რატომ არ ისურვა სტალინმა პეტრე პირველის ქართველობის სამზეოზე გამოტანა

რატომ არ ისურვა სტალინმა პეტრე პირველის ქართველობის სამზეოზე გამოტანა

რუსეთის ისტორიაში პეტრე პირველი აღიარებულია უძლიერეს მეფე-იმპერატორად, ასევე უპირველეს სახელმწიფო მოღვაწედ და სარდლად. იგი იყო მეფე ალექსეი მიხაილოვიჩის ერთადერთი ვაჟიშვილი მეორე ქორწინებიდან (ნატალია ნარიშკინასგან).

სახელი პეტრე ბერძნულად ნიშნავს კლდეს (როგორც ცნობილია, პეტრე, ანუ კლდე ზედწოდება გახლდათ იესო ქრისტეს უახლოეს მოწაფე სიმონისა. სიმონმა ეს წოდება თვით იესოსგან მიიღო). ამდენად, სახელი პეტრე ღვთიური მადლით იყო ცხებული.

პეტრე პირველი თავადაც კლდესავით მაგარი და მტკიცე იყო, გამჭრიახი. გარშემო შემოკრებილი ჰყავდა ნიჭიერი, ერთგული მოღვაწენი, რომელთა შორის ერთ-ერთი გახლდათ ქართველი ბატონიშვილი ალექსანდრე, არჩილის ვაჟი. იგი თან ახლდა პეტრე პირველს საზღვარგარეთ, თავის დროზე შესაფერის განათლებამიღებულს არ გასჭირვებია რუსული არტილერიის პირველი სარდლის პოსტზე დგომა.

რუსეთის დიდ იმპერატორზე სხვადასხვა ჟანრის არაერთი ნაწარმოები, წიგნი და მონოგრაფია შეიქმნა. მხატვრულ ნაწარმოებთა შორის გამორჩეულია რუსი მწერლის, ალექსეი ტოლსტოის რომანი-ეპოპეა "პეტრე პირველი". თავის დროზე ეს ნაწარმოები რუსულ მწერლობაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიარეს. რომანში ავტორი ცდილობს რუსი ხალხისა და რუსეთის სახელმწიფოებრიობის საიდუმლოებათა ამოხსნას. რომანი-ეპოპეა ორ წიგნად გამოიცა გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, მესამე წიგნი კი მწერალს დაუმთავრებელი დარჩა.

პირველი წიგნი მოიცავს ეპოქას  პეტრეს ბავშვობიდან დავაჟკაცებამდე.

ჩვენთვის საინტერესოა პეტრეს ბიოგრაფიის ზოგიერთი მომენტი, კერძოდ, მისი გენეტიკური წარმომავლობა. რომანში ეს ე.წ. საიდუმლოება გახსნილი არ არის. გავრცელებული ვერსიით, რუსეთის მეფე ალექსეი მიხაილოვიჩის პირველი მეუღლე უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა. პირველ ქორწინებაში შეძენილი ვაჟები სნეულნი იყვნენ, 41 წლის მეფეს კი ჯანმრთელობა გაუუარესდა და ღრმად მოხუცს ჰგავდა.

სამეფო ტახტს შთამომავალი არ ჰყავდა, ამიტომ პატრიარქ ნიკონის დაჟინებული მოთხოვნით, მეფე მეორედ დაქორწინდა 20 წლის თავადის ასულ ნატალია ნარიშკინაზე. ნატალიასთან, მის რუსეთის დედოფლად გახდომამდე, "მეგობრობდა" ახალგაზრდა ქართველი უფლისწული ნიკოლოზი (ერეკლე). იგი კახთა მეფე თეიმურაზ I-ის ვაჟის, დავითის ძე იყო. პაპამ, თეიმურაზმა რუსეთის მეფის კარზე გაგზავნა. იქიდან დაბრუნებული ჯერ ქართლში მეფობდა, შემდეგ კახეთში (ერეკლე II), ბოლოს კი შაჰის სარდალიც გახდა და ნაზარალი-ხანი უწოდეს.

რადგან რუსეთის მეფეს შთამომავალი აღარ ეყოლებოდა, პატრიარქ ნიკონის "არჩევანი" სწორედ ქართველ ბატონიშვილზე შეჩერდა - ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავალს უნდა "გადაერჩინა" რუსეთის სამეფო ტახტი უძეობისგან. პატრიარქ ნიკონის აზრით, ეს იყო პოლიტიკური თვალსაზრისით გადადგმული აუცილებელი ნაბიჯი. ამგვარად, ქვეყანას მოევლინა რუსეთის ყველა დროის უდიდესი იმპერატორი, რომლის ძარღვებში ქართველ ბაგრატიონთა სისხლი ჩქეფდა. თუმცა, ცნობილი არ არის, იცოდა თუ არა თავად პეტრე პირველმა თავისი წარმომავლობის საიდუმლო.

