ყველაზე პესიმისტური სცენარითაც წარმოუდგენელი იყო, რომ არჩევნებიდან 1 კვირის თავზე ეროვნული ვალუტის კურსი ყოველგვარი მიზეზგარეშე 5%-ით გაუფასურდებოდა და 2,60-იან ნიშნულს გადააბიჯებდა. ვითარება იმდენად დრამატულია, რომ ხელისფლების წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ კომენტარები გამოემეტებინათ, თუმცა განსაკუთრებული იმედისმომცემი მათ საუბარში არაფერი აღმოჩენილა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას მოლოდინით ხსნის.
„ჩვენ გავაანალიზეთ ბოლო პერიოდში რა მოთხოვნები იყო ლარზე და კომპანიების მხრიდან სხვადასხვა ვალუტებზე დიდი მოცულობის მოთხოვნა არ ყოფილა. შესაბამისად, მეტ-წილად ჩვენი დღევანდელი მონაცემებით, ლარის კურსის მოკლევადიანი გაუფასურება უკავშირდება მოლოდინების არსებობას. სამწუხაროდ, ასეთი მოლოდინია შექმნილი, რომ ქვეყანაში წლის ბოლო ლარი უნდა გაუფასურდეს. რეალურად, ჩვენ ველოდებით, რომ ეს არის უფრო მაღალი ნიშნული, ვიდრე წონასწორული კურსი უნდა იყოს, შესაბამისად, ლარი უნდა დასტაბილურდეს“, - განმარტა კაკაურიძემ.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ გაცვლით კურსზე ბიუჯეტს გავლენა არ აქვს.
„25 ოქტომბრის მდგომარეობით, დაახლოებით, 150 მლნ ლარზე მეტად გვქონდა შემცირებული სახაზინო ოპერაციები ანუ უფრო მეტი ფულის მასა ჰქონდა ბიუჯეტს ეკონომიკიდან ამოღებული, ვიდრე გასული იყო. შესაბამისად, ფულის მასაზე გავლენა იყო უარყოფითი. ბიუჯეტს ფულის მასაზე და შესაბამისად, არც გაცვლით კურსზე გავლენა არ ჰქონია“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
თითქმის იგივეს ამტკიცებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც ამბობს, რომ ლარის მკვეთრი დევალვაციის საფრთხე არ არსებობს.
„არც ერთი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გაუარესებული არ არის, ამიტომ ლარის მკვეთრი დევალვაციის საფრთხე არ არსებობს. გამოქვეყნდა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელსაც საპარლამენტო კუთხით ჩვენც ვაკონტროლებთ. ვხედავთ, რომ სექტემბერში 5%-იანი ზრდა გვაქვს. თუ ნახავთ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, 9 თვეში 200 მილიონით მეტი მივიღეთ. არც ერთი მაჩვენებელი გაუარესებული არ არის. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს.
მოკლევადიან პერიოდში, შეიძლება მოძრაობა იყოს ორივე მიმართულებით, როგოც გამყარების, ასევე დევალვაციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია მხოლოდ და ლარის მკვეთრი დევალვაცია მოსალოდნელი არ არის“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ოპტიმისტურად უყურებს პერსპექტივას ეკონომისტი მიხეილ დუნდუა. როგორც იგი აცხადებს, დიდი ალბათობით სავალუტო ფონდის პროგნოზი შესრულდება და წლის ბოლომდე ლარის კურსი დასტაბილურდება. სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი, შარშანაც 97%–იანი დამაჯერებლობით დაემთხვა ლარის მაშინ არსებულ კურსს.
„სავალუტო ფონდმა მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დადო პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ლარის საშუალო წლიური კურსი უნდა იყოს 2,45 დოლართან მიმართებაში. იმისათვის, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდეს, აუცილებელია დღეიდან წლის ბოლომდე საშუალო კურსი 2,40-ზე დაბლა იყოს, სხვაგვარად სავალუტო ფონდის პროგნოზი ვერ გამართლდება. როგორც წესი, სავალუტო ფონდის პროგნოზი მოკლევადიან პერიოდში – მისი გამოქვეყნებიდან სამი თვის მანძილს უძლებს, თუ რამე კატაკლიზმა არ ხდება მსოფლიოში.
მაგალითად შარშან ოქტომბერში, როცა გამოაქვეყნეს საშუალო წლიური კურსი, 97%–იანი დამაჯერებლობით დაემთხვა რეალურ კურსს. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი დიდი ალბათობით უნდა შესრულდეს, მაშინ დღეს არსებული კურსი დარეგულირებას ექვემდებარება“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
სხვაგვარად უყურებს საკითხს საბანკო სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე, რომლის აზრითაც ლარის გაუფასურებაში კომერციული ბანკების როლი მნიშვნელოვანია.
„ამჟამინდელ დევალვაციაში ადამიანური ფაქტორებია საძებარი და არა ეკონომიკური. ლაპარაკია ადამიანების მიერ მოფიქრებულ სქემებზე. „ბლუმბერგის“ პლატფორმაზე პოლიტიკას წარმართავენ კორპორაციები, ანუ ბანკები, რომლებიც ამ პლატფორმის მონაწილეები არიან და არა სახელმწიფო, ანუ ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის გავლენა „ბლუმბერგის“ პლატფორმაზე, ფაქტობრივად, ნიველირებულია. თუ ვინმეს ხელეწიფება ლარის ხვალინდელი კურსის განსაზღვრა, რატომ არ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას?“, - ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ „ქვეყანაში ლარის კურსის მერყეობით მხოლოდ ბანკები დარჩნენ მოგებულნი“.