ცოტა ხნის წინ რუსთაველის თეატრში რამდენიმე სპექტაკლის მოხსნას ვნებათაღელვა მოჰყვა. ითქვა, რომ რობერტ სტურუამ ეს სპექტაკლები მოძველებულად ჩათვალა. მათ შორისაა მაყურებლის საყვარელი სპექტაკლი "მოხუცი ჯამბაზები". თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ სტურუამ თეატრში რეპრესიები დაიწყო. "კვირის პალიტრა" ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ რობერტ სტურუას დაუკავშირდა:
ამბობენ, თითქოს ანგარიშსწორებისთვის დაბრუნდით თეატრში.
- ვის უნდა გავუსწორო ანგარიში?!.. მსახიობები ძალიან მიყვარს და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიაში არიან. ვთქვი კიდეც, არ მაინტერესებს თქვენი პარტიულობა-მეთქი.
მოიხსნა თუ არა თეატრიდან სპექტაკლები, მაგალითად, "მოხუცი ჯამბაზები"?
- "მოხუცი ჯამბაზების" პეწი ის იყო, რომ ხანდაზმული მსახიობები თამაშობდნენ. როცა მედეა ჩახავას ნაცვლად შესანიშნავი მსახიობი მანანა გამცემლიძე თამაშობს, კიდევ მისაღებია, მაგრამ შემდეგ გარდაიცვალა ზინაიდა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე... თითქოს ხიბლი დაკარგა სპექტაკლმა, რადგან ეს იყო ჩვენი ღვაწლმოსილი მსახიობებისადმი ერთგვარი მიძღვნა. ასეთი ანშლაგებიც ამიტომ იყო. სპექტაკლი, ცოტა არ იყოს, დაძველდა. უნდა შეიყვანონ ახალი მსახიობები ზინაიდა კვერენჩხილაძის და გურამ საღარაძის ნაცვლად. მეჩვენება, რომ ეს უხერხულიც არის, რადგან ახალი გარდაცვლილები არიან.
ანუ სპექტაკლი მოიხსნა...
- მიმაჩნია, რომ უნდა მოიხსნას. ზნეობრივი თვალსაზრისითაც ეს უფრო მართებული იქნება. თუ მსახიობები დაიჟინებენ, გვსურს ვითამაშოთო, კი ბატონო, ითამაშონ.
ამბობენ, თითქოს სხვა სპექტაკლებიც მოიხსნა, მაგალითად, "მარიამ სტიუარტი"...
- "მარიამ სტიუარტი" ძველი სპექტაკლია. Mმე ვიღებდი მის დადგმაში მონაწილეობას. გოჩა კაპანაძეს თუ ძალიან უნდა, შეუძლია, სადმე სხვაგან დადგას ის, მე კი არ მომწონს, რადგან უკვე ძალიან დაძველდა.
მსურს, რაღაცები შევცვალო. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ორი წლის განმავლობაში მსახიობებმა ბევრი დააკლეს თავიანთ ოსტატობას... კიდევაც ვთქვი კრებაზე, რუსთაველის თეატრის მსახიობი რომ იყო, მხოლოდ წოდება არ კმარა-მეთქი... საბედნიეროდ, საქართველოში დავიბადე და ქართველი ვარ, მაგრამ თუ ავირჩიე რუსთაველის თეატრი, ამ თეატრის მოქალაქეც უნდა გავხდე და უნდა ვიმუშაო, პირობითად, "გრინ კარტა" მაინც რომ დავიმსახურო... ბევრმა მსახიობმა ჯერ "გრინ კარტაც" ვერ დაიმსახურა...
ცოტა ხნის წინ ხმაური მოჰყვა გრიგოლ ვაშაძის წერილს, რომელიც რუსეთის კულტურის მინისტრს მისწერა...
- ძალიან კარგად ვიცი, ჩვენი ბობოლა მთავრობის წევრები პუტინის მისაღებში რომ ისხდნენ და მასთან აუდიენციას უცდიდნენ, მაგრამ არ მიიღეს. ეს ბოლო პერიოდში ხდებოდა, როცა იგრძნეს, რომ შეიძლებოდა წაეგოთ. რაც შეეხება ვაშაძეს, ისედაც ყველაფერი ვიცოდი. ეს წერილი არ წამიკითხავს, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი. თუმცა ომის შემდეგ სამ თვეში თუ მისწერდა ასეთ წერილს, ვერ წარმოვიდგენდი.
ჩანს, ყოფილი მთავრობის წევრებზე უფრო მეტი იცით, ვიდრე ამბობთ...
- რატომ უნდა ვთქვა?!.. ვიტყვი, როცა საჭირო იქნება, ახლა არ მივიჩნევ მათ ამის ღირსად.
"ეტ სეტერას" თეატრში რჩებით?
- დიახ, როგორც ვიყავი... მალე არგენტინაში ვაპირებ წასვლას სპექტაკლის დასადგმელად, თუ ქართველებმა არ ჩამქოლეს და არ ჩამთვალეს არგენტინის შპიონად.
რუსთაველის თეატრში ამდენი საქმე რომ გაქვთ?
- ჩემი აზრით, დიდი შეცდომა ჩავიდინე, რუსთაველის თეატრში რომ დავბრუნდი.
წასვლა ხომ არ განიზრახეთ?
- არა, მოხვიდე-წახვიდე - სისულელეა. მაგრამ ვთვლი, რომ არ უნდა მოვსულიყავი. შესანიშნავად წავედი, არ ვუღალატე რუსთაველის თეატრის ტრადიციებს. სამხატვრო ხელმძღვანელებს სულ ყრიდნენ, სანდრო ახმეტელი დახვრიტეს კიდეც. მსახიობების ჯგუფი გადაასახლეს, შემდეგ თუმანიშვილი გააგდეს, ალექსიძე... მეც ისეთივე "ლოგიკით" გამიშვეს.
გოჩა კაპანაძე, რეჟისორი:
- თეატრში რობიკო სტურუამ გამოაკრა სია, თუ რა სპექტაკლები დატოვა რეპერტუარში.
როგორც რეჟისორს, არ გაგჩენიათ პრეტენზია?
- როცა საკითხი გადაწყვეტილია, რა პრეტენზია უნდა გქონდეს?!.. ბატონი რობიკოსთვის არ მიკითხავს, რატომ მოიხსნა სპექტაკლები. თეატრებში ასეთი რამ ხდება. თუმცა სპექტაკლს ხსნის მაყურებელი - თუ არ მოვა, უნდა მოიხსნას...
კახი კავსაძე, მსახიობი:
- თუ "მოხუცი ჯამბაზები" აღდგება, რა თქმა უნდა, ვითამაშებ. თუ მოძებნიან გურამ საღარაძის შემცვლელს... ეს გურამის ხსოვნასაც მიეძღვნება.
ბატონი რობიკოს მოსაზრებით, უხერხულია სპექტაკლის გაგრძელება, რადგან მსახიობები ახალი გარდაცვლილი არიან... თითქოს სპექტაკლმა პეწიც დაკარგა...
- ბევრი მსახიობი გარდაიცვალა და ესე იგი მათი შეცვლაც უზნეობა ყოფილა. თუ მხატვრულად მოძველდა სპექტაკლი და მაყურებელს აღარ უნდა, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის მისი აღდგენა, მაგრამ თუ მაყურებელს კვლავ სურს მისი ნახვა, უნდა აღდგეს. ვერ ვიტყვი, რომ სიამოვნებით ვითამაშებ, რადგან ამდენი მსახიობი გამოგვაკლდა, თუმცა ამ სპექტაკლით მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს.