თბილისს კალიები შემოესივნენ

თბილისს კალიები შემოესივნენ

(იბეჭდება შემოკლებით)

ამ რამდენიმე დღის წინ დავით აღმაშენებლის ძეგლის მიდამოებში, იქ, სადაც უწინ ერთობ პოპულარული კაფე „მეტრო“ იდგა, უზარმაზარი კალიები - სარანჩები გამოჩნდნენ.

მეფე დავითის ძეგლთან უამრავი სარანჩა ირეოდა, ირგვლივ დახოცილებიც ბლომად ეყარა. სასტუმრო „ივერიის“ წინ შეგროვილმა ლტოლვილებმა შენობაში შეგვიყვანეს და გვაჩვენეს დერეფნებსა თუ ოთახებში მოკალათებული უზარმაზარი მწვანე მწერები.

ანზორ მეგრელიშვილი (ლტოლვილი გაგრიდან):

- მეცხრე წელია ამ სასტუმროში ვცხოვრობთ და მსგავსი არაფერი მომხდარა. სხვაგან რა ვითარებაა, არ ვიცით, მაგრამ „ივერია“ კალიებითაა გავსებული, ოთახებსა და დერეფნებში ვერტმფრენებივით დაფრინავენ, ზედ გვახტებიან, ხან თავზე გვეცემიან, ხან - ტანსაცმელზე. ვხოცავთ და მაინც ვერ გამოვლიეთ, ოთახებიდანაც ვდევნით, მაგრამ კედლებსა და ფანჯრებზე სხდებიან.

ბატონო ანზორიქნებ ანტისანიტარიის ან სიცხის ბრალია?

- არა, ანტისანიტარია ჩვენთან არ არის. არც სიცხე უნდა იყოს კალიების შემოსევის მიზეზი. შარშან უფრო ცხელოდა, მაგრამ სარანჩა წამლადაც არ გვინახავს. წლეულს სიცხეები ახლახან დაიწყო, ამიტომ არა მგონია, ამინდის ბრალი იყოს.

გელა ღლიღვაშვილი (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი):

ბატონო გელარა მიზეზით შეესივნენ კალიები ლტოლვილებსვინმემ სპეციალურად ხომ არ შეიყვანა მწერები სასტუმრო „ივერიის“ შენობაში?

- 12 ივნისს ქალაქს კალიებმა გადაუფრინეს. არა მგონია, სპეციალურად გაეშვა ვინმეს. სარანჩა შარშანაც შემოგვესია.

რატომ მიადგნენ მაინცდამაინც სასტუმრო „ივერიას“?

- კალიების მოძრაობის მარშრუტს ზოგჯერ ქარის მიმართულებაც განსაზღვრავს. გარდა ამისა, „ივერიის“ შენობა მტკვრის სანაპიროზეა, იქვეა პარკი, პრაქტიკულად, მდინარე ვერეს ხეობის გაგრძელებას წარმოადგენს. სხვათაშორის, სარანჩა თავისუფლების მოედანზეც ვნახე, ასე რომ, არა მგონია, ვინმეს საგანგებოდ შეესია კალიები ლტოლვილებისთვის.