"მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსთვის საზიანოა ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება ვენეციის კომისიისთვის. სახელმწიფოს თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს და არ გამოვიდეს ისე, რომ საქართველოს ხელისუფლება ვენეციის ინსტრუქციით მოქმედი ქვეყანაა. ამას თავად ვენეციის კომისია არ გაიძულებს. არადა, ხშირად ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში დაახლოებით ასეთი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლება უნდა ასრულებდეს უცხოეთის ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ინსტრუქციას. თანაც, ამას ისინი ითხოვენ, ვისთვისაც საბჭოთა პერიოდი მიუღებელი იყო, იმიტომ, რომ ქვეყანა სხვა მხარის ინსტრუქციებით მოქმედებდა. ე.ი, წესით, სხვა ქვეყნის ინსტრუქციით მოქმედებაც მიუღებელი უნდა იყოს. ამიტომ ვენეციის კომისიის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, გაზვიადებულია. მით უმეტეს, ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ, ზოგადად, პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს", აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამაზ საყვარელიძე: თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი ამ აქციებზე არ გამოვა
"მე ვფიქრობ, კონსენსუსი უნდა იყოს ძირითადად საზოგადოებაში - როგორ ფიქრობთ, პროცენტულად საზოგადოების რა ნაწილია ოპოზიცია? შესაბამისად, თუ კონსენსუსი არ არის ოპოზიციასთან, ეს არ ნიშნავს, რომ კონსენსუსი არ არის საზოგადოებასთან. როგორ გგონიათ, მანდატების გადანაწილება ანდა იქნება თუ არა პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს საზოგადოების ინტერესს ასახავს? სახალხო განხილვას როცა გვინდა, სპექტაკლს ვუწოდებთ, როცა გვინდა - გარკვეულ საკითხებს ხალხის ინტერესებად ვასაღებთ. როგორ შეიძლება, ხალხის საკითხი იყოს მაჟორიტარის არყოლა, როდესაც საზოგადოებისთვის მაჟორიტარი მათი ხმის მატარებელია?! ამიტომ საუბარი იმაზე, რომ რასაც ოპოზიცია ითხოვს, ეს ხალხის ინტერესებია, მე ცოტა გადაჭარბებული მგონია. ის ფაქტი, რომ ეს პარტიები დაბალრეიტინგულია, უკვე მეტყველებს, რომ მათი აზრები ხალხის ინტერესს არ შეესატყვისება, თორემ სხვა შემთხვევაში მაღალი რეიტინგი ექნებოდათ", - დასძენს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - "საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პარალელურად აქციები ანონსდება. როგორ განვითარდება ეს პროცესები? - პასუხობს:
"საუბარი იმაზე, რომ აქციებს დაიწყებენ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მორიგი შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან იმიტომ, რომ საქართველო რევოლუციებისგან დაღლილი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელმაც ვერც ერთი რევოლუციის დროს ის ვერ მიიღო, რისთვისაც გამოდიოდა. ამის მერე კიდევ რევოლუციისკენ მოწოდება იმიტომ, რომ პარტიებმა საკუთარი სურვილები გადაწყვიტონ, მე ვფიქრობ, უკვე ბოდიშის მოსახდელია მათი მხრიდან. ხომ აცხადებენ, ევროპული ღირებულებები გვაქვსო?! მანახონ, ევროპის რომელ ქვეყანაში მიდის ოპოზიცია რევოლუციის გზით? არც ერთში. იმიტომ, რომ ყველგან იციან, რევოლუცია სიკეთის მომტანი პროცესი არ არის. თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი ამ აქციებზე არ გამოვა. რევოლუციის მოწყობა არანაკლებ რთული საქმეა, ვიდრე პარლამენტში დებატების მოგება. ამ ოპოზიციას დებატების მოგება არ შეუძლია და ჰგონია, რომ რევოლუციას შეძლებს?! დამიჯერეთ, არც ეს შეუძლიათ".