფო. ეს თანხა დაგროვდება ამ ადამიანის „ანგარიშზე“ და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საპენსიო ასაკის გახდება, გაცილებით მაღალ პენსიას მიიღებს, ვიდრე დღეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება როგორც სამუშაო წლების, ისე ხელფასის ოდენობაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ პენსია მხოლოდ კონკრეტული ადამიანის გადადებულ ხელფასზე არ იქნება დამოკიდებული. მაგალითად, თუ პირობითად ვისაუბრებთ, ხელფასიდან 2%-ის გადადებაზე, ამ თანხას დაემატება 2% დამქირავებლის ყულაბიდან და 2% სახელმწიფოს ყულაბიდან. ჯამში, პენსიონერი მიიღებს ორჯერ მეტ თანხას, ვიდრე მხოლოდ საკუთარი სახელფასო შემოსავლიდან რომ დაეზოგა“, - აცხადებს ზოიძე.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩაერთვებიან დაგროვებითი პენსიის სისტემაში, ამ შემთხვევაში, ისინი იმ სოციალურ პენსიას მიიღებენ, რაც სახელმწიფოსგან იქნება დადგენილი, ყოველგვარი დანამატების გარეშე.