"მონტენეგროს შეუძლია ნატოსთან ივაჭროს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს. აქ არაფერ შუაშია მონტენეგროს დემოკრატიულობა... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბანეთი უკვე 5-6 წელია ნატოს წევრია - დედამიწაზე ვერავინ დამაჯერებს, რომ ალბანეთი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საქართველო. ალბანეთს არაფერი ესაქმება დემოკრატიასთან, მაგრამ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, ის ნატოშია"
"მონტენეგრო ერთი აგურია იმ კედელში, რომელსაც ნატო რუსეთს უშენებს"
მონტენეგრო ზაფხულში ნატოში გაწევრებას აპირებს - აშშ-ის სენატმა ბალკანური ქვეყნის ალიანსში გაწევრებას 97 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ახლა ესპანეთისა და ნიდერლანდების ჯერია - ორივე ქვეყანა მონტენეგროს საკითხის განხილვას ივლისისთვის გეგმავს. როგორ"მოხვდა" მონტენეგრო ნატოში, რით დაიმსახურეს ჩვენთვის მიუღწეველ ოცნებად ქცეული მაპ-ი და რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს - "კვირის პალიტრა" ხორვატ ჟურნალისტს, ქვეყნის მთავარი გაზეთის, "ვეჩერნი ლისტის" მთავარ რედაქტორ ბერნარდ კარაკასს ესაუბრა.
- მონტენეგროს ნატოში გაწევრება, პირველ რიგში, პრევენციული ღონისძიებაა აშშ-ისა და ევროპის მხრიდან, რათა ამ რეგიონში რუსეთის გავლენა შეასუსტონ და კრემლს შესაძლებლობა არ მისცენ, შორეულ მომავალშიც კი, უკრაინის სცენარი ბალკანეთში გადმოიტანოს. 10 წლის წინ, მონტენეგრო საკმაოდ ახლოს იყო რუსეთთან, განსაკუთრებით ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, და რუსეთს ჯერ კიდევ შემორჩა ბევრი ბერკეტი, რასაც ბალკანეთში სიტუაციაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს სერბეთის ფაქტორიც - რუსეთის მთავარი დასაყრდენი ბალკანეთში.
- ნატოში გაწევრება რეალურად მონტენეგროელი ხალხის სურვილია? ნატოსთან დაკავშირებით ბალკანეთში მძიმე მემკვიდრეობა არსებობს...
- მონტენეგროში ხალხი ორად არის გაყოფილი - ნაწილი თავს მონტენეგროელად მიიჩნევს, ნაწილი - სერბად. მონტენეგროელებს ნატოში გაწევრება სურთ, სერბებს კი ახსოვთ, როგორ ბომბავდა მათ ნატო 90-იან წლებში. ძნელია მათი გამტყუნება. ისინი ნატოს აღიქვამენ, როგორც ძალას, რომელმაც მათი ქვეყანა, იუგოსლავია, დააქცია. ეს არ არის უბრალო სენტიმენტები, ეს მძაფრი ნეგატიური ემოციებია. შესაბამისად, სერბებს ევროკავშირში შესვლა უფრო აინტერესებთ და მგონი, ამის საწინააღმდეგო არც ბრიუსელს აქვს რამე.
- ძნელი წარმოსადგენია, კრემლი გახარებული იყოს იმით, რომ მონტენეგრო ნატოს წევრი ხდება, ეს ხომ ღია დარტყმაა რუსეთის ინტერესებზე რეგიონში?
- ცხადია, მოსკოვში არ აწყობთ მონტენეგროს ნატოში გაწევრება - ეს, როგორც თვითონ უწოდებენ, ნატოს ექსპანსიაა. რას მოიმოქმედებს რუსეთი? მონტენეგრო, საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთის ე.წ. უკანა ეზო არასოდეს ყოფილა, ასე რომ, მასშტაბურ ძვრებს არ ველოდებით, თანაც, რუსული გავლენის მთავარი ბაზა რეგიონში სერბეთია და არა მონტენეგრო. და მაინც, შეიძლება ველოდოთ არეულობას, თუმცა, ბალკანეთის რეგიონი ამას, როგორც წესი, რუსეთის დაუხმარებლადაც მშვენივრად ახერხებს.
- რა წვლილს შეიტანს მონტენეგრო საერთაშორისო უსაფრთხოებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პატარა ქვეყანაა, სულ რაღაც 600 000-იანი მოსახლეობით?
- მონტენეგროს წვლილი ის იქნება, რომ რუსეთს ადრიატიკის ზღვაში გასასვლელი არ ექნება მონტენეგროს გავლით, რაც უამრავ თავსატეხს შეუქმნიდა ნატოსა და ევროკავშირს. ასე რომ, მონტენეგრო საკუთარ მაპ-სა და წევრობას გეოგრაფიულ მდგომარეობას უნდა უმადლოდეს.
- და მაინც, რამდენად "სამართლიანია" მონტენეგროსთვის მაპ-ის მინიჭება? რას აკეთებს მონტენეგრო ორგანიზებული დანაშაულის ან კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კანონის უზენაესობასა და მიუკერძოებელ სასამართლოზე რომ აღარაფერი ვთქვათ... ამასთან, ქვეყანას 30 წელიწადია ერთი ადამიანი - მილო დიუკანოვიჩი მართავს, პოლიტიკოსი, რომელსაც "პატარა პუტინი" შეარქვეს...
- მესმის, რატომაც მისვამთ ამ შეკითხვას... საქართველოს თუ შევადარებთ, მონტენეგრო თქვენს ქვეყანას ყველა დემოკრატიულ სტანდარტში ჩამორჩება. მაგრამ საქმე ის არის, რომ მონტენეგრო ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი იმ პაზლის ნაწილია, რომელსაც ნატო აგერ უკვე ათი წელიწადია, დიდი რუდუნებითა და მოთმინებით აწყობს.
სლოვენია, ხორვატია, ალბანეთი, ახლა უკვე მონტენეგროც - ეს ნიშნავს ადრიატიკული და შემდგომ უკვე ხმელთაშუა ზღვის დაცვას, მის უსაფრთხოებას, რუსეთისთვის უკანასკნელი პოტენციური დერეფნის ჩაკეტვას. ადრიატიკა კი ბევრად უფრო ახლოა ცენტრალურ ევროპასთან, ვიდრე შავი ზღვა... მონტენეგრო, ასე ვთქვათ, ერთი აგურია იმ კედელში, რომელსაც ნატო რუსეთს უშენებს. ასე რომ, მონტენეგროს შეუძლია ნატოსთან ივაჭროს, საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს. აქ არაფერ შუაშია მონტენეგროს დემოკრატიულობა ან რაიმე ასეთი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბანეთი უკვე 5-6 წელია ნატოს წევრია - დედამიწაზე ვერავინ დამაჯერებს, რომ ალბანეთი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საქართველო. ალბანეთს არაფერი ესაქმება დემოკრატიასთან, მაგრამ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, ის ნატოშია.
- თქვენი ლოგიკით, ნატოს წევრობა მხოლოდ პოლიტიკური საკითხია და რეფორმები და დემოკრატია არაფერ შუაშია...
- არა, დემოკრატიაც საჭიროა და რეფორმებიც, მაგრამ საბოლოოდ ეს პოლიტიკური საკითხია. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა, ეს კი დამატებით სირთულეს ქმნის. პუტინისა და რუსეთის პოლიტიკური სიძლიერის ფონზე, ევროპაში თვლიან, რომ ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება კრემლისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასი იქნება. ყველა ფრთხილობს, ერიდებიან პუტინისა და რუსეთის პროვოცირებას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რომ საქართველო ჯერაც არ არის ნატოს წევრი. ნუ შეადარებთ თავს მონტენეგროსა და ალბანეთს - ამას აზრი არა აქვს.
საქართველო ყველა ვალდებულებას ასრულებს - ჰყავს დანაყოფები ავღანეთში, რაზეც, მაგალითად, ალბანეთი სრულიად არ იწუხებს თავს. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ, სამწუხაროდ, გეოპოლიტიკური სიტუაცია ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მეტის გაკეთების საშუალებას არ აძლევს.