ბიზნესმა დეპუტატები დაარწმუნა და თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი, სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღება 5 წლით გადავადდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამარტივებული წესით უკვე განიხილა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბერი, ნაცვლად 2018 წლის პირველი იანვრისა.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე დამატებით უნდა შეფასდეს მისი ფისკალური ზეგავლენა და ასევე, გათვალისწინებულ იქნას ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული საწარმოო პროცესების სირთულე.
“ჯიბისის” ინფორმაციით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული შეზღუდვები ეტაპობრივად განხორციელდეს, რათა ამ პროცესში მონაწილე პირებს საშუალება მიეცეთ ადაპტირდნენ განსხვავებულ ბიზნეს-გარემოსთან და არ მოხდეს საბიუჯეტო შემოსავლების მყისიერი დანაკლისი, რაც მოსალოდნელია კიდეც.
„ავსტრალიაში აღნიშნული რეგულაცია შემოღებული იქნა მხოლოდ 2012 წლიდან. თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი შეფუთვა 2016 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ასევე ინგლისმა, ირლანდიამ და საფრანგეთმა. მსგავსი რეგულაციების შემოღებას განიხილავენ ევროკავშირის ქვეყნები, მხოლოდ 2020 წლიდან. ამ რეგულაციის დაგეგმვის შემდგომ, არის 2-3-წლიანი გარადამავალი ფაზა, როდესაც ეს ქვეყნები კიდევ აკვირდებიან პროცესებს, თუ როგორია ამ რეგულაციების ზეგავლენა“, - ამბობს დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.
ახალ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება არასამთავრობო სექტორი. თამბაქოს კონტროლის ალიანსში ამბობენ, რომ თამბაქოს კოლოფების დღევანდელი შეფუთვა უმძალვრესი იარაღია ბავშვების მწეველობაში ჩასათრევად. მოსალოდნელი გადავადებით კი ათასობით ჩვენი ახალგაზრდა კვლავაც დამოკიდებული გახდება ამ სასიკვდილო პროდუქტზე და ეს ტრაგედია არასდროს დასრულდება. ამ გადავადების შემდეგ, გამორიცხული არ არის კანონის ყველა სხვა მნიშვნელოვან მუხლებიც შეიცვალოს.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი ვარაუდით, საქმე გვაქვს ელიტარულ კორუფციასთან ან არაკომპეტენტურობასთან.
“ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც ამ გადაწყვეტილების მიღება განუზრახავთ, შესაძლოა არ ესმით რამდენ მოზარდს, ახალგაზრდას გაწირავენ სასიკვდილო პროდუქტზე მიჯაჭვულობისათვის, რამდენად სამარცხვინო იქნება მსგავსი ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობის თვალში. ასეთი მზაკვრული გადაწყვეტილების მიღება საქართველოს დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააგდებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე, მსოფლიო ბანკში და უამრავ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებთან”, - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.
ბიზნესი კი, პირიქით, იმთავითვე თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის დანერგვას ეწინააღმდეგებოდა. თამბაქოს საერთაშორისო კომპანიის, ჟთI-ის კორპორაციულ საქმეთა ხელმძღვანელი ივანე ხასიას თქმით სტანდარტულ შეფუთვასთან დაკავშირებით კანონპროექტის განახლებულ ვარიანტში ჩანაწერის გაჩენა მოულოდნელი სიახლე იყო და მასთან დაკავშირებით ბიზნესთან არავითარი კომუნიკაცია არ შემდგარა.
ხასიას თქმით, საქართველოს თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის დანერგვას არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ავალდებულებს და მისი ამოქმედებით კომპანიები კარგავენ მათ ყველაზე ფასეულ აქტივს - ბრენდს, ამას კი ბაზარზე კონკურენციის გაქრობა მოჰყვება.