ავარიული შენობების ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება

ავარიული შენობების ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება

დედაქალაქს განაშენიანების კუთხით დღესდღეობით ორი მთავარი პრობლემა უდგას. ერთია ძველი თბილისი თავისი ავარიული სახლებით და მეორე კი - ე.წ. “ხრუშჩოვკები”, რომელსაც ექსპლოატაციის ვადა, პრაქტიკულად, გასული აქვს და დღე-დღეზე მისი დემონტაჟის საკითხი დადგება. ქალაქის მუნიციპალიტეტს ასეთი უზარმაზარი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს, ინვესტორები კი მაინცდამაინც არ აქტიურობენ. მიზეზი სხვადასხვაგვარია - საგადასახადო სისტემით დაწყებული, კომერციული ფართების ნაკლებობით დასრულებული.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის, მერაბ ბოლქვაძის აზრით, ძველ თბილისში განაშენიანების არსებული ფორმის დაცვის პირობებში ინვესტორების დაინტერესება მხოლოდ საგადასახადო შეღავათებით შეიძლება. ასეთო შეღავათების გამოყენების მაგალითები არსებობს  საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში.

“თუ გვინდა, რომ ძველი თბილისი შევინარჩუნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, მას ინვესტორებმა, ქალაქმა და ზოგადად, საზოგადოებამ არ უნდა შეხედოს ისე, რომ იქ შეიძლება ფართების მოგება. იქ ვერანაირ ფართებს ვერ მოიგებს ინვესტორი, მხოლოდ უმნიშვნელოდ. ძველი თბილისის გადარჩენის ერთადერთი საშუალება საგადასახადო შეღავათების შემოღებაა - დღგ-ისგან გათავისუფლება, თუ სხვა დაინტერესება, რომ იქ ინვესტორმა იმოქმედოს. კონკრეტულად, რა სახის უნდა იყოს ეს შეღავათები, ფინანსისტებმა და იურისტებმა უნდა მოიფიქრონ.

თუ არ გვინდა შენარჩუნება, რაც თბილისისთვის უმძიმესი შედეგი იქნება, მაშინ ისე იქცევიან, როგორც გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ მოვიქეცით, მაგალითად, როცა ჩავარჭეთ სასტუმრო „იმელის“ უკან. ასეთი მაგალითები უამრავია”, - განაცხადა ბოლქვაძემ.

იგივე მოსაზრება „საქმის კურსთან“ საუბრისას დეველოპერმა ბეჟან წაქაძემ დააფიქსირა. კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი ძირითადად ცენტრალურ უბნებით არის დაინტერესებული, თუმცა თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა განაშენიანების ინტენსივობაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს, დაბალსართულიანი სახლების მშენებლობა კი მისთვის ფინანსურად წამგებიანია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წაქაძე თბილისის მერიას და მთავრობას სთავაზობს, რომ მთაწმინდა-სოლოლაკის ტერიტორიაზე ავარიული სახლების დანგრევის და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრინციპების დაცვით ხელახალი განაშენიანების შემთხვევაში, დეველოპერებმა საგადასახადო შეღავათები მიიღონ.

ძველი თბილისის პარალელურად თანდათან მწვავდება შედარებით ახალი ნაგებობების საკითხიც. საუბარია ე.წ. “ხრუშჩოვკებზე”, რომელთა ექსპლოატაციის ვადა, პრაქტიკულად, გასულია. დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი კახა კალაძე „ხრუშოვკების“ ეტაპობრივ ჩანაცვლებას აპირებს. მისი თქმით, “ხრუშოვკების” ჩანაცვლების შესახებ პროექტი უკვე მომზადებულია, რომელსაც მოსახლეობას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

დეველოპერები ამ საკითხს ასე მარტივად არ უყურებენ. 60-იან წლებში აგებული 4-5-სართულიანი შენობების ჩანაცვლება არანაკლებ რთულია, ისევე როგორც ძველ თბილისში არსებული იტალიური ეზოებისა. მენაშენთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ეს ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვარდება და მისი გადაჭრისთვის ერთი საარჩევნო პერიოდი საკმარისი არ იქნება.

„ამ საკითხის მოგვარებას დაახლოებით 20 წელი სჭირდება. თბილისში, დაახლოებით, 512 “ხრუშოვკაა”, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს და მათ დაახლოებით 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართი უკავია. ისინი, ძირითადად,  ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნავთლუღში, დიღომსა და კრწანისშია განთავსებული. რაც შეეხება ფინანსებს, “ხრუშოვკების” ჩასანაცვლებლად დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია საჭირო“, - განაცხადა როსტომაშვილმა.