გადასახადების გაზრდის შესაძლებლობა ინვესტორებს დააფრთხობს

გადასახადების გაზრდის შესაძლებლობა ინვესტორებს დააფრთხობს

კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით დებატები არ წყდება. ხელისუფლება ბოლომდე თავადაც ვერ ჩამოყალიბებულა უნდა გააუქმოს თუ არა ნორმა, რომელიც მოსახლეობას და ბიზნესს გადასახადების გაზრდისგან იცავს. შესაბამისად, საბოლოო ვერდიქტი ჯერ უცნობია.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, კონსტიტუციის 94-ე მუხლის გამო ინვესტორები მშვიდად არიან. ირაკლი კოვზანაძეს საკონსტიტუციო ნორმასთან დაკავშირებით სერიოზული და მასშტაბური განხილვა არ მოუსმენია და არც თავად ჰქონია.

„ვფიქრობ, ეს მუხლი ამშვიდებს ინვესტორებს და იგი ნიშნავს, რომ გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. კონსტიტუციის 94-ე მუხლი ინვესტორებს მოსწონს, თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს“, - განაცხადა კოვზანაძემ და დასძინა, რომ მას არ მოუსმენია არგუმენტები, თუ რატომ უნდა ამოიღონ აღნიშნული მუხლი კონსტიტუციიდან.

სწორედ ინვესტორებისა და მათ მიერ განხორციელებული კაპიტალდაბანდების შემცირების რისკს ხედავს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი მიხელ ჭელიძე 94-ე მუხლის გაუქმებასთან დაკავშირებით. მისი აზრით, თუკი გადასახადები გაიზრდება, ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანობასთან ერთად იმ ინვესტიციებსაც დაკარგავს, რომლებიც ახალი საწარმოების შექმნას უნდა მოხმარდეს.

„ბიზნესი არ არის მომხრე, გატარდეს რამე სახის ცვლილება და გაუქმდეს 94-ე მუხლი. ის მნიშვნელოვანია დაცვის თვალსაზრისით. ვიღაცას გადასახადის გაზრდა მოუნდება და ამას სისრულეში მოიყვანს, ბიზნესი პირდაპირ რეაგირებს მსგავს ნაბიჯზე. შემიძლია იმის თქმა, რომ კარგი საგადასახადო მოდელი გვაქვს და სხვა ქვეყნებს თუ შევედრებით, კონკურენტუნარიანობით ნამდვილად გამოვირჩევით.

ამ და სხვა რიგი მიზეზების გამო შეიძლება ჩამოვიდეს ინვესტორი ჩვენთან, დაიწყოს ბიზნესი და ჩვენც თუ ისეთივე გადასახადებს დავახვედრებთ, როგორიც საკუთარ ქვეყანაში აქვს, უარს იტყვის ინვესტიციის ჩადებაზე“, - განაცხადა ჭელიძემ.

ეკონომისტები და ანალიტიკოსებიც ცალსახად ემხრობიან კონსტიტუციაში ჩანაწერის დატოვების იდეას. თანაც არ არსებობს გარანტია, რომ გადასახადების გაზრდისგან მიღებულ დამატებით საბიუჯეტო შემოსავალს მთავრობა მიზანმიმართულად და სწორად გამოიყენებს.

როგორც ეკონომისტი ირაკლი ყიფიან აღნიშნავს, 94-ე მუხლი ერთგვარი პრევენციაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ნაკლები ფული გაფლანგოს.

„ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის არსებობა ერთგვარი პრევენციაა, რომ მთავრობამ ფული არ გაფლანგოს. მე არ მაქვს საუბარი მხოლოდ ამჟამინდელ მთავრობაზე, რადგან ფულის გაფლანგვას ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში, ახლაც აქვს და მომავალშიც შესაძლოა, ჰქონდეს. მაგალითად, ოთხი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროში 200 მილიონი ლარი ხვნა-თესვის მიმართულებით გაიფლანგა, რაც ხელისუფლებამ აღიარა. იგივე მოხდა საყოველთაო დაზღვევის საკითხშიც, სადაც ასევე ფულის გაფლანგვას ჰქონდა ადგილი.

ხელისუფლებამ ვითომდა გადასახადების ლიბერალიზაცია დაიწყო, თუმცა ამის ხარჯზე აქციზის გადასახადი გაზარდა. ამ ხელისუფლების პირობებში, კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი რომ არ ყოფილიყო, იყო ალბათობა, რომ სხვა ტიპის გადასახადებიც გაზრდილიყო. შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლმა დაგვიცვა“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ ირაკლი ყიფიანმა.

მას ნაკლებად აქვს მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება გაზრდილ საბიუჯეტო სახსრებს სწორად დახარჯავს და არამიზნობრივად არ გამოიეყენებს.

„პირადად მე იმის მოლოდინი არ მაქვს, ხელისუფლებას მეტი ფული რომ მივცეთ, სწორად დახარჯავს და არ გაფლანგავს. ამდენად, კონსტიტუციის 94-ე მუხლის ამოღება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას უფლება მივცეთ, ფლანგოს იმაზე მეტი, ვიდრე დღეს ფლანგავს. თუ არ გვინდა რომ ეს ასე მოხდეს, მაშინ აღნიშნული მუხლის კონსტიტუციიდან ამოღებას მხარი არ უნდა დავუჭიროთ“, - აღნიშნავს ყიფიანი.