ნაციონალური მოძრაობა“ სამოქალაქო პროტესტით იმუქრება

ნაციონალური მოძრაობა“ სამოქალაქო პროტესტით იმუქრება

დიალოგი, რომელიც წინასწარვე ჩაშლისთვის იყო განწირული, მოსალოდნელი შედეგით დასრულდა - საპარლამენტო უმრავლესობა აღიარებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ოპოზიციასთან დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება შეუძლებელია.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ოპოზიციური პარტიებისგან ვერ მიიღეს ის საკითხები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა ექნებოდა და ამის ნაცვლად, წერილობით წარუდგინეს 4 ულტიმატუმი.

18 აგვისტოს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ეთხოვათ წერილობით იმ საკითხების ამომწურავი სიის წარდგენა, რომელთა კონსტიტუციაში არასახვის შემთხვევაში, შესაბამისი პარტია მხარს არ დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და შესაბამისად, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნებოდა ამ პარტიის მხარდაჭერა.

როგორც უმრავლესობა აცხადებს, მათ ჰქონდათ იმედი, რომ ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულად მიუდგებოდნენ დიალოგის პროცესს და რაციონალურად განსაზღვრავდნენ იმ საკითხს ან საკითხებს, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„მათ წერილობით წარმოადგინეს 4 ულტიმატუმი, რომელთა გათვალისწინების პირობებშიც კი, ისინი არ გამოხატავენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზადყოფნას. აღნიშნული 4 ულტიმატუმი მათ წარმოადგინეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობადდა არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების თვითმიზანია კონსტრუქციული დიალოგისა და კონსენსუსის არარსებობა. ამ პირობებში კი შეუძლებელია დისკუსიის წარმოება საპარლამენტო უმრავლესობაში და შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება ოპოზიციასთან.

სხვაგვარად აფასებენ შექმნილ მდგომარეობას ოპოზიციაში - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რომან გოცირიძე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე დიალოგის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას „ხელისუფლების მარცხს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობდა ვენეციის კომისიაში შეხვედრის წინ შეექმნა ილუზია მოლაპარაკებების და კომპრომისების, თუმცა მოხდა პირიქით.

„ოპოზიციამ იმოქმედა აბსოლუტურად გონივრულად. აჩვენა მთელ ქვეყანას, რომ ამ საკითხებზე ოპოზიცია არის ერთსულოვანი და ხელისუფლებამ ვერ შეძლო განხეთქილების შეტანა. მათი აზრით ზოგიერთი პარტიებისთვის მომხიბვლელი წინადადებები გაახმაურეს და ეგონათ, რომ ამ ანკესზე წამოეგებოდა ოპოზიცია. შეხვედრაზე, რომელზეც ხელისუფლება ფიქრობდა, რომ შეძლებდა ოპოზიციის განხეთქილებას, პირიქით, დაინახეს, რომ ოპოზიცია დღეს, როგორც არასდროს ერთსულოვანია და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“,- აცხადებს გოცირიძე

ოპოზიციის განცხადებებიდან ისიც კარგად ჩანს, რომ მათ გეგმებში არც კომპრომისი შედიოდა და არც დიალოგი და პირიქით, სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაზე არიან ორიენტირებული.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგებას და ამის წინააღმდეგ, მათ შორის შესაძლებელია სამოქალაქო პროტესტიც იყოს გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან.

„გამოყენებული იქნება ყველა მექანიზმი, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციით და სამოქალაქო პროტესტის ფორმები. ჩვენ ყველა ფორმას მივმართავთ კონსტიტუციის დასაცავად. კონკრეტული გეგმა ვენეციის კომისიაში შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება“, - აცხადებსგოცირიძე.

ნაციონალების პოზიციაზეა „ევროპული საქართველოც“, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი თვლის, რომ არაერთხელ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება.

„ამჯერადაც ისინი არ იყვნენ არანაირი კომპრომისისთვის და კონსენსუსთვის მზად და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდაგანცხადებით. ჩვენ მოთხოვნები საერთოდ არ შეგვიცვლია. მოთხოვნები იყო იმთავითვე სრულიად ცალსახა. კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართულმა ოცნებამ“, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ტყუილების გენერატორი“, - აცხადებს რატიანი.

ასეთი შედეგის მოლოდინი გაჩნდა ჯერ კიდევ 18 აგვისტოს სხდომაზე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რამდენიმე საათი მოანდომეს აქამდე ბევრჯერ ნათქვამის გამეორებას.

ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთხელ მოისმინა ოპოზიციის არგუმენტები, თუმცა, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ურთიერთობის ამ ფორმატმა შესაძლოა თვისებრივად განსხვავებული შედეგი გამოიღოს.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენი მიდგომა არის შედეგზე ორიენტირებული დიალოგი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ დავიწყებდით ამ მოლაპარაკებებს, რომ არ გვქონდეს მოლოდინი, რომ გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც ჩვენ საკითხებს განვიხილავთ მმართველ გუნდში, შევძლებთ ჩვენი პოზიცია გავაცნოთ პოლიტიკურ პარტიებს“,- განაცხადა წინა შეხვედრისას თალაკვაძემ.

ოპოზიცია მაშინვე ვარაუდობდა, რომ მართველი პარტია ეცდებოდა, ვენეციის კომისიაში გასამართი შეხვედრის წინ, რომელიც 6 სექტემბერსაა დანიშნული, დიალოგის წარმოებისა და კონსენსუსის მიღწევის ილუზიის შექმნას.

დიალოგის შესაძლებლობა საბოლოოდ ამოიწურა თუ სექტემბრისთვის ვენეციის კომისია კვლავ შეძლებს უმრავლესობის გადარწმუნებას, ძნელი სათქმელია. ექსპერტების პროგნოზით, ხელისუფლება შეეცდება ვენეციის კომისია თავად დაარწმუნოს იმ რეალობაში, რომ ოპოზიციასთან საერთო ენის გამოძებნა შეუძლებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიიღონ. პროტესტის სანაცვლოდ კი დიდი ხანია არსებობს გამზადებული პასუხი - 2010 წლის კონსტიტუციაც ერთმა პარტიამ მიიღო, თანაც ისე, რომ ვენეციის კომისია ამ პროცესში საერთოდ არ ყოფილა ჩართული.