1924 წლის აჯანყებიდან ცხრა თვე გავიდა

1924 წლის აჯანყებიდან ცხრა თვე გავიდა

ცხრა თვე სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია თავგამეტებით შეებრძოლა ბოლშევიკურ ხელისუფლებას.

ცხრა თვე ბოლოვდება, რაც ქართველი ერი მედგრათ ეკვეთა ძალით შემოჭრილ, რუსის ხიშტზე დაყრდნობილ დღეს ჩვენში მოფარფაშე კომუნისტების ბატონობას.

ცხრა თვე თავდება, რაც ქართველი ხალხი, დიდი და პატარა გააფრთებით შეეტაკა ჩრდილოეთიდან მოზღვავებულ მტრის ურდოებს.

ვერ შეურიგდა საქართველოს მშრომელი მასა იმ ხალხის ჩვენში ვერაგულათ შემოჭრას, რომლებმაც დესპოტის სისასტიკით მოსპო და გააჩანაგა ქართველი მშრომელის ხელით შექმნილი საქართველოს დამოუკიდებლობა, ქართველი ერის სუვერენობა. ვერ აიტანა ქართველმა ხალხმა ის ტირანიული რეჟიმი, რომელიც სათავეშივე ჰკლავს ერის ეროვნულ გასაქანს, ლაფში სვრის ხალხის ინიციატივას, ფეხქვეშ სთელავს თავისუფლების წმინდა პრინციპებს და დემოკრატიულ მონაპოვარს.

ვეღარ მოითმინა საქართველომ მისი სხეულის რხევა და ჯიჯგვნა, მისი წმინდათა წმინდის წაბილწვა და გაქელვა.

და აი მოთმინებიდან გამოსული ქართველი ხალხი თავგანწირვით იბრძვის და აქცევს თავის უმანკო სისხლს საქართველოს მშრომელის განთავისუფლებისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობის მკვდრეთით აღდგენისათვის.

ამის უფლება მას ჰქონდა. ერს უფლება აქვს როგორც სურს ისე მოაწყოს თავისი ოჯახი, საკუთარი კერა.

უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა ქართველი ხალხი. ქართველი დემოკრატიის საუკეთესო ნაწილმა დასდო თავი ბრძოლის ველზე.

საქართველოს რჩეული შვილები შეეწირა მსხვერპლათ საქართველოს განთავისუფლების დიდ საქმეს. ბრძოლაში დამარცხებულ ქართველობას მტერი საშინელი სისატიკით უმასპინძლდება.

ლანგ-თემურის და აღმოსავლეთის დესპოტების მიერ ხალხის რბევა და აწიოკება სახსენებელიც არაა კომუნისტების სიმხეცესთან და ვერაგობასთან შედარებით.

ბოლშევიკებმა რუსის ხიშტის საშუალებით სისხლში ჩაახრჩეს სამართლიანი აჯანყება.

ქვა ქვაზე არ დასტოვა რუსის ჩექმამ საქართველოში. ყოველივე მოსპეს, ყველაფერი დაარბიეს.

ასობით და ათასობით დახვრიტეს ჯალათებმა. გაკლდევებულ აჯანყებულების გულს სისხლის მსმელებმა ტყვიამფრქვევი დაუშინეს.

დაჩითული და დაჩოფურებული სხეულები სვავთა და ყორანთა სათრეველად დაყარეს.

ნამდვილი სისხლის წვიმების დრო დაუყენეს ჩვენს ქვეყანას. რომელი ქართველი დედა არაა დღეს თალხებში ჩაცმული. რომელ ქართველ ოჯახს არ აქვს დღეს გლოვის და ტანჯვის ზეწარი გადაფარებული.

ყველგან გლოვა, ყველგან ვიში.

ყველგან თრთოლვა, ყველგან შიში.

ქართველი ერის სანუკვარ დამოუკიდებლობისთვის ეძგერენ თავდადებულნი ასე ერთსულოვნათ უამრავ მტერს.

ამიტომ მოწიწებით ვიდრეკთ მათი ხსოვნის წინაშე მუხლს და ვეუბნებით მათ:

საუკუნო იყოს თქვენი სახელი აგვისტოს აჯანყების გმირებო!

დიდება და პატივი თქვენ ხსენებას ერის გამარჯვების საკურთხეველზე მსხვერპლად მიტანილნო!

ყოველი ქართველი ვის მკერდში ქართული სული სცემს ატარებს თქვენს სახელს. დაე ყველა დარწმუნდეს იმ საქმის უკვდავებაში, რომლისთვისაც თქვენ სიცოცხლეს გამოესალმეთ. ჩვენ ვიცით და ვგრძნობთ, რომ საქართველოში დღეს მოთარაშე ძალა წარმავალია.

იგი განწირულია ისტორიის მიერ. „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“.

საქართველო კვლავ აღსდგება. მას მისი ნამდვილი პატრონი, ქართველი დემოკრატია დაეუფლება.

ნაგუბარში კვლავ ჩადგება წყალი და მაშინ გამარჯვებული ერი პასუხს გასცემს მტარვალებს და უდანაშაულო სისხლის დამღვრელთ. მაშინ დადგება განკითხვის დღე და თქვენს მესაფლავეებს ქართველი ერი მესაფლავეთ მოევლინება.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას