"ქართული ოცნების" დაფუძნების დღიდან კახი კალაძე ერთადერთი ფიგურა აღმოჩნდა, რომელმაც გუნდში დამოუკიდებლად თამაში შეძლო - მას აქვს პოლიტიკური პიარის შეგრძნება, რაც პოლიტიკოსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებასთან კომუნიკაციის სწორი ფორმა ვერ გამონახა, რაც კალაძემ მოახერხა. თუმცა, მის ყულაბაში უამრავი ნეგატივი მაინც დაგროვდა - ის იყო "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში ჩართული, კარგად გვახსოვს მისი კავშირები კრიმინალურ სამყაროსთან, რაც წინასაარჩევნო პროცესს შლეიფად გაჰყვება და მეტიც, ეს ტენდენცია მისი მერად არჩევის შემთხვევაშიც აუცილებლად გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, მას აქტიური მოწინააღმდეგეები გუნდშიც გამოუჩნდება", - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არ გამოვრიცხავ, კალაძისთვის რუსული კონტაქტები საბედისწერო აღმოჩნდეს" / "კალაძისთვის თბილისის შესაძლო მერობა იქნება ან პოლიტიკური ტრამპლინი, ან მძიმე დასასრული".
"ნარმანია ისტორიაში წარუმატებელ მერად დარჩება, მან ვერ შეძლო გუნდის იმ ელიტასთან წინააღმდეგობის გაწევა, რომელსაც დიდი ბიზნესინტერესები ამოძრავებს. ამ კასტასთან ურთიერთობა კალაძესაც მოუწევს. კალაძისთვის თბილისის შესაძლო მერობა იქნება ან პოლიტიკური ტრამპლინი, ან მძიმე დასასრული, რადგან თუ ვინმე დაუწყებს კალაძეს დაქაჩვას, ეს "ქართულ ოცნებაში" მყოფი ან ამ პარტიას ამოფარებული ბიზნეს-ინტერესების მქონე ჯგუფია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავად არის თბილისში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომლის სახელსაც არაერთი ბიზნესი უკავშირდება, ამიტომ მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კონკრეტულ ჯგუფთან დაპირისპირება, შესაძლოა, მისთვის ფინანსური დანაკლისებით დასრულდეს. ანუ კალაძეს აქვს არჩევანი - ან თბილისის მერობა დაასრულოს დანაკარგის გარეშე და დაჰყვეს ბიზნესჯგუფის ინტერესებს, ან წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას ჩაუყაროს საფუძველი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
"კალაძე ყველაზე ხისტია იმ პირთა შორის, რომლებიც ავანსცენაზე ივანიშვილმა გამოიყვანა. სიხისტე შეიძლება ორი რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით გამოიყენოს: წაადგეს ქალაქს ხისტი და ოპერატიული გადაწყვეტილებებით, ან ჩაკლას თავისუფალი სიტყვა... დღეს მიჭირს პროგნოზირება, რა არჩევანს გააკეთებს, ქალაქს განავითარებს თუ მის კონტაქტებს დასავლური ფასეულობების დასათრგუნავად გამოიყენებს - კონტაქტებში ვიგულისხმობ იმას, რომ მან გაიცნო უმაღლესი თანამდებობის პირები რუსეთში, როდესაც "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ტრამპის არჩევიდან ექვს თვეში საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კალაძეს უნდა ეყოს გონიერება, ადეკვატურად შეაფასოს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო აშშ-ისთვის. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა პირდაპირი სიგნალია, რომ ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაცია საქართველოს რუსეთთან ყოველგვარ გარიგებაში შესვლას არ დაუშვებს", განაგრძობს რესპონდენტი.
"გაზპრომი" თუ ამერიკა - ამ არჩევანის წინაშე კალაძე აუცილებლად აღმოჩნდება. მას დღეს გზა აქვს ხსნილი რუსეთის პოლიტიკური ელიტისკენ, თუმცა თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში მისი ფიგურით ამერიკა აუცილებლად დაინტერესდება. ორივესთან ერთდროულად თამაში კი არ გამოუვა. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჟურნალ "ეკონომისტში" გამოქვეყნებული სტატიაც, სადაც ღიად არის მითითებული, რომ დღეს თბილისის მერობა ოქროს საწმისის მოპოვების ტოლფასია. მერის პოსტი დღეს მაღალი დონის ლეგიტიმაციის ფიგურას ნიშნავს, რომელიც, დიდი ალბათობით, გარდამტეხი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. დარწმუნებული ვარ, კალაძე მერობისთვის ბრძოლით სწორედ 2020 წლის არჩევნებისთვის ნიადაგს იმზადებს. სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხავ, კალაძისთვის რუსული კონტაქტები საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. მოუწევს არჩევანის გაკეთება - რუსეთთან კონტაქტები და ბიზნესინტერესები, თუ ქვეყნის მომავალი", - დასძენს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - "რამდენად მოსალოდნელია მეორე ტური?" - პასუხობს:
"მეორე ტურის ალბათობა დიდია - ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა მეორე ტურის შანსს შეამცირებდა. ჩანს, ივანიშვილს აღარ სურს მისი მოყვანილი გუნდის შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება და გუნდი ერთგვარ "თავისუფალ ცურვაში" გაუშვა. რაც შეეხება ოპოზიციას, ფაქტია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც ერთ კანდიდატზე არ შეთანხმდნენ. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შოკურ მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციას სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება გაუჭირდება. ვფიქრობ, ამას ვერც დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მოახერხებს".