საქართველოში მესამე მსხვილი ბანკის ადგილი არ არის?

საქართველოში მესამე მსხვილი ბანკის ადგილი არ არის?

საქართველოში მილიარდიანი ჩინური ბანკი შემოდის, მაგრამ ფინანსურ სექტორში ისეთი ვითარებაა, რომ ამ მასშტაბის ჯგუფსაც კი შეიძლება ბაზარზე ფეხის მოკიდება გაუჭრიდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ლამის მთელი საბანკო სექტორი 2 სუბიექტს აქვს გადანაწილებული.

რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც ჩინური ბანკის საქართველოში შემოსვლას უკავშირდება. CEFC ჩHINA ENERGY-სა და EURASIAN INVEST-ის მიერ დაფუძნებული ბანკის განცხადებული კაპიტალი 1 მილიარდი დოლარია, განაღდებული კი - 300 მილიონი დოლარი.

მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოში მესამე მსხვილი ბანკის შემოსვლის შესაძლებლობას დადებითად აფასებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, თუმცა კი მიიჩნევს, რომ მისთვის ბაზარზე ფეხის მოკიდება ადვილი არ იქნება.

ევრობანკის რეგიონალური წარმომადგენელი, ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ ორ მსხვილ ბანკს ბაზარზე უკვე აქვს მსხვილი წილი დაკავებული, რაც ახალი ბანკის შემოსვლის განვითარების შესაძლებლობას ზღუდავს.

„დღეს ბაზარზე ორი მსხვილი და რამდენიმე მცირე ზომის ბანკია. ვფიქრობ, ბაზარზე არის ადგილი მესამე მსხვილი ბანკისთვისაც, თუმცა ვერ ვხედავ მცირე ბანკების კონსოლიდაციის შესაძლებლობას. ჩვენ მივესალმებოდით კიდევ ერთი მსხვილი ბანკის გამოჩენას, თუმცა მას გაუჭირდება ბაზარზე შემოსვლა, რადგან, ორ ბანკს უკვე აქვთ საკმაოდ მსხვილი წილი მთლიან საბანკო სექტორში“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

ქართველი ფინანსისტები იმედოვნებენ, რომ ჩინური ბანკის შემოსვლა ბაზარზე კონკურენციას გაზრდის. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ბაზრის განეიტრალების იმედი აქვს. როგორც მან აღნიშნა, ახალი უმსხვილესი ჯგუფის შემოსვლა კარგი იქნება იმ შემთხვევაში, თუ დაეჯახება ორ წამყვან ბანკს და ბაზარი გახდება დივერსიფიცირებული. პაპაშვილის შეფასებით, ამჯერად საბანკო ბაზარი 80/20-ის პროპორციული წყობით არის წარმოდგენილი.

ორი ბანკის მიერ ბაზრის სრულ კონტროლზე საუბრობენ ფინანსისტებიც. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, დღეს საბანკო ბაზარზე ოლიგოპოლიაა. ამას მცირე ბანკების ხელმძღვანელებიც ღიად აცხადებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხშირად მიუთითებენ საქართველოს ეროვნულ ბანკს მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.

„თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში ბანკირების მხრიდან აქტიურად მიდის იმაზე საუბარი, რომ თურმე საქართველოში ბანკების რაოდენობა ბევრია და 5-6 ბანკი ეყოფა ჩვენი ქვეყნის მოცულობის სახელმწიფოს. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ საერთოდ სასაცილოა რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე იმის განხილვა, თუ რამდენიმე მოთამაშე უნდა ოპერირებდეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. თუმცა როგორც ისტორია გვიჩვენებს, ბანკირების მოთხოვნები ხშირად სრულდება ხოლმე.

საქართველოზე პატარა ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ესტონეთი, ლიტვა თუ სხვა, კომერციული ბანკების ოდენობა 10-15 ერთეულია. მაშინ, საქართველოში რატომ უნდა იყოს მხოლოდ 5-6 მოთამაშე ამ ბაზარზე? მსხვილ ბანკებს ძალიან აწყობთ, რომ მათ კონკურენტები არ ჰყავდეთ და ეროვნული ბანკი ყველანაირად უწყობს ხელს მათ, რათა ის დომინანტური პოზიცია, რაც დღეს ბაზარზე ორ ბანკს უკავია უფრო დიდხანს გაგარძელდეს. ერთადერთი შანსი, რომ ქართულ საბანკო ბაზარზე ახალი სახე გამოჩნდეს, უცხოური ინვესტიციაა. თუმცა სამწუხაროდ, რაც გვყავდა ისინიც ვერ შევინარჩუნეთ, ვგულისხმობ HSBC-სა და „სოსიეტე ჟენერალს".

არ მესმის, რა არის ჩვენი მიზანი, რაც შეიძლება ცოტა მოთამაშე ბაზარზე, რომ კლიენტები კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ?  დღეს კიდევ ბანკირები სურვილებს გამოთქვამენ მათი კონკურენტების რაოდენობის შესახებ და ეროვნული ბანკი ყველანაირად ცდილობს ეს მოთხოვნები შეუსრულოს”, - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.