"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქართველი ბიზნესმენებისა და ყოფილი ჩინოვნიკების უმეტესობას მოულოდნელად გაუჩნდა "დაუძლეველი სურვილი" საკუთარი ქონება სასწრაფოდ გაეჩუქებინათ და ის მაინცდამაინც მთავრობისათვის ეჩუქებინათ.
ვინც ეს არ მოინდომა, ხელისუფლებამ სურვილის აღსაძვრელი სპეციალური "რეცეპტი" გამოუწერა, - ამა თუ იმ ბრალდებით სასურველი ქონების მფლობელები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ბევრმა უსიტყვო მორჩილებას ციხეში ჯდომა არჩია, ბევრიც ქვეყნიდან წავიდა, უმეტესობას კი ქონება "კანონის ძალით" წაართვეს. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ "ნაჩუქარ" თუ წართმეულ ქონებას ყოველთვის გამოუჩნდებოდა კლიენტი, ან ბოლოს და ბოლოს, უცხოელ ინვესტორებს მიასაღებდნენ, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ბევრმა ინვესტორმა საქართველოში ინვესტიციის დაბანდება გადაიფიქრა...
მაშინ ხელისუფლებამ ახალი კანონი გამოაცხო - "წართმეული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ". ერთი სიტყვით, შერჩა ამდენი ქონება ხელისუფლებას. ბოროტი ენები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც წართმეული ნადავლის გაყიდვა გაჭირდა, ხელისუფლებას კიდევ ერთი "ბრწყინვალე აზრი" დაებადა.
კონფიდენციალური ინფორმაციით, ამა თუ იმ სტრუქტურის დაბალი რანგის ჩინოვნიკებს მითითება მისცეს, რომ შერისხული ბიზნესმენების ადვოკატებისა თუ ახლობლებისთვის ფრთხილად, შეფარვით, ჩამოეგდოთ სიტყვა წართმეული ქონების შეღავათიან ფასად ისევ ძველი მეპატრონისთვის მიყიდვაზე,(?!) ოღონდ ოფიციალური მყიდველი "პადსტავნოი" პირი უნდა ყოფილიყო.
დავით როგავა, ბიზნესმენი: - მას შემდეგ, რაც ახალაიებს არ დავუთმე ზუგდიდის უნივერმაღი, რომელშიც ნახევარი მილიონი დოლარი მქონდა გადახდილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ვითომ უნივერმაღი თაღლითურად, მაქინაციებით ჩავიგდე ხელში და "კანონის ძალით" წამართვეს. სამართალი რომ ვერსად ვიპოვე, ქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე. უნივერმაღი რამდენჯერმე გაიტანეს აუქციონზე, მაგრამ ამაოდ. ცოტა ხანში სანდო ხალხის პირით შემომითვალეს, შენივე უნივერმაღს შეღავათიან ფასად მოგყიდითო.
ვისი პირით შემოგითვალეს?
- ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს ისე გააკეთეს, ამ იდეის მთავარ ინიციატორს ვერაფერში დასდებ ბრალს. იტყვი რამეს, ვინმეს დაასახელებ და შარში გახვევ იმ საცოდავს, როგორც ხდება, ჯოხი დაბალ ღობეზე ტყდება.
მაინც რამდენად?
- არც ყოფილა მაგ საკითხზე ლაპარაკი, რადგან მე ინტერესი არ გამომიჩენია. ჩემი უნივერმაღი, რომელსაც ისედაც დავიბრუნებ (საქმე სტრასბურგის სასამართლოში მაქვს გასაჩივრებული), ხელახლა რატომ უნდა ვიყიდო?
ქიბარ ხალვაში: - ოფიციალურად არ მოუმართავთ. რატომ უნდა ვიყიდო თავიდან ის, რაც ისედაც ჩემია და რასაც უკან მაინც დავიბრუნებ. დღეს არა, ხვალ მაინც.
ხომ არ ნანობთ, რომ ხელისუფლების მოთხოვნა არ შეასრულეთ და გარიგებას არ დათანხმდით?
- ერთი წუთითაც არ მინანია. ჩემთვის ღირსება ყოველგვარ ქონებასა და მილიონებზე მეტია. ერთი მხრივ, ბედნიერი კაცი ვარ, ეს გამოცდა იყო და არ ჩავჭრილვარ - მე კაცობა ვარჩიე. ახლა ვფიქრობ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ხელისუფლებასთან გარიგებაზე რომ წავსულიყავი.
ფუი ეშმაკს! ვინ იცის, რის გაკეთებას შემომთავაზებდნენ. მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ ჩვენი ხელისუფლების სიტყვის ფასი კაპიკია, ხვალვე დაარღვევენ პირობას. მაგათი სიტყვა რომ სიტყვა იყოს, გერმანიაში კი არ ვიქნებოდი გახიზნული, არამედ ჩემს სამშობლოში ვიცხოვრებდი. კარგად ვიცი, რომ ჩემი ქონებით ახალაიას "მეგობრები" სარგებლობენ, - "არტიდან" წაყვანილ მანქანებს ამუშავებენ.
მინდოდა ჩემი შვილები საქართველოში, ქართულ გარემოში გამეზარდა. ახლა მოკლებული ვარ ამ სიამოვნებას, მაგრამ ადრე თუU გვიან, ყველას დამსახურებისამებრ მიეზღვება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.