საქართველო, ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ, შეიძლება პირველ პოზიციებზე აღმოჩნდეს თავისი ქვედანაყოფის რიცხოვნობით. იმ ფონზე, როდესაც ამ ოპერაციის მთავარი აქტორი აშშ საფრანგეთთან ერთად ავღანეთიდან თავისი ჯარების ეტაპობრივად გამოყვანას იწყებენ, ქართული კონტიგენტი კიდევ 500 ჯარისკაცით გაიზრდება.
რით არის ნაკარნახევი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მზარდი ყოფნა - “რეზონანისი” ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, როდესაც ქვეყანა ჩართულია საომარ მოქმედებებში, იშვიათია, რომ მოსახლოება ამას დადებითად აღიქვამდეს, მითუმეტეს, თუ ქვეყანისთვის ეს ომი არ არის თავდაცვითი.
“აშშ-ის მოსახლეოების რეაქციამ შეწყვიტა სწორედ ომი ვიეტნამში. მოსახლეობის რეაქცია არის მიზეზი, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს შეამციროს თავისი კონტიგენტი. ამ ბოლო ფრაგმენტში იგულისხმება ავღანეთი და ამ გადაწყვეტილების ავტორი არის არა აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელმაც კარგად იცის რა სირთულეები შეიძლება მოჰყვეს კონტიგნტის შემცირებას, არამედ ხალხი, რომელთა შვილებიც იქ იღუპებიან ან შეიძლება დაიღუპონ.
თუ ჩვენი ხელისუფლება ზრდის კონტიგენტს, გამოდის რომ ხალხი აძლევს ამის საშუალებას. აშშ-ში ან დასავლეთში ხალხის ხელთ არის არჩევნების ინსტრუმენტი. თუ ისე არ მოიქცევა ხელისუფლება, როგორც ხალხს სურს, მას მეორე ვადით აღარავინ აირჩევს.
როგორც ჩანს, ასეთი ინტსტრუმენტი აქ შედეგს არ იძლევა, ხელისუფლება ხალხის კონტროლს ვერ გრძნობს და იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი პოლიტიკისთვის სასარგებლოდ მიაჩნია, რომ დასავლეთი აღიარებს საქართველოს ღვაწლს დააგრძელებს კონტიგენტის გაზრდას”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ კონტიგენტის გაზრდა ლოგიკური არ არის.
“აშშ 2014 წლისთვის მთლიანად აპირებს თავის კონტიგენტის გაყვანას და ამ პერიოდამდე ეტაპობრივი შემცირება რეგულარული იქნება. ავღანეთში ნატოს კონტიგენტის გრძელვადიან პერიოდში დარჩენა არის უპერსპექტივო და მრავალი საფრთხის შემცველი. ბუნებრივია, აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები ცდილობენ ისე გამოვიდნენ ამ კამპანიიდან, რომ დანკარგი იყოს მინიმალური, როგორც - ადამიანური და მატერიალური, ასევე - ავტორიტეტისთვალსაზრისით.
“ამ ფონზე, როგორც ჩანს, ავღანეთში მოხდება გარკვეულწილად სიტუაციის სტაბილიზება. ამის იმედს იძლევა თალიბებთან დაწყებული მოლაპარაკებები. ბოლოს და ბოლოს, ავღანეთი თვითონ დალაგდება და განსაზღვრავს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლბაში. მშვიდობიანი, დემოკრატიული ავღანეთის სახელმწიფოს არანაირი საფრთხის შექმნა სხვა სახელმწიფოსთვის არ შეუძლია. ასეთ გაურკვევლობაში კი არსებობს მუდმივი საფრთხე სიტუაციის დაძაბვისა არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთელს რეგიონში.
ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების მისწრაფება ავღანეთში კონტიგენტის გაზრდისაკენ არ ჯდება არსებულ ტენდენციაში. ყველა ცდილობს გავიდეს ავღანეთიდან და კატასტროფამდე არ ჩაეფლოს ჭაობში. გასაგებია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებისათვის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მომგებიანია, რადაგან კონტიგენტის გაზრდის შემდეგ საქართველო იქნება ფაქტიურად ნატოს არაწევრი ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტიგენტის მფლობელი და მგონია, ავსტრალიასაც გადავაჭარბებთ.
“არ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება ღირდეს, რადგან ნატოს კონტიგენტის შემცირების კვალობაზე საფრთხეები გადაჯგუფდება სხვა კონტიგენტებზე, რადგან თალიბებსა და დღევანდელ ხელისუფლბას შორის შეთანხმებები ჯერ კიდევ მიღწეული არ არის და შეიძლება რთულად წავიდეს.
ავღანეთში კონტიგენტის ზრდა ქვეყნის საშინოა პოლიტიკაზე უფრო ირიბად აისახება, რადგან დასავლეთის მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში ხელისუფლება ნაკლებად ეცდება ქვეყანაში რეალური და მძიმე პრობლემების მოგვარებას. საგარეო პოლიტიკაში კი ცხადია, ნატოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან, თუ მათ ნაცვლად ვინმე განათავსებს იქ კონტიგენტს, რადგან ნატოს ქვეყნებს თავიანთი საზოგადოებიდანაც არ გააჩნია დიდი მხარდაჭერა.
თუ ქართული საზოგადოების პოზიციებზე ვისაუბრებთ, გარდა მცირე გამონაკლისისა, საზოგადოება საკუთარი აზრის გამოხატვასა და დაცვაში ძალიან არათანმიმდევრულია, რაშიც კონიუქტურა უფრო ჭარბობს, ვიდრე საღი საზოგადოებრივი ინტერესები”, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანას აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირებს და ამბობს, რომ ობამამ დანაპირების შესრულება დაიწყო.
“ობამამ თავის დანაპირების შესრულება დაიწყო. მისი სლოგანი იყო “მშვიდობა”. პოზიცია, რომელიც მან გამოხატა მისი პრეზდენტობის დასაწყისში - შეემცირებინა კონტიგენტი, რაც მის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, დასასრულს უახლოვდება. წინ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი ეს ნაბიჯი ავღანეთის ხელისუფლებისათვის წახალისებაც შეიძლება იყოს, რათა თავად გაუმკლავდნენ პრობლემებს.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გასაგებია მისი პოზიცია, რომ ეს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან არის გამომდინარე. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, თუ ის გაზრდის კონტიგენტს, მას მეტ პასუხისმგებლობას გადააბარებს აშშ და, შესაბამისად, მიიღებს დივიდენდებს და მხარდაჭერას.
საშინაო პოლიტიკის კუთხით, ამ კონკრეტულ საკითხში მას არ ჰყავს ოპონენტი, რომელიც საპირისპირო არგუმენტებს წაუყნებს. ”ჩვენი ბიჭები ავღანეთში იღუპებიან” - ამის თქმა ნებისმიერს შეუძლია და ეს არ არის პოლიტიკოსის განცხადება. ერთია ვიცოდეთ, რა გვინდა და მეორეა - რა არის რეალობა.
დღეის მდგომარეობით 960 ჯრისკაცი მონაწილოებს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში. უნდა გაიზარდოს 500 ჯარისკაცით. რა თქმა უნდა, დიდი კონტიგენტია და არა მგონია, ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს, რადგან მეტის შესაძლებლობა არ არსებობს. თავდაცვის სამინისტროშიც არიან ადამიანები, რომლებმაც ეს კარგად იციან”, - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.