უგულავას უჩვეულო პიარაქციებმა საზოგადოების ყურადღება კარგა ხანია მიიპყრო. გასულ კვირას თბილისის მერი ხან ხაბაზის, ხან ყასბის, ხანაც "ზაპრავშიკის" როლში მოგვევლინა და დედაქალაქის "აღმშენებლობაში" თავადაც მიიღო მონაწილეობა...
განცდილი მარცხი რომ არა, არავინ იცის, მერობის კანდიდატს კიდევ რას უკარნახებდა ფანტაზია, მაგრამ გასულ კვირას პიარაქციისთვის განკუთვნილ სიუჟეტში თბილისის მერის "ყველაზე უფრო ცუდი მომავლის" "მოდელირების" ელემენტები გაიპარა: სად იყო და სად არა, ავტოგასამართ სადგურზე ე.წ. "7 ნოემბრის აქტივისტი" დაჩი ცაგურია წარსულის გადმონაშთივით გამოჩნდა და უგულავას კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტები, ხალხის დარბევის დროს გაკეთებული განცხადებები, ზონდერბრიგადების არსებობა და ბევრი სხვა არასასიამოვნო თემა შეახსენა.
დაბნეულობისგან უგულავას სიტყვა "მახსოვს" წამოსცდა, რაც ერთგვარად აღიარებას დაემსგავსა. დედაქალაქის მერმა ისღა მოახერხა, რომ მის "სათამაშო მოედანზე" მოულოდნელად შეჭრილ ცაგურიას ხელი ჩამოართვა და მასაც, წინა კლიენტების მსგავსად, "ბედნიერი მგზავრობა" უსურვა. ცაგურიამ დაბნეულ მერს იქვე ნერვებისმომშლელად "ჩაურაკრაკა", იმედი მაქვს, სამუშაოდ მანდ დარჩებიო.
მომხდარის გამო ინტერნეტფორუმებზე უგულავას მხარდამჭერები აღშფოთებას, მოწინააღმდეგეები კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
დაჩი ცაგურია: - იმ ავტოგასამართ სადგურთან ჩემი მისვლა, სადაც უგულავა იმყოფებოდა, შემთხვევითი სულაც არ იყო. სახელისუფლებო წრიდან ერთმა ძალიან ცნობილმა პირმა მომაწოდა ინფორმაცია უგულავას ადგილსამყოფელზე და მეც იქვე გავჩნდი. თავდაპირველად იმ კაცის ნათქვამი ხუმრობა მეგონა, შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ ხელისუფლებაში მართლაც განხეთქილებაა. შეიძლება ისე დაერიონ ერთმანეთს, რომ ჩვენი გასაშველებელი შეიქნენ.
თაბუკაშვილის ქუჩაზე ხალხის სახლიდან გამოყრა სწორედ უგულავას სინდისზეა. ჩვენც კარგად გვახსოვს, თბილისელებს ბინების ფანჯრებიდან ნივთებს გარეთ როგორ უყრიდნენ. უგულავამ ჭავჭავაძის პროსპექტზეც, ყოფილ სახანძროსთან, სხვისი კერძო საკუთრება ხელაღებით დაანგრია და ახლა იმავე ადგილას თავის ამფსონებთან ერთად სხვადასხვა სახის ბიზნესს აკონტროლებს. მაAთ შორის ლატარიის გამთამაშებელ კომპანიასაც, რომელიც ხალხს ყვლეფს.
სწორედ უგულავასთან, მერიაში უყრიდნენ თავს ზონდერებს აპრილის აქციების დასარბევად. ყველა მათგანის სახელები და გვარები კარგად ვიცით. მერიაში წყდებოდა, სად და რომელ სადარბაზოში უნდა დახვედროდნენ მიტინგებიდან შინ წასულ მოქალაქეებს. იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა თვალწინ ესხმოდნენ თავს, ისინი კი არაფერს აკეთებდნენ.
რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს 7 ნოემბერიც, უგულავამ ჩვენზე უკეთ იცის, რა გაუკეთებია და რა - არა. ამიტომაც დაიბნა. იმ მოკლე დროში, ვიდრე ათი ლარის ბენზინი ჩავიდოდა მანქანაში, მერს ვუთხარი ყველაფერი ის, რაც მოვასწარი. ყველამ დაინახა, როგორია სინამდვილეში უგულავა, როცა ის სიმართლის პირისპირ დგას. უკვე წარმომიდგენია მისი სახის გამომეტყველება, როცა გამომძიებელს ყველა დანაშაულზე აღიარებით ჩვენებას მისცემს. როცა უგულავამ მანქანის ავზიდან საწვავის პისტოლეტი ამოიღო, სად წაეღო, აღარ იცოდა. მართალია, კინოფილმ "ჭირვეულის მორჯულების" "ზაპრავშიკივით" ბენზინით არ მოუწუწავს ყველაფერი, მაგრამ მუშაობის ხალისი ნამდვილად გაუქრა.
ფეისბუქზე დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა იმის გამოც, რომ უგულავამ ბენზინი ჩაგისხათ და ქვითარი არ მოგცათ.
- ცოტა ბენზინიც დამაკლო, არ მომცა ქვითარიც, არადა, ამისთვის რიგითი მოკვდავები ჯარიმდებიან. საგადასახადოდან გზავნიან ხოლმე თანამშრომლებს ასეთი ფაქტების გამოსააშკარავებლად, უგულავას კი ამ კანონდარღვევისთვის პასუხს არავინ სთხოვს. არადა, ყველაფერი ტელეკამერითაა დაფიქსირებული. მოვითხოვ, ამ ფაქტით ფინანსური პოლიცია და საგადასახადო ინსპექცია დაინტერესდნენ!
მომხდარის შემდეგ თქვენზე ბევრი შეურაცხმყოფელი რამ ითქვა ინტერნეტსივრცეში. ტელეფონითაც ხომ არ დაგმუქრებიან?
- არა, არავის დაურეკავს. ინტერნეტფორუმებზე იწერება, რომ თურმე "დასარბევი კი არა, დასაბრედი ვარ". როცა ლევან ყუბანეიშვილს ემუქრებოდნენ, პოლიციამ მაშინვე "ფაქტის გამოძიება" დაიწყო და "დამნაშავე" დაიჭირა, რომელიც ახლაც სასჯელს იხდის. ჩემს შემთხვევაში კი ეს არავის უცდია. ინტერნეტფორუმებზე თავხედობასა და უზრდელობასაც მაბრალებენ, მაგრამ უგულავასთვის არც ერთი ცუდი სიტყვა არ მითქვამს.
უზრდელობა იცით რა იყო?! გიგი უგულავა რომ გაიძახოდა, ფეხებს დაგამტვრევთ სუყველასო. მერს მოქალაქეებთან ასე ლაპარაკის უფლება არა აქვს. აგრესიული და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ავტორები ისინი არიან, აქციებზე რომ გვარბევდნენ, თავს გვესხმოდნენ, ვითომ ხან ტაქსისტები იყვნენ, ხანაც მენაგვეები. ეს ე.წ. ზონდერები სოდ-ის ან კუდ-ის თანამშრომლები ან პარტიული აქტივისტები იყვნენ, ახლაც ხელფასებს იღებენ და არიან "ცუციკებივით". მათ გასაგონად ვამბობ: თქვე უბედურებო, თავი დასაქმებული რომ გგონიათ, ჩამთავრდება არჩევნები და მაგ ოფისებიდანაც გამოგყრიან.
ის ფული, რომელსაც დღეს სამოწყალოდ იღებთ, ისევ თქვენი ჯიბიდანაა წაღლეტილი. აფთიაქში წამალს რომ ყიდულობთ იმაზე ძვირად, ვიდრე ის ავსტრიაში იყიდება, ეს თქვენი ჯიბიდან ფულის წაგლეჯა არ არის?! 1 ლიტრ ბენზინს ორმაგ ფასად რომ ყიდულობთ, განა ეს გადაყრილი ფული არ არის?! ნუთუ არ იცით, რომ ყველა ამ ბიზნესს ხელისუფლება აკონტროლებს? კარგად დაითვალეთ, წლის განმავლობაში ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარების საფასურად რამდენი გადაიხადეთ, რამდენად ძვირია ეს რეალურ ფასზე და მერე მითხარით, გყვლეფთ თუ არა ხელისუფლება.
უგულავა ტელეკამერების წინ დიდი ხანია კეკლუცობს, ახლა კი ზედმეტი მოუვიდა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ "უგულავა ვეღარ იგულავებს" და იქ გავჩნდებით, სადაც მსგავს აქციას ჩაატარებს.