ქართული ბიზნესი ადგილობრივი ბაყაყების შემდეგ ნიანგების მოშენებას აპირებს. საქმეში ჩახედულთა თქმით, ქვეყანას აქვს 99 % პოტენციალი იმისა, რომ საქართველოში ნიანგის სანაშენე მეურნეობები მოეწყოს. ნიანგის შენახვა ძვირი არ არის, რადგანაც ეგზოტიკურ ცხოველს ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 10 ლარის ხორცი ყოფნის.
ნიანგი ზრდასრულ ასაკს 3 წლის შემდეგ აღწევს და ზრდასრული ნიანგი 12 დან 18 კილომდე ხორცს იძლევა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე 1 კილო 60 ევრომდე ღირს. რაც შეეხება ნიანგის ტყავს, ტყავით ძირითადად დიზაინერები ინტერესდებიან. ერთი ნიანგის ტყავი „შავ ბაზარზე“ 500 ევრო ღირს, ხოლო ლიცენზირებული ტყავის ფასი 1000 ევროდან იწყება.
ქართული ბიზნესს საშუალება ეძლევა საქართველოში კიდევ ერთი ეგზოტიკური ცხოველის სანაშენე მეურნეობები განავითარონ. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს“ სამეცნიერო კვლევით ცენტრთან არსებული, კომპანია „ფაზის პლანტის“ წარმომადგენელმა ირაკლი ჩოკოლაიამ განუცხადა, ქვეყანას აქვს 99% პოტენციალი იმისა, რომ საქართველოში ნიანგის სანაშენე მეურნეობები მოეწყოს.
ჩორკოლაიას განცახდებით, კომპანიამ 2 წლის წინ არგენტინის ნიანგთსაშენი ფერმიდან 4 კვერცხი შემოიტანა, საიდანაც პატარა ნიანგები გამოიჩეკნენ. თუმცა მალევე 1 პატარა ნიანგი დაიღუპა, ხოლო 3 ნიანგმა სამეგრელოში ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის გარემო პირობებთან შეგუება დაიწყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა წყალი გოგირდს შეიცავდა, რაც ნიანგის ზრდა-განვითარებას აფერხებს.
„ფაზის პლანტის“ ინფორმაციით, ნიანგის ზრდა განვითარებისათვის თერმული წყლები მნიშვნელოვანი ფაქტორია. სოფელ ცაისში თერმული წყლის საბადო არსებობს და კომპანიასაც სახელმწიფოს თანადგომის იმედი აქვს, რათა სამომავლოდ სამეგრელოში ნიანგთსაშენი ფერმის მოწყობა მოხერხდეს და საქართველომაც ნიანგის ხორცისა და ტყავის ექსპორტი დაიწყოს.
ხოლო რაც შეეხება ნიანგის ტყავს, სექსპორტოდ ნიანგის ტყავის გასატანად სპეციალური საერთაშორისო ლიცენზიაა საჭირო. მსოფლიოში მხოლოდ რამოდენიმე სპეციალიზირებული კომპანია არსებობს, რომელსაც ნიანგის ტყავის დამუშავება შეუძლია.
მსოფლიოს მასშტაბით, ნიანგების ფერმები ძირითადად აფრიკაში, ავსტრალიაში, ტაილანდში, აშშ-სა და ინდონეზიაშია განთავსებული. ფერმაში ძირითადად დედალ ნინაგებს აშენებენ და კვერცხის დადების შემდეგ კვერცს სპეციალურ ინკუბატორში ანთავსებენ. ნიანგის კვერცხიდან გამოსავლიანობა ძირითადად 100%-ია. ფერმები ძირითადად ტყავის რეალიზაციაზე მუშაობენ. ხორცისა და ტყავის გარდა გამოყენებადია ნიანგის შიგთავსიც, რომელიც დამუშავების შემდეგ ცხოველების საკვებად გამოიყენება.
ცნობისთვის, ნიანგები (Crocodilia), ქვეწარმავალთა რიგი. მათი სიგრძე 2-5 მ, იშვიათად (ნილოსის ნიანგები, ქედიანი ნიანგები) 6 მ აღწევს. აქვთ გრძელი, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი, წაგრძელებული დინგი, მოკლე ფეხები, უკანა კიდურების თითებს შორის დაჭიმულია საცურაო აპკი.
ნესტოები და თვალები (ვერტიკალური გუგით) ზემოთაა აწეული, რაც მათ საშუალებას აძლევს წყლიდან მხოლოდ თვალები და ნესტოები ამოყონ. ნესტოები და ყურის ხვრელები დაცულია სარქვლებით. სხეული, კუდი და კიდურები დაფარულია სწორკუთხოვანი რქოვანი ფარებით. ცხვირ-ხახა გამოყოფილია პირის ღრუსაგან მეორეული ძვლოვანი სასით.
ნიანგებს „მუცლის ნეკნები“ აქვთ, ლავიწი – არა. თავის ტვინი საკმაოდ განვითარებულია. გამოირჩევიან კარგი სმენით და მხედველობით. გულის პარკუჭები მთლიანად გადატიხრულია, მაგრამ აორტის რკალები ერთმანეთთან ხვრელითაა დაკავშირებული, რის გამოც არტერიული და ვენური სისხლი ერთმანეთს ერევა.
საშარდე ბუშტი არა აქვთ. ფილტვები კარგადაა განვითარებული. ენა უძრავია. კონუსური კბილები ფოსოებშია ჩამჯდარი.
ნიანგები გავრცელებულია ტროპიკულ სარტყელში. შეუძლიათ ერთი წყალსატევიდან მეორეში დიდ მანძილზე გადასვლა. აქტიურები არიან ღამით. იკვებებიან უმთავრესად თევზებით, წყლის სხვა ცხოველებით, ტანად დიდი ნიანგები თავს ესხმიან დიდ ცხოველებს (რქოსან პირუტყვსაც კი) და ადამიანს (განსაკუთრებით საშიშია ქედიანი ნიანგები).
დედალი ნიანგები ქვიშაში (უმთავრესად მეჩეჩზე) დებენ 20-100 მკვრივნაჭუჭიან კვერცხს, ცოცხლობენ 80-100 წელს. ნიანგების ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს – სხვადასხვა საგალანტერეო ნაკეთობის დასამზადებლად.
ამჟამად ნიანგების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული. არსებობს თანამედროვე ნიანგების 21 სახეობა, რომელიც გაერთიანებულია 3 ოჯახში: გავიალები, ნამდვილი ნიანგები და ალიგატორები.
და ბოლოს, ქართულმა ბიზნესმა ეგზოტიკური წარმოების განვითარება ასეთი ტემპებით თუ გააგრძელა, სულ მალე ალბათ ნიანგების ბიოლოგიურად მონათესავე გველების და ხვლიკების ჯერიც დადგება.