საინფორმაციო კამპანია ახალგორიდან ქართველი სასულიერო პირების გასაძევებლად

საინფორმაციო კამპანია ახალგორიდან ქართველი სასულიერო პირების გასაძევებლად

"ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების, უპირველესად კი მეუფე ისაიას მსახურებას მიუღებელს უწოდებენ. რელიგიის საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი კი იმასაც აცხადებს, რომ ეს "პრობლემა" არაერთხელ განიხილეს კიდეც "მაღალ ეშელონებში" და უკვე გადაწყვეტილებაც მიღებულია: სურთ, მეუფე ისაიას ულტიმატუმი წაუყენონ - ან სეპარატისტების მიერ შექმნილ "ალანიის ეპარქიაში" უნდა დარეგისტრირდეს, ან მშვიდობიანად დატოვოს "რესპუბლიკის" ტერიტორია. დე ფაქტო ხელისუფების ამ გეგმას საქართველოს საპატრიარქოში პროვოკაციად აფასებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საინფორმაციო კამპანია ახალგორიდან ქართველი სასულიერო პირების გასაძევებლად / მეუფე ისაიას, შესაძლოა, "რესპუბლიკის" დატოვება მოსთხოვონ.

"არავითარი "ალანიის ეპარქია" არ არსებობს, ეს თვითმარქვია სახელწოდებაა და სინამდვილეში ის არის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქია. ეს განცხადება პროვოკაციაა, იმიტომ, რომ ეს ტერიტორია საქართველოს იურისდიქციაა, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს და მათ არ აქვთ ამის მოთხოვნის უფლება. მეუფე აგრძელებს და ისევ აქტიურად გააგრძელებს ეპარქიის მართვას ახალგორში", - აცხადებს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა კახაბერი. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ პატრიარქმა ილია II-მ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია თავდადებული მსახურებისთვის სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში უკვე მერამდენედ გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ დიდი აბსურდია, როდესაც ახალგორის რაიონის ტაძრებში ჯერ ისევ მსახურობენ მღვდლები, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარებიან, არანაირი დამოკიდებულება არ აქვთ "სამხრეთ ოსეთის ალანიის ეპარქიასთან" და მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტზე ყურადღება არაერთხელ გამახვილებულა, ეს "აბსურდი" ისევ გრძელდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ თემას დიდი სტატია დე ფაქტო ხელისუფლების მედიამ - "რესპუბლიკამ" მიუძღვნა. გამოცემას ჩამოთვლილი აქვს ახალგორის ის სამი ტაძარი, სადაც ქართველი სასულიერო პირები მსახურობენ. ერთია დედათა მონასტერი სოფელ იკოტაში, რომელსაც იღუმენია სალომე წინამძღოლობს. მეორე არის ეკლესია ლარგვისში, ახალგორიდან 14 კილომეტრში, რომლის წინამძღოლია მეუფე ისაია. მესამე არის მე-9 საუკუნის ტაძარი სოფელ წირქოლში, სადაც მსახურებას ატარებს მამა თეოდორე. გამოცემა წერს, რომ სამივე ტაძარში სასულიერო პირები საკვირაო ქადაგებებზე მისულ მრევლს ეუბნებიან, რომ "აქ უფლის მსახურება რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება", ე.წ. ალანიის ეპარქიის ოს მღვდლებს კი არ შეუძლიათ წირვა-ლოცვის ჩატარება. გაზეთთან საუბარში ცხინვალიდან ახალგორში მივლინებული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც საქართველოს სასულიერო პირთან საუბარს შეეცადა, მეუფე ისაიამ მას "ოკუპანტი" უწოდა და ტაძრის კარი მიუხურა. კორესპონდენტი წერს, რომ ასევე არამეგობრულად შეხვდნენ მის ვიზიტს ქალთა მონასტერშიც", - განაგრძობს გამოცემა.

