შვეიცარიის ელჩი საქართველოში:

შვეიცარიის ელჩი საქართველოში:

"შვეიცარიელებმა წარმატების მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ და დღემდე ვშრომობთ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდეც კი ღარიბები ვიყავით. ჩვენი წარმატების საიდუმლო ინდუსტრიალიზაციაშია. შვეიცარია იყო ევროპაში მეორე ქვეყანა დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ინდუსტრიალიზაციის კუთხით. ასე რომ ქვეყანას, რომელსაც არაფერი გააჩნდა სუფთა ჰაერის, წყლისა და ლამაზი ბუნების გარდა, მოუხდა სპეციალიზება, რათა გადარჩენილიყო. ამასთან, დიდი რესურსი და ძალისხმევა ჩავდეთ განათლების სისტემაში. წარმოუდგენელია, ქვეყანა იყოს წარმატებული, თუ განათლებაში რესურსების მაქსიმუმს არ ჩადებს", - აცხადებს შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნეიტრალიტეტი არარეალურია, როდესაც თავის დაცვა არ შეგიძლია" / "როდესაც თქვენი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანას საკვების 70-80% იმპორტით შემოაქვს, ეს არ არის სწორი პოლიტიკა".

"რაც შეეხება ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას, წლებია, ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვზრუნავთ, რადგან მოსახლეობის 50 პროცენტი ჯერ კიდევ აგრარულ სექტორშია დასაქმებული. ამავდროულად, სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს შეადგენს - ეს უზარმაზარი ნაპრალი უნდა ამოივსოს. როდესაც თქვენი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანას საკვების 70-80% იმპორტით შემოაქვს, ეს არ არის სწორი პოლიტიკა... რა თქმა უნდა, დიდი როლი ენიჭება მშვიდობის პოლიტიკას - შვეიცარია ასრულებს მედიატორის როლს, როგორც ნეიტრალური ქვეყანა. ჟენევის მოლაპარაკებების გარდა, ჩვენ გვაკისრია ქართულ-რუსული ინტერესების წარმოდგენა 2008 წლის ომის შემდეგ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლუკას ბეგლინგერი.

"შვეიცარიის ნეიტრალიტეტი 200 წელზე მეტი ხნისაა. ამან გვიხსნა დიდი მსოფლიო ომებისაგან. რაც შეეხება არმიას, გეთანხმებით, ნეიტრალიტეტზე საუბარი არარეალურია, როდესაც საკუთარი თავის დაცვა არ შეგიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თქვენი ნეიტრალური სტატუსი არაფრად ჩააგდოს. შვეიცარიას ყოველთვის ჰყავდა არმია და სახსრებს არ იშურებდა თავდაცვის გასაძლიერებლად. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახლახან განაცხადა, რომ აპირებენ დაუყოვნებლივ განახორციელონ ინვესტიციები ტერიტორიული თავდაცვის კომპონენტის გასაძლიერებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ დანაყოფების ავღანეთში გაგზავნით არ შემოიფარგლება - ეს მნიშვნელოვანი ძვრაა, - იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის დაცვა უნდა შეგეძლოთ. საქართველომდე შვეიცარიის ელჩი ვიყავი პოლონეთში, სადაც იგივე თავდაცვის პოლიტიკის რეფორმა ჩატარდა. პოლონეთშიც დიდი ინვესტიცია იდება შეიარაღებაში. შვეიცარია ასე იქცეოდა საუკუნეების მანძილზე და მოვახერხეთ გადარჩენა მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი. ისტორიულად, არც ჩვენი მეზობლები იყვნენ ყოველთვის მეგობრულად განწყობილი... ვფიქრობ, არც ისე კარგი იდეაა, აირჩიოთ რომელიმე ბანაკი და მათ მიეკედლოთ, - ასეთი ალიანსით შესაძლოა სხვა მეზობლები გადაიმტეროთ. საქართველოს დაფიქრება და ყველაფრის აწონ-დაწონა მართებს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სახელმწიფო მოწყობის შვეიცარიული სისტემა უნიკალურია, დეცენტრალიზაციის დონე მაღალია და მართვა ქვემოდან ზემოთ, ანუ ხალხის მიერ ხდება. თანამედროვე კონფედერაცია მშვიდობიანად არ წარმოქმნილა - ამისთვის 1848 წელს მცირე სამოქალაქო ომი გახდა საჭირო. ამან ფედერაციული ელემენტი გააძლიერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს გვექნებოდა ევროკავშირის მსგავსი კავშირი ფედერალური ქვეყნის ნაცვლად. ჩვენთან კანტონებს, ანუ რეგიონულ ერთეულებს უდიდეს პატივს სცემენ - მათი უფლებები კონსტიტუციაშია გაწერილი, თავადაც აქვთ საკუთარი კონსტიტუცია, მთავრობები, პარლამენტები, მართლმსაჯულება და ა.შ. იყო შვეიცარიელი, პირველ რიგში, ნიშნავს იყო შენი კანტონის მოქალაქე. შვეიცარიას აქვს რამდენიმე ენა, ეს მულტიკულტურული ქვეყანაა. ხშირად ვხუმრობთ, რომ შვეიცარია მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ ერთად ყოფნა გვსურს. მაგრამ ეს წმინდა წყლის სიმართლეა", - განმარტავს შვეიცარიის ელჩი.

"რა თქმა უნდა, არის უთანხმოებებიც, ისტორიულად გვქონდა შიდა კონფლიქტები და სამოქალაქო ომებიც რელიგიის გამო. რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანოს აქედან საქართველომ - ის, რომ მრავალფეროვნება ქვეყანას ამდიდრებს და არ უნდა შეგეშინდეთ დეცენტრალიზაციისა და ძალთა ბალანსის გადანაწილების", - დასძენს ლუკას ბეგლინგერი და შეკითხვაზე - "შვეიცარია რეფერენდუმებითაც ცნობილია და როდესაც რეფერენდუმის შედეგებში მინიმალური განსხვავებაა, როგორ ასკვნით, რომ მაინცდამაინც 51%-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა ­ სწორი, 49 % კი ცდება?"- პასუხობს:

"ჩვენთან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რეფერენდუმის გზით მიიღება - სწორედ ეს არის პირდაპირი დემოკრატიის არსი. როგორც წესი, სამ თვეში ერთი რეფერენდუმის ჩატარება გვიწევს. ეს ეხება საგარეო პოლიტიკასაც - ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრობას და ა.შ. ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან ხალხი საკუთარ ძალას გრძნობს და არ რჩება იმედგაცრუებული, როგორც ეს ბევრ, მათ შორის დასავლურ ქვეყანაში ხდება".