"ლობისტების ომი საქართველოსთვის"

ბოლო დროს ხელისუფლებაში გამალებული დანიშვნა-გადადგომების ფონზე საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ამ თემით დავიწყეთ საუბარი ექსპერტთან კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან:

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთმა მხარი არ  დაუჭირა საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასრომელიც გულისხმობს დევნილთა დაბრუნების გრაფიკის შედგენასა და დაბრუნების შემდგომ დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნასრატომ აქვს სომხეთს ასეთი პოზიცია მუდმივად?

- საერთაშორისო ორგანიზაციებში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს სომხეთი არასოდეს უჭერს მხარს, რადგან თვითონაც აქვს ასეთივე პრობლემა აზერბაიჯანთან. თუ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას მხარს დაუჭერს, აზერბაიჯანი დასვამს კითხვას, - თუ ქართველი დევნილები უნდა დაუბრუნდნენ საცხოვრებლებს, რატომ არ უნდა დაბრუნდნენ აზერბაიჯანელი დევნილები ყარაბაღში? ზოგიერთმა ქვეყანამ, რომელთაც საზღაურის აღების შემდეგ აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, უარი თქვა შეერთებოდნენ ამ ხელმოწერას. რეზოლუციას ასევე მხარი არ დაუჭირა სერბეთმა, რომელიც რუსეთის გავლენაშია მოქცეული. ძირითადად, რუსეთთან დამეგობრებულ-დაკავშირებულმა ქვეყნებმა თქვეს უარი რეზოლუციის მხარდაჭერაზე. ეს არის არა იდეოლოგიური, არამედ ფინანსურ-პოლიტიკური მოტივით ნათქვამი უარი.

საქართველოს საკითხზე მწვავე დებატები გაიმართა  ევროპარლამენტშიცსადაც განიხილეს ხელისუფლების სანქციებიდაწესებული მთავარი ოპონენტისბიძინა ივანიშვილისთვისდებატებს კულუარებში ლობისტების ომიც კი უწოდეს.

- როგორც ჩანს, დებატებისთვის ორივე მხარის ლობისტებმა კარგად იმუშავეს. ევროპარლამენტში ამ საკითხზე 12 კაცი გამოვიდა. ნაწილი ნეიტრალური იყო, ნაწილი - "ქართული ოცნების", ნაწილი კი ხელისუფლების მხარეს. ხელისუფლებას მხარს უჭერდნენ ევროპული "სახალხო პარტიის" წევრები (მათ შორის - ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისიც), მათ წინააღმდეგ კი გამოდიოდნენ ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსის წევრები. თითქმის ყველა გამოსვლა იყო კონიუნქტურული, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ევროპული "სახალხო პარტიის" ალიანსში გაწევრებული არიან "ნაციონალური მოძრაობა" და თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", მეორეში კი - "თავისუფალი დემოკრატები" და რესპუბლიკური პარტია. დებატების შედეგით, ვფიქრობ, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს კმაყოფილი, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დებატები საქართველოს საკითხზე გაიმართა. როდესაც რომელიმე საკითხზე დებატები იმართება, ე. ი. პრობლემა არსებობს. მთავარი გზავნილი ამ დებატებისა არის ის, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ძალზე დაბალია! დებატების დროს ბიძინა ივანიშვილს არასწორად და უადგილოდ უწოდეს "ოლიგარქი". ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენობას ან მის პროფესიას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ვის როგორ შეუძლია შეცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება. მე პროფესიით დრამის რეჟისორი ვარ და არა მაქვს უფლება, ვიყო პოლიტოლოგი ან ექსპერტი კავკასიის საკითხებში?

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის ფოტოებზესადაც ლუკაშენკო და სააკაშვილი გვერდიგვერდ არიანპრესაში ითქვადიქტატორებმა ერთმანეთი მოძებნესორუსულმა პრესამ კი დაწერასააკაშვილმა თავისი საქციელით სტადიონზე ლუკაშენკოს გამოჩენით შექმნილი უხერხული მდგომარეობა განმუხტაო.

