დიდი ცვლილებები სატელევიზიო სივრცეში - სად მიდიან ეკა ხოფერია და მაია ასათიანი

დიდი ცვლილებები სატელევიზიო სივრცეში - სად მიდიან ეკა ხოფერია და მაია ასათიანი

სექტემბრიდან სატელევიზიო სივრცეში დიდი ცვლილებები იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ ნატა მახვილაძის, დიმა ობოლაძისა და "რუსთავი 2"-ის გაყიდვების სამსახურის უფროსის კოტე ბათმანიდის შემდეგ, ტელეკომპანია "იმედში" გადადიან "რუსთავი 2"-ის ყველაზე რეიტინგული მეგა-შოუების პროდუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია. ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არავინ აკეთებს.

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პროდუსერები პირველ ეტაპზე, "იმედზე" გადაცემებს "ექიმები" და "ნიჭიერი" გადაიტანენ.  ასევე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სულ მალე "იმედზე" გადავა გადაცემა "პროფილი". მაია ასათიანი არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ჩვენი წყაროს ცნობით, "პროფილი" "ეკა ხოფერიას შოუს" ჩაანაცვლებს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის "პროფილის" პროდუსერებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

რაც შეეხება თავად ხოფერიას, ამბობენ, რომ ის პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას გეგმავს, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავა. გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ეკა ხოფერია გამოეხმაურა: "პრესკონფერენცია არ იქნება, დეტალები ივლისის " სითიში"... If you know what i mean" - წერს ხოფერია. რა დეტალებს გაასაჯაროვებს საკუთარ ჟურნალში ჟურნალისტი, უცნობია.