"გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულის დედა მემუქრებოდა“

გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებს ინტერნეტფორუმებზე ქრისტიან ჟურნალისტებსაც ეძახიან. Aახლა მათ კიდევ ერთი "გამწევი ძალა" - ინგა გრიგოლია შეემატა. რამდენად გაამართლებს  ხელისუფლებისათვის "საშიში" ჟურნალისტური მუხტის პოლიტიკაში გადატანა და რა შედეგს მოუტანს ეს ქვეყანასა, ამის თაობაზე ინგა გრიგოლია გვესაუბრება.

- ცოტა ხნით ადრე ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, თბილისის საკრებულოს არჩევნებში მიიღებ მონაწილეობასო, ვეტყოდი, გამორიცხულია-მეთქი. არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში, დღეს ამაზე არ ვფიქრობ. პოლიტიკაში ჩართვა ძალზე მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება იყო, იმასაც გეტყვით, რომ შორს მიმავალი გეგმები მაქვს.

ახლახან ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე  განაცხადეთთავის დროზე სააკაშვილმა კარგად გამოიყენა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი საიმისოდრომ პრეზიდენტი გამხდარიყოოეს თქვენს დიდ პოლიტიკურ ამბიციაზეც მიუთითებს?

- არა ვარ ამდენად ამბიციური. ამ განცხადებით იმის თქმა მინდოდა, რომ პოლიტიკოსისთვის საკრებულო ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლაცდარმია.

ამდენად, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება უმნიშვნელო სულაც არ გახლავთ. ვფიქრობ, ადგილობრივ არჩევნებზე კვლავაც ოპოზიცია გაიმარჯვებს, ის უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი მომავალ საკრებულოში. რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატების მოსალოდნელ გამარჯვებას არ ვგულისხმობ.

იმედი მაქვს, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ოპოზიციის კანდიდატი დაიკავებს.  

გამორიცხავთრომ თქვენს კანდიდატურას "უმცირესობაში მოხვედრილმა" "ნაციონალებმამხარი დაუჭირონ?

- დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" ინგა გრიგოლიას საკრებულოს თავმჯდომარეობას მხარს არასოდეს დაუჭერს. მეცინება ხოლმე, როცა ხელისუფლების ან უგულავას პროექტად მომიხსენიებენ. ნებისმიერი პირის ხმას მივიღებ, თუკი ის ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატის მხარდაჭერას მოემსახურება, მათ შორის "ნაციონალებისაც".

თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არასდროს მოხდება. მაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ "ნაციონალები" ძალზე მნიშვნელოვანი კანდიდატის დასახელებას აპირებენ, მის ვინაობას სულ მალე შევიტყობთ. ასე რომ, დაველოდები მოვლენების განვითარებას. სააკაშვილის ხელისუფლება ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს ლანგრით არასდროს მიართმევს საკრებულოს თავმჯდომარეობას და იცით, რატომ? - ჩვენ ვლაპარაკობთ იმ  სააკაშვილზე, რომელიც საკრებულოს აივნიდან მართავდა პოლიტიკურ პროცესებს.

პოლიტიკა მარტო ყვირილს არ ნიშნავს, ის უფრო შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. მახსოვს, როცა გიორგი პოლიტიკაში ჩაერთო, მკითხა, შევიდე თუ არა პარლამენტშიო. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შესულიყო. ჩვენ ყოველთვის ერთნაირი პოზიცია გვქონდა. მეამაყება, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა "ვარდების რევოლუციით" მოსულ ხელისუფლებას ნიღაბი ახადეს, პარლამენტიდან გააშიშვლეს მისი პოლიტიკა.

ჟურნალისტური საქმიანობის დროს სხვა პოლიტიკურ პარტიას თუ შემოუთავაზებია თანამშრომლობა?

- თითქმის ყოველი არჩევნების წინ მთავაზობდა სხვადასხვა პარტია, რომელთაც ახლა არ დავასახელებ, მაგრამ დავაზუსტებ, რომ სახელისუფლებო პარტიას არ ვგულისხმობ.

ვანო მერაბიშვილის სკანდალურ ინტერვიუებზე რას იტყვით?

- სამარცხვინო ინტერვიუა. თავზარი დამეცა, რომ წავიკითხე. ეს კატასტროფაა.

ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ პოლიცია ერევა არჩევნებში, მისი მეშვეობით აყალბებენ შედეგებს. გახსოვთ, ალბათ, როგორ უხდიდა მადლობას მიხეილ სააკაშვილი კახა თარგამაძეს ჩატარებული არჩევნებისთვის ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის "მოქალაქეთა კავშირის" ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

აქედან გამომდინარე, რუსული მედიისთვის მიცემულ მერაბიშვილის ინტერვიუში ლაპარაკი იმაზე, თუ რომელ ოპოზიციურ კანდიდატს რა შანსი აქვს, ნამდვილი კატასტროფა იყო.

ალბათ, დროა, ყოველივე ამაზე თავად  ვანო მერაბიშვილისაგან ახსნა-განმარტებები მოვისმინოთ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

თქვენი რომელიმე გადაცემის დახურვას თუ უძღოდა წინ ისეთი რამრაც ფართო საზოგადოებამ არ იცის?

