თბილისის ტყეებზე ამიერიდან მერიამ და გიგი უგულავამ უნდა იზრუნოს. არასამთავრობოები კი თვლიან, რომ ამის საჭიროება არ დადგება, რადგანაც ტყის ფონდიდიან ტყეების ამორიცხვის შემდეგ, იგი გაიჩეხება და საზრუნავიც არაფერი იქნება.
სატყეო სააგენტოს მმართველობაში, კერძოდ კი “ტყის ფონდში” დედაქალაქიდან 8106.9 ჰექტარი ირიცხებოდა, უახლოეს დღეებში კი მისი სრულად ამორიცხვა იგეგმება. ამ გადაწყვეტილებას მთავრობა განიხილავს, თუმცა შესაბამისი განკარგულება ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
საქართველოს მთავრობა განიხილავს “დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ” განკარგულების პროექტს.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დედაქალაქის ტყეებზე ქალაქის მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ “ტყის ფონდიდან” ტყეების ამორიცხვის შემდეგ, მათი გაჩეხვაც გაიოლდება.
ტყის გაჩეხვაში კი საქართველოს მთავრობას ბადალი არ ჰყავს. თუმცა, რა და როგორ იჩეხება, ამის შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავენ. მაგალითად, არ არის ცნობილი რა ფართობი უკავია ქვეყანაში ტყის მასივებს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ წლებში ეს ციფრი 35%-ს შეადგენდა.
მას შემდეგ საქართველოს ტყეები ძველი და ახალი ხელისუფლები პირობებში უმოწყალოდ გაიჩეხა და იჩეხება. ელემენტარული სტატისტიკა კი არ არსებობს. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, ამჟამად საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 25% თუ იქნება ტყიანი მასივით დაფარული. გამოდის, რომ 16-17 წელიწადში ქვეყნის სატყეო ფონდის 10 პროცენტი გაგვინადგურებია.
სპეცილისტების სკეპტიციზმს დამაშვიდებელი კომენტარებით გამოეხმაურა დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. “თბილისს ახალი სარეკრეაციო ზონები ექნება”, - აცხადებენ თბილიისი მერიაში მას შემდეგ, რაც არასამთავრობო სექტორმას ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ ტყე საპრივატიზაციოდ და გასაჩეხად მზადდებოდა.
მერიაში ირწმუნებიან, რომ ტყის ფონდიდან 8 ათასზე მეტი ჰექტარი ტყის მათთვის გადაცემის შემდეგ, თბილისის შემოგარენში ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონები მოეწყობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასში ატრაქციონები არ ჩაიდგმება და ბუნების პირვანდელი იერი შენარჩუნდება. მერიაში განმარტავენ, რომ ეს ზონები დასუფთავდება და მკაცრად გაკონტროლდება.
ბოლო რამდენიმე წელია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციის ნაწილი დედაქალაქში რეკრეაციული ზონების სიმცირეზე საუბრობს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტში და საერთოდ ცენტრალურ ხელისუფლებაში კი ირწმუნებიან, რომ მწვანე ზონები აუცილებლად მოეწყობა.
თუ როგორ ასრულებს მთავრობა ეკოლოგიური ტიპის დანაპირებს, ეს აგვისტოს ომის შემდეგაც გამოჩნდა, როდესაც რუსი ოკუპანტების გადამწვარი ტყეების სარეაბილიტაციოდ მრავალმილიარდიანი დახმარებიდან ერთი თეთრიც კი არ გაიმეტეს.
არადა, დახმარების გამოყოფამდე გარემოს დაცვის სამინისტროს მოხელეები ფიცს ფიცზე დებდნენ, რომ ბორჯომის უნიკალური ტყე-პარკის აღსადგენად არაფერს დაიშურებდნენ.
თუმცა, როდესაც საქართველოსკენ ასეულობით მილიონები გადმოისროლეს, ტყეები ყველას მიავიწყდა. რამდენიმე თვეში მინისტრი გოგა ხაჩიძე აცხადებდა, რომ ტყეები თავისით უნდა აღდგეს და ამისათვის მთავრობა თავს არ შეიწუხებდა.