მოსახლეობის 80%-ს ბანკის ვალი აქვს

მოსახლეობის 80%-ს ბანკის ვალი აქვს

საქართველოს მოსახლეობა თანდათან ეფლობა ვალის ჭაობში. ეს უკვე აღარ არის ზედაპირული დაკვირვების შედეგად გაკეთებული დასკვნა. საგანგაშო ტენდენციას უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ქვეყნის მოქალაქეთა 80% საფინანსო ინსტიტუტების ვალი აქვს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ ყოველი 1000 მოსახლიდან 800-მდე ადამიანს ბანკის ვალი აქვს და ამ მაჩვენებლით იგი პირველ ადგილზეა.

“საქართველო ბანკის მოვალე მოსახლეობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს არის მსოფლიოს ისტორიული მაქსიმუმი. არც ერთ წელს, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა ის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მსოფლიო სავალუტო ფონდის ანგარიშში დაფიქსირდა. 

ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც მკვეთრად არიან დამოკიდებული საბანკო სექტორზე. ყოველივე ეს საბოლოო ჯამში გვიქმნის დამაჯერებელ რწმენას, რომ აუცილებელია ქვეყანაში გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რომ მოხდეს ინვესტირება ეკონომიკაში”, - აცხადებს დუნდუა.

ფინანსისტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ არ შეიძლება მოქალაქეს სესხი შემოსავლის დადასტურების გარეშე მისცე. ადვილად ხელმისაწვდომი ფული ადამიანისთვის თავისებური მახეა, რომელშიც ერთნაირად ებმევიან როგორც ახალგაზრდები, ასევე შედარებით ასაკოვანი მოქალაქეები.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაა და აუცილებელია ეს ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინოს, როცა საცალო სესხს გასცემს კომერციული ბანკი, მისი გადახდის, დაფარვის გრაფიკი უნდა იყოს მოქალაქის შემოსავლის ნაწილი. ადამიანი თავისი შემოსავლის უმეტეს ნაწილს ბანკს არ უნდა უხდიდეს. ეროვნულ ვალუტაში სასურველია, რომ ეს იყოს 30%, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 20%. ამ რეკომენდაციის შესრულება ძალიან ყოვნდება. იმედი მაქვს თვის ბოლოს შეასრულებს ამას ეროვნული ბანკი.

უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა შეიზღუდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს რეკომენდაციაც უნდა შესრულდეს. არ შეიძლება მოქალაქეს სესხი მისი შემოსავლის დადასტურების გარეშე მიეწოდოს.  მე ვერ ვხედავ ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობას ხელს რა უშლის”, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

საქართველოს მოსახლეობა უკვე არის მონაწილე იმ სასესხო პირამიდისა, რომელიც მუდმივად მაღლა მიიწევს. ფინანსისტ ირაკლი ბერძენაძის აზრით, ერთადერთი გამოსავალი რჩება თავად ბანკების მხრიდან, სესხებზე რეგულაციის დაწესების ნაცვლად, მსესხებლის ასაკის განსაზღვრა, რაც არსებულ პრობლემას მეტ-ნაკლებად შეამცირებს.

“პირველ რიგში, საკითხავია რამდენად ლოგიკურად იღებენ სამომხმარებლო სესხს მომხმარებლები. საქართველოს მოსახლეობა უკვე არის მონაწილე იმ სასესხო პირამიდისა, რომელიც მუდმივად მაღლა მიიწევს. თუ ბანკები არ შეწყვეტენ სესხის გაცემას, წარმოუდგენელია მისი შეჩერება.

ხალხი იღებს სესხს, რათა დაიკმაყოფილოს პირადი სურვილები, ესეც განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ეს ხდება ყველა იმ განვითარებად ქვეყანაში ხდება, სადაც სოციალური ვითარება გაუარესებულია.

ჩემი აზრით, სამომხმარებლო სესხის გაცემის შეზღუდვა კი არა, მსესხებლის ასაკი უნდა განისაზღვროს მკაცრად და მაგალითად, 23 წლამდე არ უნდა გაიცემოდეს არც ერთ პირზე კრედიტი, როგორი სახით უზრუნველყოფილიც არ უნდა იყოს ის. ეს მდგომარეობას შედარებით გამოასწორებს”, - აღნიშნა ბერძენაძემ.