- სააკაშვილის საქციელი ერთი შეხედვით შეიძლება კეთილშობილურ ჟესტადაც ჩაითვალოს. ლუკაშენკო დიქტატორია თუ არა, მაინც ადამიანია და ბავშვთან ერთად იყო ჩასული ჩემპიონატზე. როდესაც ყველამ მიატოვა, სააკაშვილი გვერდით დაუჯდა და პარტნიორობა გაუწია; მეორე მხრივ, სააკაშვილის ეს ჟესტი შესაძლოა გზავნილია რუსეთისთვის. როდესაც 20 წელი აკვირდები პოლიტიკურ მოვლენებს, რაღაცებს ინტუიციით გრძნობ. ბოლო კვირების განმავლობაში ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტად საგულისხმო განცხადებებს აკეთებს. თუნდაც სააკაშვილის განცხადება გავიხსენოთ, რომ რუსეთის ჯარი საქართველოდან უფრო მალე გავა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია; რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს. საგულისხმოა კლინტონის ნაქები და მოწონებული გილაურის თანამდებობიდან გათავისუფლებაც და პრემიერად მერაბიშვილის დანიშვნაც, რომელიც ერთადერთია ქართველ პოლიტიკოსებს შორის, რომელსაც მყარი კავშირები აქვს რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ლუკაშენკოს ამბავიც რუსეთისთვის განკუთვნილ გზავნილებს ეხმაურება. 

არ უნდა დაგვავიწყდეს "მადნეულთან" დაკავშირებული საინტერესო პროცესებიც, რისი წყალობითაც ხელისუფლებამ  რუსული მხარისგან 13 მილიონი მიიღო. და ეს ყველაფერი ხდება ანტირუსული განცხადებებისა და ოპოზიციისთვის რუსეთის აგენტების იარლიყების მიწებების თანხლებით.

თუ გავიხსენებთრომ ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროინდელი შეცდომების გამო სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობა უწევსსააკაშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბრძოლასალბათუფრო გაამწვავებს.

- დემოკრატიულ სამყაროში არის ტენდენცია, რომ პირი, რომელიც არის პიედესტალზე,  ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ხვალ შეიძლება წუმპეში  ჩავარდეს.

დიდებულიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.

სამხრეთ კორეის სამი ყოფილი პრემიერი ციხეშია იმის გამო, რომ კორუფციაში გაერივნენ. კარგად მახსოვს, როგორ გადადგა ფრანგი მინისტრი იმის გამო, რომ სახელმწიფო თვითმფრინავით გადააფრინა ცოლ-შვილი დასასვენებლად. სარკოზი დე გოლის ტოლი ფიგურა არასოდეს ყოფილა, ცოტა არ იყოს, ამჩატებული კაცი იყო და  საფრანგეთის თემიდამ ამიტომაც გააწნა სილა. სარკოზიმ ვერ ივარგა სახელმწიფოს ხელმძღვანელად.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში დაიწერაოქტომბერში არჩევნებზე გაკეთდება არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორისო.

- არ ვეთანხმები ამ შეფასებას, რადგან კავკასიაში მიმდინარე პროცესებში მხოლოდ დასავლეთი და რუსეთი არ არიან ჩართული. ამ პოლიტიკურ თამაშებში თურქეთი, ირანი და ისრაელიც მონაწილეობენ. მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს არჩევნებზეც.

ჩემთვის დღემდე გამოცანაა და ვერ მომიძებნია ახსნა, რატომ თმობს საქართველოს ხელისუფლება პოზიციას ყველა მეზობელთან საზღვრისპირა რეგიონებში? გარდა თურქეთისა, რატომ გადმოსწიეს სხვა მეზობელ ქვეყნებთან არსებული საზღვრები უკან? რუსეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან საზღვრები იცვლება და როგორც ჩვენ გვინდა, ისე არა. ვეჭვობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაღაც ისეთი აქვს გაკეთებული, რაღაცების გამო იძულებულია, დაუთმოს კავკასიელ მეზობლებს.

მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი  მყარდება, ძალთა გადალაგება მიმდინარეობს. ამ დროს შეიძლება დაიწყოს მესამე მსოფლიო ომიც ან ყველაფერი პოლიტიკური კონფლიქტით დამთავრდეს. ამ პროცესში ყველა ქვეყანას თავის ნიშა აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მე საქართველოს ადგილს ვეღარ ვხედავ. საქართველომ 2008 წლის მერე ფუნქცია დაკარგა, დაკარგა მეზობლებთან ხმამაღლა ლაპარაკის უფლებაც. ეს უბედურებაა! 2008 წლამდე საქართველო მიაჩნდათ ელმავლად, რომელსაც დასავლურ დემოკრატიულ სივრცეში უნდა გაეყვანა რეგიონის ქვეყნები - აზერბაიჯანი და სომხეთი.

2008 წლის მერე საქართველოს ელმავალი რელსებიდან გადავიდა და ჩიხში დგას.