გავიხსენოთ ალექსეი ტოლსტოის რომანიდან ერთი ეპიზოდი:

"როდესაც მეფე ალექსეი მიიცვალა, პატრიარქმა ნიკონმა ყველას გასაგონად გამოაცხადა: "ვიგლოვოთ, დიდებულებო", შემდგომ კი მრავალრიცხოვან შეკრებილთ მიმართა: "მეფის ძეთაგან რომელი აბრძანდეს ტახტზე". არჩევანი დადგა: პეტრე თუ ივანე? უმეტესობა პეტრეს ირჩევდა, არავის უნდოდა ჭკუასუსტი ივანეს მეფობა.

თუმცა მრისხანებას ვერ ფარავდა მეფის ასული სოფიო, რომელსაც სძულდა დედინაცვალი, რუსეთის დედოფალი ნატალია ნარიშკინა. მან მოუწოდა თავის მომხრეთ: "ნუ შეშინდებით, შუბის წვერზე ააგეთ ჩემი მტრები, ნარიშკინები! ნუ შეშინდებით და ტახტიდან ჩამოაგდეთ ის ბიჭი (ე.ი. პეტრე, მისივე ნახევარძმა), იმ ძუკნის ლეკვი".

ამგვარად, უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი: ვინ აეყვანათ სამეფო ტახტზე. ერთის დედა ნარიშკინის ქალი იყო, ხოლო მეორის - მილოსლავსკისა. ივანეს მომხრეთა მხრიდან გაიძახოდნენ: "რაზმის უფროსები მოგვეცით. ჩვენ თვითონ განვსჯით... სამრეკლოდან დავუშვებთ თავდაყირა, - გაჰყვიროდნენ მოსულები და მრისხანებდნენ, - რას ფიქრობდნენ ზევით დიდებულნი? რად დაგვინიშნეს მეფედ პაწია პეტრე, ნარიშკინების ბუში?"

თუმცა კი ჭკუასუსტ ივანეს ყრმა, მაგრამ ჯანსაღი პეტრე არჩიეს...

ეს ამონარიდები რომანიდან მრავლისმეტყველი დეტალებია და იქნებ სწორედ აღნიშნულმაც გაამყარა ის გახმაურებული ვერსია, რომლის მიხედვით, პეტრე პირველი წარმომავლობით ქართველი ბაგრატიონია.

აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად შემთხვევით ერთ მეტად საინტერესო ფაქტს წავაწყდით. გასული საუკუნის 80-იან წლებში კურორტ ჯავის სანატორიუმში ვისვენებდით, სადაც გავიცანი მუსიკათმცოდნე, პროფესორი პავლე ხუჭუა. მან ქართველთა ერთ ჯგუფს აი, რა "გაგვიმხილა":

"მოსკოვში, ასპირანტურაში რომ ვსწავლობდი, ერთი რუსი ინტელიგენტის ოჯახში მოვხვდი. იქ მოწვეულ მწერალთა და ხელოვანთა შორის აღმოჩნდა ცნობილი რუსი მწერალი ალექსეი ტოლსტოი.

მწერალმა ყველას გასაგონად და გულღიად განაცხადა: - რომან "პეტრე პირველზე" მუშაობისას მოვიძიე უამრავი საარქივო მასალა და ისტორიული დოკუმენტი, საიდანაც იკვეთებოდა აზრი, რომ პეტრე უნდა იყოს წარმოშობით ქართველი, ბაგრატიონთა შთამომავალი... მე მსურდა აღნიშნული მასალების რომანში გამოყენება. საამისოდ რჩევა-კონსულტაციისთვის მივმართე იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინს. მან გულდასმით მომისმინა და ბოლოს გადაწყვეტით მითხრა: "არ გირჩევთ ამ ფაქტების სამზეოზე გამოტანასო".

ამდენად, ალექსეი ტოლსტოის რომანში მხოლოდ ქვეტექსტებით თუ იგრძნობა, რომ პეტრე პირველი მეფე ალექსეის ღვიძლი შვილი არ არის.

საინტერესოა, რატომ აარიდა თავი რუსეთის მეორე პეტრე პირველად წოდებულმა სტალინმა ამ ფაქტის გამომზეურებას. ვინ იცის - საბჭოთა იმპერიის დიდ ბელადს არ უნდოდა კიდევ ერთი "დიდი ქართველის" - პეტრე პირველის ჩრდილში ყოფნა...