"მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების გამო მესამე სექტორი უშიშროების ან კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო შეკრებას ითხოვს. ორგანიზაციები სახელმწიფო სამსახურებისგან რუსეთთან მიმართებით ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მათი პოზიცია ამ კუთხითუფრო მკაფიო გახდეს. მმართველ გუნდში ამ თემის უშიშროების საბჭოს ფორმატში განხილვის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ. ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საბჭო ის ადგილი არ არის, სადაც ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" რუბრიკაში მოსაზრებები საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - საჭიროა თუ არა უშიშროების ან კრიზისების მართვის საბჭოს შეკრება მცოცავი ოკუპაციის გამო?
"როდესაც საფრთხე შენი ქვეყნის მთლიანობას ეხება, უშიშროების საბჭო კი არა, მთელი ხალხი უნდა შეიკრიბოს და ერთ მუჭად დადგეს. ახლა განგაშის ზარები უნდა იყოს, რადგან ყოველდღიურად მეორდება და თანდათან ტერიტორიებს ვკარგავთ. რა თქმა უნდა, უნდა შეიკრიბოს. ამაზე მეტი საშიშროება რა უნდა იყოს. საერთოდ დაფიქრებას არ საჭიროებს. რა გადაწყვეტა უნდა ამას? უნდა შეიკრიბოს და რაც შეიძლება სწრაფად", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეჟისორი გოგი თორაძე.
"რა თქმა უნდა, საჭიროა და ალბათ ორივესი. თუმცა პირველი რომ იყოს, აჯობებდა. არამარტო შეკრებაა საჭირო, არამედ ეფექტური გეგმის შემუშავება და რეალიზაციაც, რადგან სიტუაცია უკიდურესად საგანგაშოა", - მიიჩნევს "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.
"ეს საბჭო შეიძლება შეიკრიბოს, მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლის, ქვეყანას ამ საფრთხეებს ვერ აარიდებს. არავითარი რეზოლუციები, საერთაშორისო მხარდაჭერა, შეშფოთება და აღშფოთება არ უშველის. რეალისტები უნდა ვიყოთ. საჭიროა რუსეთთან დიალოგი და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში რაღაცებს შეცვლა. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს და არა სხვისი. აი, ეს არის გამოსავალი", - თვლის ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.
"ძალიან საყურადღებო საკითხია. ეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება და არ იქნება ურიგო", - ამბობს იურისტი ქეთი ბექაური.
"აუცილებელია, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი შეიკრიბონ და ამ მართლაც ურთულეს სიტუაციაზე იმსჯელონ. აუცილებელია, რადგან გარკვეული საინფორმაციო საშუალებები ერთგვარად პანიკაში აგდებენ საზოგადოებას. პანიკა რაში მდგომარეობს, საოკუპაციოს ზოლი ცენტრალურ მაგისტრალს 400 მეტრით მოუახლოვდა. 400 მეტრი იქნება, ნახევარი თუ ერთი კილომეტრი, დღეს რუსეთს ტექნიკა ისეთ დონეზე აქვს განვითარებული, რომ იქიდანაც შეუძლია, ავნოს და ძალიან დიდი უბედურება მოუტანოს ამ ტრასაზე მიმავალ ადამიანებს. ამაზე მსჯელობა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება უპირველესი საქმეა. ეს არ არის ცალკეული ქუჩაში მოხეტიალე პოლიტიკური პარტიების საკითხი. ეს სახელმწიფოებრივი უშიშროების საქმეა. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, ვისაც ქვეყნის მოსახლეობაზე პასუხისმგებლობა ევალება, განმარტება მოგვცეს და რაღაც პრევენციულ ზომებს მიმართოს", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.