რინატ დასაევს ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ენატრება

რინატ დასაევს ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ენატრება

(იბეჭდება შემოკლებით)

რინატ დასაევი:

ცნობილიარომ თქვენსა და ქართველ ფეხბურთელებს შორის განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა იყო ჩამოყალიბებული...

- სანამ ქართველ ფეხბურთელებზე ვისაუბრებდე, ორიოდე სიტყვას თბილისელ გულშემატკივრებზე ვიტყვი. სიმართლე გითხრათ, ჩემი კარიერის მანძილზე იშვიათად შემხვედრია ფეხბურთის ნიუანსებში ისე ღრმად ჩახედული გულშემატკივარი, როგორიც თბილისშია. და რაც მთავარია, იქ იციან როგორც თავისი, ისე მეტოქე გუნდის კარგი თამაშის დაფასება და კარგი თამაშის აღნიშვნა.

შემთხვევით არ იყო, რომ როცა თბილისში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უელსის ნაკრებს ვძლიეთ, ბრიტანელთა მწვრთნელმა აღნიშნა: საშუალება რომ გვქონდეს, ჩვენს ზოგიერთ შეხვედრას სწორედ ობიექტური თბილისელი მაყურებლის წინაშე ჩავატარებდითო.

რაც შეეხება ფეხბურთელებს. ჩვენ მართლაც ჩინებული დამოკიდებულება გვქონდა. განსაკუთრებით ახლოს ვიყავი მათთან, ვისთანაც ნაკრების შემადგენლობაში მიწევდა თამაში. საშა ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე ჩვენი დაცვის წამყვანი მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ მათი თამაშის სტილი მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

მე და თენგიზმა ნაკრებში დაახლოებით ერთ დროს დავიწყეთ თამაში და მაშინვე დავრწმუნდი მის ბრწყინვალე მონაცემებში. მამაცი, თავგანწირული, ფიზიკურად ძლიერი სულაქველიძე ყველაზე რთულ მატჩებშიც კი არ იბნეოდა და საუკეთესოდ ირჯებოდა. მას ყოველთვის დიდი სარგებლობა მოჰქონდა გუნდისთვის.

სულ სხვა სტილის მოთამაშე იყო ჩივაძე. ნაკრების კაპიტანს ძლიერი ნერვები და რაღაც განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინტუიცია გააჩნდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ საშას ხშირად უწოდებდნენ „ფეხბურთის პროფესორს“, „ფეხბურთის გროსმაისტერს“, და ვინ იცის, კიდევ რა კომპლიმენტებით არ ამკობდნენ მას.

ძალიან ეშმაკი თავდამსხმელი იყო რამაზ შენგელია. თბილისის „დინამოსთან“ თამაშისას ყოველთვის მიჭირდა მის წინააღმდეგ პაექრობა, რადგან შენგელიას ძალიან არასტანდარტული და მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება უყვარდა და მათი შესრულებაც ეხერხებოდა. თუმცა, ნაკრებში თამაშისას იგი რამდენადმე ბლოხინის ჩრდილში იყო მოქცეული.

და, რა თქმა უნდა, დავით ყიფიანი - უნატიფესი ფეხბურთის მიმდევარი. მოთამაშე, რომელმაც ყოველთვის იცოდა, თუ რა სურდა მოედანზე. გარდა იმისა, რომ დათო შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, იგი თავმდაბლობის და კარგი მეგობრის განსახიერებასაც წარმოადგენდა. ყველას ძალიან გვეწყინა, როდესაც გამუდმებულმა ტრავმებმა იგი აიძულა, ნაადრევად ჩამოცილებოდა ფეხბურთს, თანაც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ მცირე ხნით ადრე, არადა, დარწმუნებული ვარ, ესპანეთში დათო მთელი თავისი ოსტატობით გაიბრწყინებდა.

მოხარული ვარ, რომ ყიფიანს სამწვრთნელო ასპარეზზეც კარგად მისდის საქმე. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და როგორც ვხედავ, არც მწვრთნელობისას დათმო პოზიციები.

მინდა სხვებსაც გადავცე მოკითხვა. სათითაოდ ჩამოთვლას არ დავიწყებ, თორემ შეიძლება ვინმე გამომრჩეს კიდეც.