რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში, სასტუმრო St. Regis - ში აშშ-ში რუსეთის ელჩის, სერგეი კისლიაკის გაცილების საღამო მოეწყო. როგორც ცნობილია, საღამო პრესის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო. 66 წლის დიპლომატი აშშ-ში დიპლომატიური მისიის შესასრულებლად 2008 წელს ჩავიდა. მისი მოღვაწეობა სხვა ელჩებთან შედარებით ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.
როგორც მოსაწვევში იყო აღნიშნული, საღამოს ორგანიზება ამერიკისა და რუსეთის ბიზნეს მრჩეველებს ეკუთვნით. მოსაწვევში აღნიშნული იყო, რომ კისლიაკი ამერიკის საქმიანი წრეების წარმომადგენელთათვის ყველაზე სანდო, ფრთხილი და გულისხმიერი პიროვნებაა.
ბოლო პერიოდში ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპის წრისთვის კისლიაკი საბედისწერო მოსაუბრეც აღმოჩნდა. 25 ივლისს ჟურნალ New York - ში გამოქვეყებულ სტატიაში სათაურით "რუსეთმა ყველაზე სკანდალური ელჩი სერგეი კისლიაკი გაიწვია“, საუბარია, რომ "თუ ამერიკის რომელიმე პოლიტიკოსს სურს გაწიროს საკუთარი თანამდებობა და კისლიაკს შეხვდება, ამ შეხვედრას კი საზოგადოებას დაუმალავს, მას მალე მოუწევს რუსეთში წასვლა“. გამოცემები წერენ იმასაც, რომ კისლიაკი ვაშინგტონში ყველაზე გამოცდილი ელჩია.
"არაკომფორტული მეგობარი“
კისლიაკთან გამართული სატელეფონო საუბრები და სმს-შეტყობინებები საბედისწერო აღმოჩნდა მაიკლ ფლინისთვის, რომელიც იძულებული გახდა ტრამპის მრჩევლის თანამდებობა დაეტოვებინა. ფლინი თანამდებობას მხოლოდ და მხოლოდ 24 დღის განმავლობაში იკავებდა.
აშშ-ს იუსტიციის მინისტრი ჯეფ სეშნსი კი, რომელიც კისლიაკს საიდუმლოდ შეხვდა, იძულებული გახდა ოფიციალურად ჩამოშორებოდა ტრამპის საარჩევნო პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის შესწავლის საქმეს.
კისლიაკთან ურთიერთბის ბრალდებები ისმოდა დონალდ ტრამპის მრჩევლისა და ამავე დროს სიძის, ჯარედ კუშნერის მიმართაც, თუმცა მის თანამდებობას თეთრ სახლში ჯერ არაფერი ემუქრება.
რუსეთის გამოცდილი ელჩი თითქმის არ ჩნდებოდა სატელევიზიო ეთერებში და არ იძლეოდა ინტერვიუებს. მიუხედავად ამისა, ყველასთვის ცნობილია მისი საღამოები ამერიკაში, მერილენდში, რუსეთის დიპლომატიურ სახლში, სადაც ის წვეულებებზე ვაშინგტონის პოლიტიკურ ელიტას უყრიდა თავს.
როგორც ამერიკული გამოცემები წერდნენ, ელჩების გამართული წვეულებები აშშ-ში პოლიტიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საღამოებზე, სადაც პოლიტიკური ელიტა იკრიბება, სასიამოვნო გარემოში აღრმავებენ ქვეყნებს შორის მეგობრობასა და პარტნიორობას, აქ ხდება სხვადასხვა საქმის განხილვა და გადაწყვეტაც. ადრე მსგავს საღამოებს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები მართავდნენ, რომელთა ვილები ბარაკ ობამასა და ივანკა ტრამპის ვილების მეზობლადაა, თუმცა 2010 წელს რუსეთის ელჩმა კისლიაკმა ყველასგან მოულოდნელად ვაშინგტონის ეროვნული ოპერისთვის გრანდიოზული ბენეფისი მოაწყო. სამშენებლო კომპანიები საელჩოში ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. საღამოს მოწყობა ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, თანხა ქველმოქმედმა სუზან ლერმანმა გადაიხადა. როგორც ამბობენ, საღამო რუსეთის იმპერიის დიდებას იდეალურად ასახავდა. სტუმრები, რომლებიც საელჩოს უისკონსინ ავენიუდან უახლოვდებოდნენ, ვასილი ნეტარის ტაძრისა და ერმიტაჟის რვა სართულიან პროექციას ხედავდნენ. საელჩოში შესულებს კი ზამთრის პეიზაჟი ხვდებოდათ. შენობის მეორე სართულზე, სადაც დარბაზი ზამთრის სასახლის პროექტით იყო მოწყობილი, სტუმრებზე შთაბეჭდილებას სამი ათასზე მეტი ფაბერჟეს კვერცხი ახდენდა, რომელიც მცხობელებს სპეციალურად გააკეთებინეს.