- როცა "მზეზე" გადაცემა დამიხურეს, მიზეზად ის მოიყვანეს, თითქოს საინტერესო აღარ იყო. არადა, იმავდროულად ეკა ხოფერიასა და კოკა ყანდიაშვილსაც დაუხურეს გადაცემები და უჭკუო უნდა ვყოფილიყავი, ეს ყველაფერი შემთხვევითობად ჩამეთვალა. შემდეგ მე და კოკა ყანდიაშვილს ერთობლივად უნდა წაგვეყვანა ახალი გადაცემა პირველ არხზე, თითქმის ყველაფერი მომზადებული გვქონდა, კოსტიუმების შეხამებაზეღა ვფიქრობდით და  უცბად ეს გადაცემაც მოაშთეს.

კარგად მახსოვს ის დღე, როცა მთავარ  თემად გლდანის ეკლესიის დარბევა უნდა გაგვეტანა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა.

ბოლოს, როცა პირველ არხზე ვმუშაობდი, გოგა ხაინდრავა მოვიწვიე. ჟვანიას გარდაცვალებაზე ვსაუბრობდით. ხაინდრავამ თქვა, გირგვლიანის მკვლელების კვალი ზურაბ ჟვანიას თემამდე მიდისო. ჩემი ინიციატივით მეორე გადაცემაშიც წამოვჭერი ეს საკითხი.

ეს ის დღე იყო, როცა ვასილ სანოძემ წყლით სავსე პარკი ესროლა აქციის მონაწილეებს. გადაცემის შემდეგ აღშფოთებულმა ქალმა დამირეკა, მწყევლიდა, მლანძღავდა და მემუქრებოდა, ნახავ, რაც მოგელისო.

ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის ბრალდებული ალანიას დედა აღმოჩნდა. ჩემთან დარეკვა ავუკრძალე, მაგრამ მაინც რამდენჯერმე დამირეკა და ძველბიჭურად მელაპარაკა. რა თქმა უნდა, გადაცემის დახურვას მას ნამდვილად არ ვუკავშირებ, მაგრამ იმას კი მივხვდი, რატომ ზედმეტად დიდგულობდა ის ქალი.

როგორც ჩანს, ხელისუფლებისგან უკვე ჰქონდა გარანტია, რომ მის შვილს აუცილებლად გაათავისუფლებდნენ. მალე ლონდონში წავედი, სადაც გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ამბავი შევიტყვე და დავფიქრდი, რამდენად დიდი უსამართლობა ზეიმობდა ჩვენს ქვეყანაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყოველივე სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ არ ხდება.

ადრე შეგეძლოთ მხოლოდ კითხვები დაგესვათ ამ თემებზე პრეზიდენტისათვისახლა კი შეგიძლიათ ისიც უთხრათრასაც მასზე ფიქრობთ...

- დიახ, ასეა.  ხშირად მაკრიტიკებენ "იმედის" დარბევის შემდეგ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს გამო. არადა,  ეს იყო ინტერვიუ, სადაც პირველად დაისვა კითხვები გირგვლიანზე, ჟვანიას მკვლელობის ვერსიაზე, "ჩარეცხილებსა" და უამრავ დანაშაულზე, რაც კი ამ ქვეყანაში მომხდარა. როცა პოლიტიკოსი ხარ, შეგიძლია პრეზიდენტს პირდაპირ უთხრა, "შენ გარეშე არ მოხდებოდა ესა და ეს უბედურება".

ყვითელი პრესა წერდარომ გადაცემის მომზადებისთვის ყოველთვიურად 30 თუ 45 ათასი ლარი გერიცხებოდათიქნებ ახლა მაინც გაგვიმხილოთრა ანაზღაურება გქონდათ და როგორ დასჯერდებით იმ სამი ათას ლარსრომელსაც იმ შემთხვევაში მიიღებთთუ საკრებულოს თავმჯდომარედ აგირჩევენ?

- მაღალი ხელფასი იმიტომ მქონდა, რომ  ვამზადებდი მაღალრეიტინგულ გადაცემებს, რომელთაც 20-25-წუთიანი სარეკლამო ჩართვა ახლდა. ე.ი. დიდი შემოსავლის მომპოვებელი ვიყავი კერძო სტრუქტურისათვის და შესაბამისად, მაღალი ანაზღაურებაც მქონდა. პოლიტიკაში მოწოდების და არა ხელფასის გამო ჩავერთე, რადგან ახლა დიდ პოლიტიკურ გამარჯვებებს ვგეგმავ. ამ მიზნის მიღწევაა ჩემთვის მთავარი. ისე კი 2.500 ლარით ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელი სულაც არ არის.

დიდ პოლიტიკურ გეგმებში რა იგულისხმება?

- ის, რომ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად "სახლში" თუ არ წავა,  ოპოზიციაში მაინც აღმოჩნდება. ამას ვგულისხმობ.

ინგა რევანშისთვის ემზადება?

- ეს იქნება პასუხი ყველაფერზე, რასაც   ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ. ერთ დროს  მიშას ძალიან უყვარდა ჟურნალისტები და დემოკრატიის სახელით ლაპარაკობდა,  თუმცა აღარ მოვყვები, 2003 წლიდან როგორ "დემოკრატიულად" განვითარდა პროცესები.