ვოცნებობ, რომ საქართველომ აღიდგინოს თავისი ფუნქცია. მაგრამ, თუ ქართველი ხალხი ბატონის პოზიციიდან ლაპარაკის ნაცვლად პატრონის პოზიციაში არ ჩადგება და უპირველესად საკუთარ ქვეყანას არ უპატრონებს, ვერც ფუნქციას აღვიდგენთ და ვერც ქვეყანას ავაშენებთ. 

ქვეყანაში ბევრი რამ დასალაგებელიათუნდაც საერო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთობაქართველი საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი იყო ცნობარომ გიგი უგულავა პატრიარქს უყვიროდა.

-  მინდა ობიექტური ვიყო, - ეს არის ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი უდიდესი დანაშაული ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოსა და ქართველი ერის შემადუღაბებელია. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ერის მართვა იოლი ყოფილიყო და ახლა ეკლესიასთან, ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან ბრძოლა დაიწყო. ვიცი, ეს როგორც ხდება! უგულავას ყვირილი რა არის იმასთან შედარებით, რასაც ეკლესიის შესასუსტებლად აკეთებენ. ეკლესიას ტოტალურად, ყველა მხრიდან უტევენ და დასანანია, რომ ამას ზოგიერთი საეკლესიო მოღვაწეც ხელს უწყობს. ავგიას თავლები ყველგან გასაწმენდია და მათ  შორის - ეკლესიაშიც.

"ქართულ ოცნებაზეზეწოლა სადამდე შეიძლება მივიდეს?

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 6 თვეა, რაც ვაკვირდები ივანიშვილის ფსიქოტიპს და მივხვდი, ამ კაცმა როგორ იშოვა ამხელა ფული, ის კრიზისული ვითარების მართვის კარგი მენეჯერია; კრიზისისას ბევრად ძლიერია, ვიდრე ყოველდღიურობაში, როდესაც განსაკუთრებული არაფერი ხდება. მისთვის ტრაგედია არ არის ანგარიშების დაყადაღება და ბანკის გაყიდვა. რაც უფრო მძიმეა ვითარება, მით მარჯვედ მართავს. ივანიშვილს სულაც არ "ვათეთრებ", იმას ვამბობ, რაც არის. ყველაფერი რომ დაუყადაღონ და ოფისებიდან გამოყარონ "ქართული ოცნების" წევრები, შინ იმუშავებენ და შედეგი მაინც კარგი ექნებათ, რადგან კარგი მენეჯერი ჰყავთ. 

როგორც ითქვასწორედ ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით დაიწყო სააკაშვილმა საკადრო გადაადგილებები.

- ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ვფიქრობ, ეს არ მოხდებოდა მესამე ძალის ჩაურევლად და ეს ძალა არის რუსეთი. არ ვამბობ, რომ ვანო მერაბიშვილი რუსეთის აგენტია, მაგრამ მისი დანიშვნა არის რუსეთისთვის  განკუთვნილი გზავნილი. ვანოსთვის უფლებები რომ არ გაეზარდათ, ვიფიქრებდი, რომ არ ენდობოდნენ და შს სამინისტროს ჩამოაშორეს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები ვანო მერაბიშვილმა უნდა ჩაატაროს და შედეგზეც მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. მიხეილ სააკაშვილი ვანოს ასეთ მდგომარეობაში აყენებს, - არჩევნები უნდა მოიგო, ამაზეა დამოკიდებული შენი ბედიო. 

სხვათა შორისპარლამენტში მინისტრების წარდგენას  ადეიშვილი არ ესწრებოდა.

- ახლა ყველა შეეცდება თავისი თამაში ითამაშოს. "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული ჯგუფები - თავისუფლების ინსტიტუტი, პროკურატურა, ახალაიები თუ სხვა ყველა - შეეცდებიან, რაც შეიძლება თავიანთთვის მომგებიანად ჩაატარონ არჩევნები. მეტი თავიანთი დეპუტატი გაიყვანონ, მეტი მათიანი აღმოჩნდეს თანამდებობაზე და ა.შ.  მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი შეეცდება, ძლიერი სახელისუფლებო ვერტიკალი შექმნას, შიდა ბრძოლები მაინც იქნება მთავრობაში და დაპირისპირების ხარისხიც გაიზრდება. ვანო მერაბიშვილი აქამდეც ატარებდა არჩევნებს, მაგრამ პასუხისმგებელი პრეზიდენტი იყო, ეკონომიკურ მხარეზე კი პრემიერი აგებდა პასუხს. ამ არჩევნებზე კი მხოლოდ ვანო იქნება ყველაფერზე პასუხისმგებელი. ამასთან, გვერდით ეყოლება პირები, რომლებიც მის ყველა ნაბიჯს დიდი ინტერესით დააკვირდებიან, რომ რამე არ შეეშალოს.