მომდევნო დარბაზში პეტრე პირველის საპატივცემულოდ ყინულისგან შექმნილი მასიური ქანდაკებები იდგა.
მიღებაზე 600 სტუმარს შორის იყო აშშ-ს უზენაესი (უმაღლესი) სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი, აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო და სენატორები პატრიკ ლეიხი და ბობ ბენეტი.
ამ პერიოდში ვაშინგტონში ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ და მსგავსი წვეულება დიდი ხნის განმავლობაში არ ენახათ.
"პუტინის ყურები და თვალები“
"გადატვირთის პოლიტიკა“, რომელიც 2010 წელს კისლიაკის მუშაობის შემდეგ იყო მოსალოდნელი, 2011 წელს სრულიად შეიცვალა. ვითარება შეცვალა "არაბულმა გაზაფხულმა“ და ყირიმის ანექსიამ. ამ ყველაფერს კი დაემატა ინფორმაცია, რომ რუსმა ჰაკერებმა აშშ-ში "დემოკრატების“ კომპიუტერები გატეხეს.
ჰაკერების ინციდენტის გამო, ის ვაშინგტონში თითქოს "განდეგილად“ იქცა. კისლიაკის კავშირებს ტრამპთან სპეციალური პროკურორი მიულერი და კონგრესის რამდენიმე წევრი იძიებს, მასთან ურთიერთობა გაწყვიტა უამრავმა პოლიტიკოსმა.
მიუხედავად ამ სიტუაციისა, კისლიაკი აგრძელებს სხვადასხვა ღონოსძიებაზე დასწრებას, რომელსაც აშშ-ში რუსეთის საელჩოში ამერიკული უნივერსიტეტი აწყობს.
კისლიაკი განსხვავდება სხვა რუსი დიპლომატებისგან. დიპლომატიური წრეების გარეთ დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა ტრამპის შემთხვევის შემდეგ, ის ოდიოზურ ფიგურად წარმოჩინდა და მასთან ურთიერთობა ტრამპის მომხრეებისთვის "სასიკვდილო კოცნას“ ჰგავდა.
Los Angeles Times-მა მას ერთ-ერთ სტატიაში "პუტინის ყურები და თვალები“ შეარქვა. პუტინის "ყურების“ მოვალეობის შესრულება კი დიპლომატს გასული წლის აპრილში მოუხდა, როცა ტრამპის გამოსვლას უსმენდა აშშ-ს საშინაო პოლიტიკაზე. სასტუმრო Mayflower-ში ტრამპის წარმოთქმული სიტყვა არასახარბიელოდ შეაფასეს ექსპერტებმა, თუმცა მიმართვაში საუბარი იყო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.
"ძველი რეჟიმის საბჭოთა ელჩი“
თავაზიანი დიპლომატი ყოველთვის იცავდა მოსკოვის პოზიციებს. ამერიკის ყოფილი ელჩი მოსკოვში, მაიკლ მაკფოლი, რომელსაც თავი კისლიაკის მეგობრად მიაჩნია, ამბობდა: " არასდროს დაგჭირდებოდათ იმაზე მარჩიელობა, თუ რომელ მხარეს წარმოადგენდა ის“.
ნოემბერში კისლიაკი სტენფორდის უნივერსიტეტში საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა. მისი თქმით, მოსკოვი მუდამ ცდილობს გამონახოს საერთო ენა დასავლეთთან, თუმცა ყოველთვის ახალ პროვოკაციას აწყდება.
"თქვენ გსურდათ რუსეთი წნეხის ქვეშ გყოლოდათ, ეკონომიკური სანქციებით და პროპაგანდით, რუსეთის შეხედულებით, ჩვენ ვალდებული გავხდით თქვენს სანქციებზე გვეპასუხა“ - განაცხადა ელჩმა.
"მას სჯერა, რომ უკრაინა და რუსეთი ერთი ერია, არა მგონია, რომ სერგეის უკრაინის დამოუკიდებლობა სჯეროდეს“ - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა უეინ მერიმ კისლიაკზე საუბრისას.
"შემეძლო ყველგან ვყოფილიყავი, საქართველოში, უზბეკეთში, ბელორუსში. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებოდი, ჩვენ ყველა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით. ერთ ენაზე ვსაუბრობდით და მეგობრები ვიყავით“ - განაცხადა კისლიაკმა.
"ის საკმაოდ ჯიუტია, არც ერთ სანტიმეტრს არ დათმობს, ეს თვისება კი უნიკალურია მისი რანგის რუს დიპლომატებს შორის“.
როგორც ამბობენ, კისლიაკის შემცვლელი ანატოლი ანტონოვი არ არის წინამორბედივით მკაცრი, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის ის უფრო დამთმობი იქნება.
კისლიაკი მოსკოვში 22 ივლისს გაფრინდება