შესანიშნავი სამეულის სამდღიანი არდადეგები უკრაინელებს დღემდე ახსოვთ. სააკაშვილი, იუშჩენკო და დეპარდიე 2009 წლის შობას უკრაინაში, კარპატისპირეთის საპრეზიდენტო აპარტამენტებში შეხვდნენ. თურმე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ ფრანგ მსახიობთან და საშობაოდ თავისთან მიუწვევია. იუშჩენკოსა და სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ კი ყველას კარგად მოეხსენება.
ჩვენი პრეზიდენტისა არ იყოს, დეპარდიეს ძალიან ჰყვარებია თხილამურებით სრიალი და იმედი ჰქონდა, რომ კარპატისპირეთში ამის შესაძლებლობა ექნებოდა, მაგრამ არ გაუმართლა, იმ დროს უკრაინაში უთოვლო ზამთარი ყოფილა. რადგან თხილამურებზე სრიალი არ გამოვიდა, იუშჩენკომ, სააკაშვილმა და დეპარდიემ გადაწყვიტეს იმ დღეს უკრაინული ღვინოები დაეჭაშნიკებინათ და კარგადაც შეზარხოშებულან. ფრანგი მსახიობი აღტაცებას ვერ მალავდა ყირიმის ვენახებში მოწეული ყურძნის ნაჟურით. გადარეულა სააკაშვილი, თქვენ ეტყობა ჩვენებური "რქაწითელი" და "ქინძმარაული" არ დაგილევიათო და საქართველოში დაუპატიჟებია.
სტუმრობის მეორე დღეს, პრეზიდენტებმა დეპარდიე ადგილობრივი წარმოების საშობაო ბაზრობაზე წაიყვანეს და უკრაინული ხელნაკეთობები დაათვალიერებინეს. ფრანგი მსახიობი განსაკუთრებით ხელით მოხატული თიხის ჭურჭლით მოხიბლულა. გადარეულა სააკაშვილი, ეგ რა არის, ხელით მოხატული თიხის ჭურჭელი ჩვენთან, საქართველოში, უნდა ნახოთო და კიდევ ერთხელ შეუხსენებია ფრანგი მსახიობისთვის, დაპატიჟებული ხართ ჩემს ქვეყანაშიო. ისე, ბედი არ გინდა, დეპარდიეს უკრაინელები თურმე ვერ ცნობდნენ და აინუნშიც არ აგდებდნენ. იუშჩენკოსა და სააკაშვილს კი გასაქანს არ აძლევდნენ, ზოგს მათთან ფოტოს გადაღება სურდა, ზოგიც ავტოგრაფს ითხოვდა. დეპარდიეს იმდენი თიხის ჭურჭელი უყიდია თურმე ბაზრობაზე, რომ დაცვის წევრები ჩანთების თრევით ლამის წელში გაწყვეტილან. თუმცა, თიხის ჭურჭელი ერთადერთი შენაძენი არ იყო, რასაც იმ წელს დეპარდიემ უკრაინაში გამოჰკრა ხელი. ყირიმში რამდენიმე ვენახი შეუთვალიერებია, დაახლოებით 200 ჰექტარი და ყიდვა გადაუწყვეტია. მანამდე ხუთი ექსპერტიც ჩაუყვანია ვენახების სანახავად და ადგილობრივი ღვინის შესაფასებლად.
თუმცა, სასურველი შენაძენის გაკეთებაში დეპარდიეს ადგილობრივი კანონმდებლობა უშლიდა ხელს - უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნაყოფიერი მიწების მხოლოდ მრავალწლიანი იჯარით აღება შეეძლოთ. განაწყენებულა დეპარდიე, ასეთ პრობლემას უწინ მაროკოშიც წავაწყდი, მაგრამ ბიზნესში ყოველთვის მიმართლებს, რადგან ძლიერნი ამა ქვეყნისა ჩემი მეგობრები არიანო და მათ შორის ჟაკ შირაკი, ფიდელ კასტრო და სილვიო ბერლუსკონი დაუსახელებია... გადარეულა სააკაშვილი, ამათ რას ეხვეწები, ჩამოდი ჩემთან და იმხელა ვენახებს გაყიდვინებ, იქ მოწეული ყურძენი მთელ შენს ჯიშ-ჯილაგს ეყოფაო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, იუშჩენკოსთან მეგობრობით ეს პრობლემაც მოგვარებულა და დღეს დეპარდიეს უკრაინის ვენახებში საუკეთესო ჯიშის ყურძენი მოჰყავს.
ახლა კი, როცა დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, უკრაინელი ოპოზიციონერები წყენას ვერ მალავენ: ეგ ძონძროხა ლეში ჯერ "ნარინჯისფერებს" უჭერდა მხარს, ახლა კი ოდას დიქტატორებს უმღერისო. ე.ი. დეპარდიემ უკრაინულ და ქართულ ღვინოებს რუსული "ვოდკა" და "გარშოკი" ამჯობინაო...