„აფხაზეთის ობიექტები რუსეთის საკუთრებაში უნდა გადავიდეს“

„აფხაზეთის ობიექტები რუსეთის საკუთრებაში უნდა გადავიდეს“

რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინმა დაცვის ფედერალურ სამსახურსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა აფხაზეთთან შეთანხმების გაფორმება, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რიგი ობიექტები რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში უნდა გადავიდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტში მითითებულია კომპლექსები: „ტატრა"- გაგრაში, „მიუსერა" - გუდაუთის რაიონის დასახლება მიუსერაში და „პიცუნდა" - ბიჭვინთაში. ეს კომპლექსები თავის თავში მოიცავს უძრავ და მოძრავ ქონებას.

- დაევალოს დაცვის ფედერალურ სამსახურს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩაატარონ ერთობლივი მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან და რუსეთის მთავრობის სახელით ხელი მოაწერონ მითითებულ შეთანხმებას, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის 24 სექტემბრით დათარიღებულ ბრძანებულებაში.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, რომლებზედაც აღნიშნული კომპლექსებია განლაგებული, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ იგი მათ 49-წლიანი იჯარის პირობებით მიიღებს და წელიწადში თითო ნაკვეთზე ერთ რუსულ რუბლს გადაიხდის.

რუსეთი ასევე იმედოვნებს, რომ მიიღებს უფლებას „ამ მიწის ნაკვეთებზე განახორციელოს კაპიტალური მშენებლობა". აღნიშნული კომპლექსები კი რუსეთის ფედერაციას იმ "სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად სჭირდება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვას ექვემდებარებიან".