"ტრამპი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსული გაზი ამერიკულით ჩაანაცვლონ. ანალიტიკოსების შეფასებით, ფასის გამო ამერიკულ გაზს სხვა ექსპორტიორებთან კონკურენცია გაუჭირდება და, ამასთან, ენერგოსფეროში დაპირისპირება, შესაძლოა, ახალი ცხელი კერების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. თუმცა, საერთო ჯამში, თუ ევროპა თავს დააღწევს რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას, ეს კრემლის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ტრამპმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს მიმართა, რომ უკეთესია, დათანხმდნენ ამერიკული გაზით მომარაგებას, ვიდრე დაეყრდნონ რუსეთიდან მიწოდებულს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტრამპის რევოლუციური შეთავაზება ევროპას - აშშ-ის გაზი რუსულის ნაცვლად / "ბოლო სამი წლის განმავლობაში გაზის მოპოვების მხრივ აშშ-მ გადაასწრო რუსეთს".
"პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, რუსეთის ევროპულ ქვეყნებზე ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა მათი მოსკოვის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება და ისინიც იძულებულნი არიან, ნებისმიერ საკითხში რუსეთის ინტერესები გაითვალისწინონ -"რუსეთი ყოველწლიურად ახორციელებს დაახლოებით 130-150 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპულ ბაზარზე, აქედან მისი შემოსავალი კი აღემატება 400 მილიარდ ევროს, ამდენად, ბუნებრივია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იძულებულნი არიან, გაითვალისწინონ რუსეთის ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით, რადგან ისინი რუსეთის ბუნებრივ აირზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე. რაც შეეხება ბუნებრივი აირის ალტერნატიულ წყაროებს, პოლიტოლოგის თქმით, ისინი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ევროპამ თავი დააღწიოს რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას", - აღნიშნავს გამოცემა.
"ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროები არიან ნორვეგია და ნიდერლანდები, თუმცა მათი მარაგი არ არის საკმარისი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნა სრულიად დააკმაყოფილოს. გარდა ამისა, ევროკავშირი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს ალჟირიდან და ყატარიდან, თუმცა არც ესაა საკმარისი. ამიტომაც ბუნებრივია, რომ დღის წესრიგში დგება აშშ-დან ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის საკითხი. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც აშშ-ში აქტიურად დაიწყო ფიქალური გაზის მოპოვება, ბოლო სამი წლის განმავლობაში გაზის მოპოვების მხრივ მან გადაასწრო რუსეთის ფედერაციას. ამიტომ აშშ, რომელიც გაზის იმპორტიორი ქვეყანა იყო, ახლა უკვე გადაიქცა მთავარ ექსპორტიორად. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია ფიქალური გაზის გათხევადება და მისი ტრანსპორტირება ევროპაში", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ აშშ-ში გაზის მომპოვებელი კომპანიები სახელმწიფოს არ ექვემდებარებიან, განსხვავებით რუსეთისგან, სადაც "გაზპრომი" სახელმწიფო მონოპოლიაა. ამიტომ აშშ-ის ენერგეტიკულ კომპანიებს თავისი ინტერესები უნდა ჰქონდეთ ევროპულ ბაზარზე", - განაგრძობს გამოცემა.
"საერთო ჯამში, თუ ევროპა თავს დააღწევს რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას, ეს კრემლის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. რუსეთი ეძებს ალტერნატიულ გზებს, სადაც განახორციელებს გაზის ექსპორტს, მაგალითად, ჩინეთში. ასევე, თურქეთთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ მიუხედავად ამ ალტერნატიული პროექტებისა, რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება, თუ ევროპა შეამცირებს მისი ბუნებრივი აირის იმპორტს და გაზრდის აშშ-დან, რომლის ენერგოკომპანიები ევროპისთვის გაცილებით სანდო პარტნიორები იქნებიან", - ამბობს ნიკა ჩიტაძე. ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ამ ყველაფერს ეკონომიკური და პოლიტიკური შემადგენელი ნაწილები აქვს", - დასძენს გამოცემა.
"ამერიკული გაზის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე რენტაბელურია ათას კუბურ მეტრზე 245 აშშ დოლარის ღირებულების შემთხვევაში. რუსული გაზი კი, 2016 წლის მონაცემებით, 140 დოლარად იყიდებოდა. რუსეთის პლუსია, ასევე, მილსადენები, ამერიკული თხევადი გაზი კი ტანკერებით უნდა შევიდეს. რუსეთი ერთადერთი ექსპორტიორი არ არის, მისი წილი მხოლოდ მესამედზე ოდნავ მეტია, მესამედი ნორვეგიის წილად მოდის, ალჟირი და ყატარი, ჯამში, საერთო მოცულობის 20-25%-ის ექსპორტს ახორციელებენ. დარჩენილი 8-10% მოდის ლიბიის, ეგვიპტის, ნიგერიისა და სხვა ქვეყნების წილად. რა თქმა უნდა, აშშ-ის შესვლა ევროპულ ბაზარზე ამ თანაფარდობას დაარღვევს. რომელი ექსპორტიორების ჩანაცვლება რა პროცენტით მოხდება, ახლა რთული სათქმელია და ასეთ პროგნოზს დღეს ვერავინ დებს", - განმარტავს სალუქვაძე. მისი შეფასებით, ფასის გამო ამერიკულ გაზს სხვა ექსპორტიორებთან კონკურენცია გაუჭირდება. "აღსანიშნავია, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია - ბულგარეთი, სერბეთი, მოლდოვა დამოკიდებულნი არიან რუსულ გაზზე 100%-ით. ასევე, თითქმის 100%-ით არიან რუსულ გაზზე დამოკიდებულები ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები, ნორვეგიის გარდა", - აცხადებს სალუქვაძე, რომლსი განმარტებით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში რუსული გაზის წილი, საშუალოდ, 30-70%-ის ფარგლებშია", - წერს სტატიის ავტორი.
"როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთი და ამერიკა კონკურენციას იწყებენ ჩინური ენერგობაზრის დასაპყრობად. რუსეთი აქტიურად მუშაობს ჩინურ ბაზარზე და ექსპორტის მოცულობა ყოველკვარტალურად მატულობს - "ამავე დროს, გაზის მოხმარების მხრივ დინამიკურად იზრდება თვით ჩინური ბაზარიც და, დიდი ალბათობით, რუსეთი ევროპულ დანაკლისს ჩინეთში აინაზღაურებს", - თვლის სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური ვითარება უკვე ძალიან რთულია და ენერგოსფეროში დაპირისპირება, შესაძლოა, ახალი ცხელი კერების წარმოქმნის მიზეზი გახდეს - "არა მგონია, უახლოეს წლებში ისეთი მოცულობის შეტანა მოხერხდეს ევროპაში, რომ სურათი საგრძნობლად შეიცვალოს. რუსეთს უფრო ფასების ვარდნა აშინებს ხოლმე", - დაასკვნის ამირან სალუქვაძე, რომლის თქმით, ფასების ვარდნა, პირველ რიგში, ამერიკულ გაზზე და მის რენტაბელობაზე იმოქმედებს", - დასძენს სტატიის ავტორი.