საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი

საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი

გაყინულ დოგმების უსიტყო მიმდევნი და გადაღეჭილ „თეორიის“ ყურმოჭრილი ყმანი, ქართველი მენშევიკები დღეს დონკიხოტურად ებრძვიან „ფეტიშს“, როგორც ისინი უწოდებენ საქართველოს თვითმყოფობას. ისინი მოურიდებლად აცხადებენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მათთვის მისაღებია დროსა და გარემოების მიხედვით და როცა ეს დრო და გარემოება მოითხოვს ქართველ სოციალ-დემოკრატებისაგან კვლავ შეერთებას იმ სახელმწიფოსთან, რომლის მძიმე მონობა საქართველომ ასოცი წლის განმავლობაში ზიდა, - ისინი არ შედრკებიან ამის წინაშე და შეუერთდებიან „ძველ მფარველს“.

ეს მათი გულის ამოკვნესა ასე უნდა გავიგოთ: ქართველი სოციალისტ-დემოკრატები საქართველოს დამოუკიდებლობას სცნობენ იმდენად, რამდენადაც გარემოებანი ხელს უწყობენ მათ ბატონობას ქართველ ხალხზე და თუ ოდესმე ჩვენს სოციალ-დემოკრატებს პიედესტალები დაემსხვრათ და თბილ ადგილებიდან გამოცვივდნენ, მაშინ ეს ხალხი საქართველოსაც დაამსხვრევს და საწველ ფურად მიუგდებს რუსეთს.

ქართველი ერის პოლიტიკური თვითგამორკვევა შეუძლებელია დაექვემდებაროს რომელიმე სხვა მომენტს, სულერთია ეკონომიურსა თუ საერთო სოციალურს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ქართველი ერისა ჩვენთვის აქსიომური ფორმულაა მუდამჟამს და არა მაშინ მხოლოდ, როდესაც ეს ჩვენ სუბიექტურად გვრგებს. ეთნიურ ინდივიდუალობას ქართველი ერისა ჩვენ ვერ შევწირავთ ეკონომიკის სასარგებლოდაც და „საწარმოო ძალთა განვითარებას“, ვერ წამოვასკუპებთ ნაციონალურად და სახელმწიფოებრივად განმზადებულ საქართველოს, თუ გინდ ყველაფრის მზიდავ კისერზე.

როდესაც ჩვენი მენშევიკები საქართველოს დამოუკიდებლობის წარმოშობას უხსნიან თავისიანებს - ვინც უნდა იყვნენ ეს უკანასკნელნი, შინაურები თუ გარეულები - ისინი ყველა შემთხვევაში ერთსა და იმავეს დაიტირებენ: მოხდა უბედური შემთხვევა, მოულოდნელად წაიქცა ჩვენი მფარველი ბუმბერაზი რუსეთი და მისი დემოკრატია და ჩვენც იძულებული გავხდით გამოვყოფოდით ამ დემოკრატიის მთლიან ფრონტს. ისინი ამითაც არ კმაყოფილდებიან და პროგნოსტიულად გამოთქვამენ, რომ მდგომარეობის გამოსწორებაზე (ესე იგი კვლავ რუსეთთან გაერთიანებაზე)  იმედს არა ჰკარგავენ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ქართველ სოციალ-დემოკრატებს ბევრად არ ეჭაშნიკებოდათ საქართველოს განთავისუფლება. მთელი ოცდაათი წელიწადი ეს ადამიანები სამშობლოს სიძულვილს უნერგავდნენ თავის მიმდევრებს და სთქვეფდნენ მას რუსის დემოკრატიის „ვინეგრეტ“-ში! კიდევაც გასაკვირია, როგორ დასტოვეს მენშევიკებმა ასე სწრაფად ათეულ წლობით დალურსმული „პრინციპები“!?

ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლების წინაშე ქართველი სოციალ-დემოკრატები თავის გულისთქმას მოხერხებულად ჰმალავენ. მათ უმტკიცებენ, რომ რუსეთმა ღალატურად გამოსტაცა ქართველ ერს სუვერენიტეტი და ვერაგულად გააუქმა საერთაშორისო სავალდებულო ნორმა, ხელშეკრულებათა დასაცავად რომ მიუღია კულტურულ კაცობრიობას. ევროპელთ სწორედ ატყობინებენ მენშევიკები, რომ ქართველობა სახელმწიფოებრივად სცხოვრობს უხსოვარ დროიდან და წარმოადგენს სრულიად განთვისებულ ეთნიურ კატეგორიას.

ევროპიელთავე საყურადღებოდ ჩვენი სოციალ-დემოკრატები აცხადებენ, რომ ეროვნულ განთავისუფლებას ქართველი ხალხი ყოველთვის ეტრფოდა და დღეს უდიდეს ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობის დასაცავად ეს ერი უკიდურეს საშუალებებს არ დაერიდება...

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას