საქართველოში საკაბელო სატელევიზიო მომსახურება გაძვირდება. ბოლო წლებში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სარგებლობს საკაბელო მომსახურებით, ამიტომ მათთვის გადასახადის გაზრდა უკმაყოფილებას გამოიწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მუდმივად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა ტიპის მომსახურების გაძვირებაზე.
„გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე. „რუსთავი 2“, „მაესტრო“ და „იმედი“ აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება“, - ეს შეტყობინება „სილქნეტის“ ტელევიზიის - „სილქ-TV“-ს მომხმარებლებმა უკვე მიიღეს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედი 6 ტელეარხის რეტრანსლირების უფლება, შესაძლოა, ერთ კომპანიას მიენიჭოს. Media Rights Georgia ახლადშექმნილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დარეგისტრირდა. MRG-მ უკვე მიმართა საკაბელო კომპანიებს წერილით, რომ 1–ლი ივნისიდან ტელეარხების: „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ჯიდიესი“, „კომერდი არხი“, „მარაო“ რეტრანსლირების უფლება მათ, შესაძლოა, შეუჩერდეთ, თუ ნებართვის მისაღებად MRG-ს არ მიმართავენ.
MRG-სგან წერილი საქართველოში მოქმედმა თითქმის ყველა საკაბელო ოპერატორმა მიიღო. საკაბელოთა ასოციაციამ კი განცხადებით საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა. ასოციაციაში განმარტავენ, რომ 1 კომპანიის მიერ 6 არხის რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლება სააბონენტო გადასახადს გაზრდის, თავისუფალი კონკურენციის პირობებს კი შეზღუდავს. კომისიაში აცხადებენ, რომ ასოციაციის განცხადების შესწავლა უკვე დაიწყო.
რამდენი ლარით გაძვირდება საკაბელო ტელევიზიის აბონენტებისთვის გადასახადი, ჯერჯერობით უცნობია.
„სილქნეტი“ განმარტავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ტელევიზიებმა 20 მაისამდე უნდა მიმართონ ორგანიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში 1-ელი ივნისიდან მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება. სხვა კომპანიებს ამის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
Media Rights Georgia კომპანია „სილქნეტის“ განცხადებას, პაკეტის შესაძლო გაძვირებაზე მოულოდნელს უწოდებს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ნაყეური ამბობს, რომ მათი წერილობითი მიმართვის შემდეგ, „სილქნეტი“ MGR-ს არ დაკავშირებია.
„მოულოდნელი იყო ჩვენთვის „სილქნეტის“ ეს განცხადება. ჩვენ მივწერეთ წრილი, სადაც შევატყობინებთ, რომ რეტრანსლირების უფლებით 1-ლი ივნისიდან ვსარგებლობთ ჩვენ. თუ ისინი დაინტერესებულები არიან ამ არხების რეტრანსლირებით უნდა მოგვამრთონ წერილობით. „სილქნეტი“ არც მოსულა, არც დაურეკავს, პირდაპირ, გააკეთა მაყურებლებისთვის ეს განცხადება, ჩვენთვის ეს ცოტა მოულოდნელი და გაუგებარი იყო“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ნაყეურმა.
საკაბელოთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ სააბონენტო გადასახადი დანამდვილებით გაიზრდება, კონკურენციის პირობები კი შეიზღუდება. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ასოციაციის განცხადების შესწავლა უკვე დაიწყო.