"ზალბერის დაუყოვნებლივ დისტანცირება უნდა მოხდეს"

"ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისე დატოვა, რომ ცხინვალის რეგიონში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში არ მოუხდია - მისგან ვერც კონკრეტული განმარტება მოვისმინეთ, რატომ იმყოფებოდა ორი დღის განმავლობაში სოხუმში, მანამდე კი ცხინვალში, სადაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს აღნიშნული პოსტის დაკავება მიულოცა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა ზალბერმა მხოლოდ ის განმარტა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ამ პრინციპს იზიარებს", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "ზალბერმა, ფაქტობრივად, ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს" /"ზალბერის მსგავსი განცხადება 2015 წელს უპასუხოდ დარჩა" / "ზალბერის დაუყოვნებლივ დისტანცირება უნდა მოხდეს".

"ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრის დეტალებზე მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ისაუბრა: "ზალბერი ევროკავშირის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად დაბრუნდა სოხუმიდან და ცხინვალიდან. დეტალურად განვიხილეთ, რა ნახა რეგიონებში და ვისაუბრეთ ცხინვალში გამართულ შეხვედრებზე. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფორმატს ჩრდილი არ მიადგეს - მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებლად. მოგეხსენებათ, ჟენევის მოლაპარაკებები აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთი ფორმალური ფორმატია, სადაც განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები. აუცილებელია მოლაპარაკების ფარგლებში თანამშრომლობა გაგრძელდეს ისევე აქტიურად, როგორც ახლა მიმდინარეობს. ზალბერთან შეხვედრისას შეშფოთება გამოვხატეთ და დეტალურად ავუხსენით მას, რა პოზიცია აქვს საქართველოს~. საქართველოს ხელისუფლების პასუხით უკმაყოფილოა ოპოზიცია და ზალბერის განცხადებასაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სუსტ პოლიტიკას უკავშირებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ადრეც გაუხმოვანებია - "2015 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი სოხუმში წარმომადგენლობის გახსნას აპირებდა. გაირკვა, რომ ინფორმაციის წყარო სწორედ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი იყო. მეტიც, მან მაშინ განაცხადა: "ახლა ევროკავშირი არ არის იმ ვითარებაში, რომ აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ზოგიერთი პრაქტიკული ნაბიჯისთვის". 2015 წელს ზალბერის ეს განცხადება ქართული მხარისგან უპასუხოდ დარჩა. სწორედ მსგავსმა იგნორირებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ზალბერი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია. როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს,რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებსაც აღიარებს", - ამბობს სამადაშვილი, რომლის თქმით, ბუნებრივია, ამ განცხადების ტირაჟირებას რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, რაც პირდაპირ უშლის ხელს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას", - დასძენს გამოცემა.

"აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატი არა მხოლოდ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ფარავს - ის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებებშიც არის ჩართული, რაც კონკრეტული სახელმწიფოების სუვერენულ ინტერესებს აზიანებს. რაც მთავარია, სანამ ზალბერი ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისს ეწვეოდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მას მაქსიმალური კომფორტი შეუქმნეს და მის განცხადებას უნებლიე რეპლიკა უწოდეს, რომელსაც თურმე დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. თუ ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, არც ზალბერი შეეცადა თავისი განცხადების დეზავუირებას - ნებისმიერ დიპლომატს შეცდომის აღიარება კარიერულად საკმაოდ ძვირად უჯდება", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სალომე სამადაშვილი და შკითხვაზე - "რამდენად მოსალოდნელია, ზალბერმა ჟენევის მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარის სტატუსი შეინარჩუნოს?" - პასუხობს:

"საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციის გავრცელებისთანავე ზალბერის წინააღმდეგ დემარში უნდა დაეგეგმა როგორც ბრიუსელში, ისე ბერლინში და კატეგორიულად განეცხადებინა, რომ ქართული მხარე ვერ მიიღებს მას ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს. თანაც, ზალბერის მანდატი 15 ივნისს იწურება, რადგან მანდატის მინიჭების პროცედურა ყოველწლიურად ახლდება. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის ეს კარგი შანსი იყო, ზალბერის წინააღმდეგ ადეკვატური ზომები მიეღო და ის სხვა დიპლომატით ჩაენაცვლებინა. ფაქტია, ხელისუფლებას არ სურს საერთაშორისო დონეზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, რადგან ქართული მხარისგან ზალბერის გაწვევის მოთხოვნა, ბრიუსელში საქართველოს საკითხს გაააქტიურებდა. ძნელი წარმოსადგენია, საგარეო საქმეთა სამინისტროს არაკომპეტენტურობასთან გვქონდეს საქმე, უბრალოდ, მათ არ სურთ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პრობლემებზე საუბრით რუსეთს დისკომფორტი შეუქმნან".

"ჰერბერტ ზალბერის ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში თანათავმჯდომარის სტატუსით დარჩენას მიუღებლად მიიჩნევს ექსპერტი ვალერიან გორგილაძეც, რომელიც დარწმუნებულია, რომ ზალბერი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატია და ვარ, კარგად იცოდა, მის მილოცვას არა მხოლოდ საქართველოში, ბრიუსელშიც მასშტაბური დიპლომატიური სკანდალი მოჰყვებოდა. ექსპერტის აზრით, შესაძლოა, მას ბონუსების მიღება უნდოდა დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ასე უტიფრად მსგავსი მოლაპარაკებები არ ხდება და ფაქტობრივად, ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს. გორგილაძის თქმით, ნებისმიერ ფორმატში, რომელშიც საქართველოს პრობლემები იქნება განხილული, განსაკუთრებით კი ჟენევის მოლაპარაკებებში, "ზალბერის დაუყოვნებლივ დისტანცირება უნდა მოხდეს", - წერს სტატიის ავტორი.

"მსგავსი მოლაპარაკებით ვერავინ აიძულებს რუსეთს ვერც დეოკუპაციას და ვერც დევნილების სახლში დაბრუნებას, თუმცა ჟენევის ფორმატი აუცილებლად შესანარჩუნებელია და თუ თუნდაც სულ მცირე ნაბიჯების გადადგმა გვინდა, ზალბერისნაირი დიპლომატებისგან თავი უნდა დავიზღვიოთ. ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს, მით უმეტეს იმ საერთაშორისო წარმატების ფონზე, რასაც ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალს - აშშ-ის ფედერალურ ბიუჯეტში ცალკე თავია დათმობილი არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ეს ყოველგვარ პერსპექტივას უსპობს რუსეთს, ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწიოს. ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით მოგერინის განცხადებაც მწვავე იყო, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ოკუპირებულ ტერიტორიებში ჩატარებული `არჩევნების~ არალეგიტიმურობა. ვფიქრობ, ზალბერთან დაკავშირებით ხისტი გადაწყვეტილება ახლა ისევ ბრიუსელში უნდა მიიღონ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.