ჩემთვის ნიშანდობლივი იყო ზაზა გოგავას გადადგომა საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელობიდან. ის 2008 წლების მოვლენების მონაწილეა. თავის დროზე, იმიტომ გაათავისუფლეს გენშტაბის უფროსობიდან, რომ ვერ ივარგა, მაგრამ ეს თანამდებობაც რატომ დაატოვებინეს? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ 2008 წლის დამარცხებაზე პასუხისმგებელი პირების მოშორება უნდათ პოლიტიკური სივრციდან. გოგავას შეიძლება სხვებიც მიჰყვნენ. არ გამოვრიცხავ, რომ მისი წასვლის შემდეგ საზღვარზე სხვა პროცესები დაიწყოს. თუნდაც ხელისუფლებისგან იმის დემონსტრირება, რომ არაფერი დაუთმია. ამას მაფიქრებინებს ზარდიაანთკარში, სოფელ მერეთთან პოსტის 300 მეტრით გადატანა და რუსულ პოსტთან მიახლოება. ეს რომ მთელი საზღვრის პერიმეტრზე გაეკეთებინათ, ვიფიქრებდი, რომ ჩვენები ომს იწყებდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ამ სოფელთან გააკეთეს. ეს იყო დემონსტრირება, რომ ხელისუფლებას არაფრის ეშინია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აპირებს და აი, პირველი ნაბიჯიც გადავდგითო. ამისათვის საჭიროა სხვა წარსულის ადამიანი და არა ის, ვინც 2008 წლის ომის დამარცხებასთან ასოცირდება.

გავრცელდა ინფორმაციარომ სააკაშვილი ჰილარი კლინტონისაგან გარანტიებს ელოდამაგრამ ვერ მიიღო.

- ხელისუფლება ცდილობს მიიღოს მაქსიმალური გარანტიები თავისი მეგობრებისა და იმ ყოფილი პარტნიორებისაგან, რომლებიც კავკასიურ სივრცეში  მოთამაშეებად ითვლებიან. დაგეგმილი იყო, რომ კლინტონს სააკაშვილი ჯერ ჯგუფთან ერთად უნდა შეხვედროდა, მერე პირისპირ, მაგრამ ჯგუფთან ერთად შეხვედრისას ისეთი რამ მოხდა, სახელმწიფოს მინისტრს სააკაშვილი პირისპირ აღარ შეხვდა, - პრეზიდენტი გადარეული გავარდა სადღაც და მერე გამოცხადდა პრესკონფერენციაზე. ჩემთვის ეს იყო იმის ნიშანი, რომ მან ვერ მიიღო კლინტონისაგან იმ ტიპის გზავნილი, რასაც ელოდებოდა. ასევე უცნაურია მიხეილ სააკაშვილის ბაქოში ვიზიტის შეწყვეტაც ვითომ წყალდიდობის გამო. სავარაუდოდ, ის ალიევთან იმისთვის ჩავიდა, რომ მისი შუამავლობის ან საარჩევნო გარანტიები მოეპოვებინა, მაგრამ, ვფიქრობ, ვერ მიიღო სასურველი პასუხი. გვაქვს ინფორმაცია, რომ ანალოგიური გზავნილები იყო თურქეთსა და სომხეთშიც და იქაც არ დახვდათ ისეთი ვითარება, როგორიც სააკაშვილს მოეწონებოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვექტორი ოპოზიციის მხარეს გადაიხარა. ახლა ვითარება 50/50-ზეა. ყველა ყველაფერს აკვირდება. არავინ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას.

ბიძინა ივანიშვილის დეპორტაციასა და მის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე საუბრები სულ უფრო გახშირდა.

- დეპორტაცია არ არის დიდი საშიშროება. პოლიტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც დეპორტაციის შემდეგ ადამიანის რეიტინგი ასჯერ გაზრდილა და პროცესები იმ გზით წასულა,  როგორც დეპორტირებულს უნდოდა. ცხადია, არსებობს ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხეც. თუ ხელისუფლება ამას მოინდომებს, კილერს კი არ დაიქირავებს პისტოლეტით ხელში. სულ სხვა ტიპის იარაღს გამოიყენებს და როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს ივანიშვილის გარემოცვამაც იცის.