"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები თავგანწირვით იცავენ სირიაში, საკუთარ დედაქალაქდ გამოცხადებულ რაყას "სირიის დემოკრატიული ძალების" შემოტევისგან. ქურთების ამ დაჯგუფებას ISIS-ის წინააღმდეგ აშშ და არაბული ოპოზიციური ჯგუფები უჭერენ მხარს. ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტი გებრიელ გეითჰაუსი იმ ჟურნალისტთა რიცხვშია, რომელმაც ცხელი წერტილის დედაქალაქში შეაღწია.
"ეს იყო ძალიან გრძელი და რთული გზა. რაყას გარეუბნებიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე ამერიკელების დაბომბვის შედეგად ჩამონგრეული შენობები და მაღაზიების დანგრეული ფასადები ვნახეთ - "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისა და "სირიის დემოკრატიული ძალების" შეტაკების შედეგი.
გზად მგლოვიარე ხალხით სავსე თეთრდროშიანი ორთვალები შეგვხვდა. ამ ოჯახთაგან ზოგიერთი, თავის დროზე, რაყაში სწორედ ომს გამოექცა, რომელიც სირიაში უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა ისინი ისევ ომის ეპიცენტრში მოხვდნენ. ზოგიერთი ცდილობს სწრაფად დატოვოს რაყა და ომის ჯოჯოხეთს სწრაფად გაეცალოს.
"ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტები ცხოველურად კლავდნენ ხალხს. გვეუბნებოდნენ რომ ურჯულოები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან მუსლიმანები ვართ და ჩვენს ყველა კანონს ვიცავთ", - აცხადებს რაყადან გამოქცეული მამაკაცი.
ქალაქში დღეს ათასობით ადამიანი რჩება, ისინი რეჟიმის მსხვერპლნი არიან, რეჟიმი კი ყველას მკაცრად უსწორდება, ვინც სირიის დატოვებას ცდილობს.
"ჩვენ ვლოცულობთ, რომ ალაჰმა სამაგიერო გადაუხადოს "ისლამურ სახელმწიფოს", რაც ჩვენ დაგვემართა ყველაფერი მათ სინდისზეა" - ამბობს ქალბატონი, ჩვილი ბავშვით.
ივნისის დასაწყისში "სირიის დემოკრატიული ძალების" მებრძოლები რაყაში შევიდნენ, მათი წარმატება კი ამერიკის საჰაერო დარტყმებმა განაპირობა. აშშ-ს არტილერიის დაბომბვები დღესაც გრძელდება. დროთა განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან ჭურვის აფეთქების ყრუ ხმა ისმის, ქალაქის ცენტრში კი მტვრის დიდი ღრუბელი ჩნდება.
თუმცა ახლა, როცა "სირიის დემოკრატიული ძალების" მებრძოლებმა ქალაქის გარეუბნებში შეაღწიეს, მათი მოქმედება შეფერხდა, რადგან ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები არიან გამაგრებულნი. ისინი სამივე მხრიდან ალყაში მოაქციეს, საჰაერო დაბომბვებსაც ახორციელებენ, თუმცა დაეშის ბოევიკები მაინც იბრძვიან.
ბი-ბი-სის ჟურნალისტი წერს, რომ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისას, მათ თავზე "ისლამური სახელმწიფოს" დრონი დაფრინავდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ პატარა დისტანციური მართვის აპარატს შეეძლო ჭურვი ჩამოეგდო.
ქურთი სნაიპერი დალილაფოტო: ქურთი სნაიპერი დალილა
ქურთების ამ დაჯგუფებაში მამაკაცები და ქალები მხარდამხარ იბრძვიან. სნაიპერი 22 წლის დალილაა, რომელიც ომამდე სამედიცინოზე სწავლობდა, როგორც აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე გოგონამ ახალი საქმე კარგად შეითავსა.
"როცა მიზანში ვისვრი და მტერს ვკლავ, ძალიან მიხარია. ეს მორალურად გვაძლიერებს და უფრო მეტ ძალას გვმატებს, ჩვენ ჩვენს ხალხს და ქვეყანას ვიცავთ", - განაცხადა ღიმილით სნაიპერმა გოგონამ, რომელიც იარაღს მჭიდს უცვლიდა და თან საუბარში ერთვებოდა.
"ალყაში მოგვაქციეს და ყველა მხრიდან გვესროდნენ. ერთ-ერთი ჩვენგანი დააკავეს და მძევლად აიყვანეს, თუმცა მისი გამოხსნა მოვახერხეთ" - გაიხსენა საშინელი ღამე ერთ-ერთმა მებრძოლმა, რომლის თქმითაც, დაეშის მებრძოლები უეცარი თავდასხმებისთვის ქალაქში გაყვანილ გვირაბებს იყენებენ.
დრონი, გვირაბები, თვითმკვლელი ტერორისტები, სნაიპერები - ომის პირობებშიც კი "ისლამური სახელმწიფოს" მთავარი იარაღი შიშის დათესვაა, რომლითაც მან აქამდე არსებულ ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას აჯობა.
რაყასთვის ბრძოლა საკმაოდ დიდხნიანი და საშინელი იქნება, რადგან თუ დაეშის მებრძოლები მათ დედაქალაქს დაკარგავენ ეს "ხალიფატის" დასასრულს ნიშნავს. (წყარო)