"ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით შეტყობინებაში მითითებული ტელეკომპანიების სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ შეიცვლება პოზიცია, ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას არხების სიგნალის გათიშვასთან დაკავშირებით", - აცხადებს საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი 6 ქართული ტელევიზიის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ მაუწყებლობაზე გადასახადის დაწესებას ცდილობენ. საკაბელო ტელევიზიებმა, შესაძლოა, სააბონენტო გადასახადი გააძვირონ. ამის მიზეზი საქართველოში მოქმედი 6 ტელეარხის რეტრანსლირების უფლების ერთი კომპანისთვის მინიჭება გახდა, რომელიც საკაბელო არხებს ტელევიზიების სიგნალის გავრცელებისთვის გარკვეულ გადასახადს დაუწესებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "იმედს", "რუსთავი 2"-სა და კიდევ 4 არხს საკაბელოებმა შეიძლება სიგნალი გაუთიშონ / "ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას".
"რამდენით გაძვირდება გადასახადი, უცნობია, კომპანიები ამაზე ჯერ ხაზგასმით არ საუბრობენ. მარეგულირებელ კომპანიაში კი საკითხს სწავლობენ და დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელ დირექტორ თეონა ბერუაშვილის განცხადებით კი, კომპანიები ამ შეთავაზებას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებიან და თუ საჭირო გახდება, სიგნალსაც გათიშავენ - "არც ერთ ქვეყანაში საერთო მაუწყებლის ტრანსლირებაზე საკაბელო ტელევიზიები თანხას არ იხდიან. ეს გარკვეულწილად "მასტ ქერის" პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს პრინციპი 2012 წლიდან მოქმედებს და ნაციონალური მაუწყებლების კონტენტის სავალდებულო ტრანსლირებას ითვალისწინებს საკაბელო ქსელებში. არ ვცნობთ და არ ვიღებთ შესასრულებლად მიღებულ შეტყობინებას. ამასთან ერთად, როგორც უნდა განვითარდეს სამართლებრივი ურთიერთობა თავად სამაუწყებლო კომპანიებსა და ზემოთ ხსენებულ კომპანიას შორის, ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით შეტყობინებაში მითითებული ტელეკომპანიების სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას", - აცხადებს აღმასრულებელი დირექტორი, რომლის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება პოზიცია, მიიღებენ "ერთობლივ გადაწყვეტილებას არხების სიგნალის გათიშვასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს გამოცემა.
"ცნობისთვის, კომპანია "ჯი-ემ-არი" გასულ თვეს შეიქმნა - "რუსთავი 2"-მა, "მაესტრომ", "ჯიდიესმა", "იმედმა", "მარაომ" და "კომედი არხმა" ამ კომპანიას მიანიჭეს რეტრანსლირების უფლება. კომპანიას ხელმძღვანელობს "მაესტროს" გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური, რომელმაც საკაბელო კომპანიებს უკვე შეატყობინა, რომ ქართული არხების სიგნალის მიღებისთვის შესაბამისი თანხის გადახდის მოუწევთ, რომელსაც აქამდე უფასოდ იღებდნენ. ამბობს, რომ ქართული საკაბელო არხები უცხოური ტელევიზიების სიგნალს თუ ყიდულობენ, რატომ არ შეიძლება, ასევე შეიძინონ ქართული არხების სიგნალი - "მაშინ, როდესაც ქართული არხების ყურებადობა, ჯამში, აღწევს 90%-ს, საკაბელო ოპერატორები ფულს უხდიან უცხოურ არხებს, ხოლო ქართული არხების შემოსავალი მთელი ამ წლების განმავლობაში ნულოვანია. ბუნებრივია, ეს მდგომარეობა არ შეესაბამება არც ბაზრის და არც სამართლიანობის პრინციპებს", მიიჩნევს ნაყეური, რომლის განმარტებით, "მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით, დაიწყო მოლაპარაკება საკაბელო ოპერატორებთან ზემოხსენებული ანომალიური სიტუაციის გამოსასწორებლად" - განაგრძობს გამოცემა.
"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ დაინტერესებულ პირებს ყოველთვის ექნებათ საშუალება, უფასოდ მიიღონ აღნიშნული არხების სიგნალი იმ პლატფორმებიდან (მულტიფლექსი, თანამგზავრული სისტემები), რომლებიც არ სთხოვენ დამატებით ანაზღაურებას მომხმარებლებს. მაგრამ ის ოპერატორები, რომლებიც ქართული ტელეკომპანიების მიერ შექმნილი კონტენტის გავრცელებითა და გადახვევის სერვისით იღებენ შემოსავალს, მოგების გარკვეულ ნაწილს უნდა უხდიდნენ კონტენტის შემქმნელებს. მოხდება ეს აბონენტისთვის ტარიფის გაზრდით, საკაბელო ოპერატორების მოგების მარჟის შემცირებით თუ საკუთარი სხვაგვარი კომერციული კონფიგურაციის მეშვეობით, არც ჩვენი კომპანიის და არც ტელემაუწყებლების ინტერესის საგანი და უფლებამოსილების სფერო არაა", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "რუსთავი 2"-ის ადვოკატ თამთა მურადაშვილის თქმით კი, ბაზარზე არსებობს იმის რესურსი, რომ ქართულ პროდუქციაში ისე გადაიხადონ ფული, აბონენტებს არ გაეზარდოს ფასი", - დასძენს გამოცემა.