მთაში ენერგოპროექტების განხორციელება უდიდეს წინააღმდეგობას აწყდება

მთაში ენერგოპროექტების განხორციელება უდიდეს წინააღმდეგობას აწყდება

მთიულეთში ენერგეტიკულმა დაპირისპირებამ იმხელა გამოხმაურება გამოიწვია, რომ საქმეში მთელი მთავრობა და საპატრიარქოც კი ჩაერთო. ასეთი რეაქცია ბოლოს ხაიშელებს ჰქონდათ ხუდონჰესთან დაკავშირებით და საკითხი იქ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. როგორც ჩანს, სვანების კვალდაკვალ პრიციპულ პოზიციას არ ღალატობენ აღმოსავლეთის მთიელებიც. ვითარების განსამუხტავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც კი მოუხდა საქმეში ჩართვა.

უწმინდესმა მწუხარება გამოთქვა იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. პატრიარქის განცხადებით, მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს.

„დიდად ვწუხვართ იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გაგავაცნო. ერთის მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია. გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ. მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. არადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.

რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს“, - აღნიშნულია უწმინდესის განცხადებაში.

წინა კვირას ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივების ნაწილი ხელისუფლებას სამარხების განადგურებაში ადანაშაულებდა. გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობის ინტერესების საზიანო ნაბიჯებს არ დგამს.

„საქართველოს მთავრობამ სამინისტროს ინიციატივით მიიღო ქვეყნის განვითარების ენერგეტიკული გეგმა. ეს გეგმა ითვალისწინებს ქვეყანაში ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა–რეაბილიტაციას მომავალი 10 წლის განმავლობაში. ამ დროს,

ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ დესტრუქციული ძალების მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ თავიანთი დეზინფორმაციით მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში“, - განაცხადა კალაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ელექტროგადამცემი ხაზები მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ის ადამიანები, ვინც არა მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, არამედ ზოგადად ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას უშლის ხელს.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ განვითარებას. ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ ამ ადამიანების მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი დეზინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში. ვისმენთ განცხადებებს, თითქოს ეს ხაზები საშიშია ჯანმრთელობისთვის, იწვევს მეწყერს, ვაზიანებთ გარემოს, ვაუბედურებთ ოჯახებს და ა.შ. ეს არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები და მიცვალებულებს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ენერგეტიკის მინისტრი დესტრუქციულ ძალებში, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ძალებში გულისხმობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.