ზოგიერთ სეგმენტში დაზღვევის აუცილებელი და სავალდებულო ხდება. ეს ეხება უცხო ქვეყნის ავტომობილებს, რომლებიც საქართველოში მოძრაობენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებს. სპეციალისტებს ზოგიერთი ინიციატივა უკვე აქედანვე არ მოსწონთ.
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა სავალდებულო ხდება. ასეთი ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე უკვე გაახმოვანა.
„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა იქნება სავალდებულო წესით დაზღვეული და ეს მოთხოვნა აუცილებლად აღსრულდება. ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის, ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის, თუ ქონების დაკარგვა სდევს თან.
ჩვენ ვმუშაობთ, რომ მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები. მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებული საქართველოში“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. იგი მიიჩნევს, რომ კომერციულ ნაწილში (მგზავრთა გადაყვანა, სატვირთო გადაზიდვები) სავალდებულო დაზღვევის შემოღება აუცილებელია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი გადამზიდავები იყვნენ რეგიონში კონკურენტუნარიანები, თუმცა მეორე მხრივ, ამ რეგულაციამ შესაძლოა, ტურისტების ავტომობილით გადაადგილება არაკომფორტული გახადოს.
„ეს არის დისკომფორტი, დამატებითი გადასახადი, რიგები ე.წ „სადაზღვევო ჯიხურებთან“ და მოცდენილი დრო“, - ვასო ურუშაძე ამ ფაქტორების გათვალისწინებით ტურისტების უკმაყოფილების მაჩვენებლის გაზრდას ვარაუდობს, რაც ქვეყნის ინტერესში არ შედის - ჩვენ ვართ ორიენტირებული ტურისტების მოზიდვაზე, რომ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ქვეყანაში მოგზაურობისას. კმაყოფილი ტურისტი ნიშნავს მომავალში მეტ ტურისტს, მეტი ტურისტი ნიშნავს მეტ შემოსავალს და ა.შ“.
ის მთავრობას ამ კატეგორიის მგზავრებისთვის დაზღვევის შემოღების აუცილებლობის გასამყარებლად დამაჯერებელი სტატისტიკის წამოდგენას სთხოვს - რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და რა ზარალი მიაყენა სახელმწიფოს იმ ტურისტებმა, ვინც დაზღვევის გარეშე გადაადგილდებოდა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს უბრალოდ ვიღაცის ბიზნეს ინტერესებია და მეტი არაფერი“, - აღნიშნა „ჯიბისისთან“ Hub Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
სადაზღვევო სიახლეები ამით არ ამოიწურება. ამასთან, პრემიერ–მინისტრის განცხადებით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონშიც ცვლილებები შედის, რომლის მიზანია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი მოვლენების დროს, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას, მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის უფრო მეტად დაცვა და მიყენებული ზარალის პრევენცია.
„ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ, შემოგვაქვს ცვლილება - სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.