"ცხინვალის ეკლესიის წარმომადგენელი მამა იაკობი ამბობს, რომ, წესით, ყველა ღვთისმსახურმა საქმიანობა "ალანიის ეპარქიას" უნდა შეუთანხმოს, ქართველები ამას არ აკეთებენ, მაგრამ რადგანაც რუსეთის პატრიარქი კორილი სამხრეთ ოსეთს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, ამიტომაც ამ საკითხს "ალანიის ეპარქია" ვერ გადაწყვეტს, ეს უნდა გადაწყვიტოს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ" და მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია, რომ "სამხრეთ ოსეთი არის ალანიის ეპარქია და კანონიკური ტერიტორია". რელიგიის საკითხებში სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" რწმუნებული სონია ხუბაევა ამბობს, რომ ეს საკითხი განხილული იყო არაერთხელ, ასევე, "საპრეზიდენტო" დონეზე და ყველასთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და უკანონობაა, როდესაც "დამოუკიდებელი რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ღვთისმსახურებას ატარებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც მათ "იუსტიციის სამინისტროში" არ არიან დარეგისტრირებულები და არც აპირებენ ამის გაკეთებას. მისი თქმით, ბოლო, სპეციალურ შეხვედრაზე ერთადერთ გამოსავალ ვარიანტად გადაწყდა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს შესთავაზონ, ან დარეგსტრირდნენ ალანიის ეპარქიის იურისდიქციაში ან მშვიდობიანად დატოვონ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია", - დასძენს გამოცემა.

"რესპუბლიკა" წერს, რომ უცნობია, ამის შესახებ ოფიციალურად განუცხადეს მეუფე ისაიას თუ მხოლოდ გადაწყვეტილებად დარჩა. "რესპუბლიკის" ცნობით, სამხრეთ ოსეთის "ხელმძღვანელობა" ამ საკითხზე არ აქტიურობს და მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის მაისიდან გაყალბებულ საშვებთან საბრძოლველად შეიცვალა ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტი და ეს საბუთი ბევრ სხვა ახალგორელთან ერთად არ მიეცა ქართველ სასულიერო პირებსაც, მეუფე ისაია მაინც აგრძელებს ახალგორში საქმიანობას და მას არავინ არ აიძულებს, დატოვოს ტერიტორია. საგულისხმოა, რომ საშვის არმიცემის გამო მეუფე ისაია 2 წელზე მეტია, ახალგორიდან დანარჩენ საქართველოში წამოსვლას ვერ ახერხებდა, თუმცა რამდენიმე თვეა, მეუფემ აგვისტომდე მოქმედი საშვი უკვე მიიღო და თბილისში რამდენჯერმე ჩამოსვლაც შეძლო. თეოლოგ ლადო ნარსიას თქმით, ცხინვალის რეგიონში რაღაც ნაწილს, დიდი ალბათობით, ადრეც ჰქონდა სურვილი და ახლაც აქვს, მეუფე ისაია გამოაძევონ ახალგორიდან, მაგრამ ცხინვალში კარგად იციან, რომ თუ ეს მოხდება, პრობლემა შეექმნებათ". - წერს სტატიის ავტორი.

"მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ალანიის ეპარქია შექმნეს, ისინი კანონიკურ საზღვრებს ვერ შეცვლიან და ეკლესიებს შორის აღიარებას ვერ მოიპოვებენ. ამიტომაც მათ იძულებით მოუწევთ, შეეგუონ მეუფე ისაიას მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში. რეალურად, ისინი ვერაფერსაც ვერ იზამენ. შეიძლება საკითხი დააყენონ, სავაჭრო საგნად აქციონ, მაგრამ მეუფე ისაია ამას არაფრით არ დათანხმდება. თან, მას უკვე მოპოვებული აქვს სპეციალური საშვი, რომელსაც ე.წ. ოფიციალური სტრუქტურა გასცემს. ამიტომაც უნდა აღვიქვათ, რომ ამით დე ფაქტო ხელისუფლების შეთანხმება და ნებაა გამოხატული და ახალგორში მეუფეს ლეგიტიმურად ყოფნა დაუშვეს", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო ნარსია.