აფთიაქებსა და კლინიკებს ერთი მფლობელი აღარ ეყოლება?!

აფთიაქებსა და კლინიკებს ერთი მფლობელი აღარ ეყოლება?!

ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორების გამიჯვნის თაობაზე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, მაგრამ საკანონმდებლო მუშაობა დიდი ხანი არის რაც დაიწყო. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი. ერთ-ერთი ინიციატივით სააფთიაქო ქსელებს, შესაძლოა, კლინიკების ფლობა აეკრძალოთ.

კანონპროექტი სამ ძირითად კომპონენტზე იქნება ორიენტირებული: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე.

ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრის, თინა ტურძილაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება დადებითი მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია.

„ამიტომ სამინისტროს ვთავაზობთ, რომ მისი თითოეული ინსტრუმენტი, თუ მეთოდოლოგია გავაუმჯობესოთ. ყველაზე მთავარი და პრობლემატური ის არის, რომ დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისები ერთი და იგივე კომპანიების მფლობელობაშია. აქედან ერთი - მოთხოვნას, მეორე კი მიწოდებას განაპირობებს. მაშინ როცა მოთხოვნა-მიწოდებას ერთი კომპანია, ერთი ჰოლდინგის განაპირობებს, ყოველგვარი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მოჩვენებითია. მოთხოვნას ქმნის ის, ვინც მიწოდებას უზრუნველყოფს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ტურძილაძემ.

მთავრობის შეხედულებას, ძირითადად, იზიარებენ პარლამენტშიც. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება არა მარტო მედიკამენტების, არამედ მთლიანი სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელია.

„ტოტალურმა დერეგულაციამ მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები და ნაკლებად იმოქმედა ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ვიცი, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნილია ჯანდაცვის სამინისტროში, ჩართულები არიან ყველა მხარის წარმომადგენლები. გარკვეულ კონდიციამდე მიყვანილია, თუმცა ზოგიერთი საკითხი არ არის შეჯერებული.

როდესაც შემოვა პარლამენტში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამ თემებზე. მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შესაძლო რეგულაციებს ეწინააღმდეგება კომპანია „პეესპეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი და აცხადებს, რომ თავის დროზე საავადმყოფოების აშენება ბიზნესს სწორედ ხელისუფლებამ სთხოვა.

„ვეწინააღმდეგები ასეთი რეგულაციის. ჩვენ მთავრობის დადგენილებით და დავალებით ავაშენეთ საავადმყოფო, რომელშიც ჩაიდო 50 მილიონი დოლარი. თუ ახლა ხელისუფლება აგვიკრძალავს, პრობლემას ვერ ვხედავთ, დავუბრუნებთ უკან მთავრობას და მათაც დაგვიბრუნონ ჩვენი 50 მილიონი დოლარი“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

სააფთიაქო ქსელებისა და კლინიკების შესახებ ახალი ინიციატივა საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანს კონსალტინგს“ ეკუთვნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედის. ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას დაარეგულირებს, მათ შორის, წამლის ხარისხს. ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია თავად ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს.