მძიმე დანაშაულის ჩამდენსაც შეეძლება სასჯელიდან თავის «განრიდება»

მძიმე დანაშაულის ჩამდენსაც შეეძლება სასჯელიდან თავის «განრიდება»

ძალიან მალე ადამიანები მძიმე დანაშაულისთვისაც კი აღარ გასამართლდებიან. რა თქმა უნდა, ამისთვის ბიუჯეტში გარკვეული, უფრო სწორად გაურკვეველი თანხის გადახდა მოუწევთ. მთავრობა ამ გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის აუცილებლობით ხსნის. იურისტებს კი მიაჩნიათ, რომ ამ ინიციატივაში «ძალიან ბევრი რამაა საეჭვო».

იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს და «განრიდებასთან» დაკავშირებით ცალკე მუხლი ემატება.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, პროკურორს შეუძლია, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა პირის მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

ამისთვის კი განრიდების სუბიექტმა ერთი ან რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს.

ამ პირობებში დასახელებულია «უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება; დანაშაულის იარაღის ან და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; მისი ქმედები სშედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივ ანაზღაურება; სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს ფულადი თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი; საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის უსასყიდლოდ სამუშაოს შესრულება 140-დან 800 საათამდე.»

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ «განრიდება» არ შეეხება იმ პირებს, რომლებსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს შემდეგი დანაშაულებისთვის: ადამიანით ვაჭრობა, არასრულწლოვანით ვაჭრობა, ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობა, მძევლად ხელში ჩაგდება, წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა და ა.შ.

იმ შემთხვევაში კი თუ განრიდების სუბიექტი არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან განაახლოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

პროექტში ასევე გაწერილია, რომ განრიდების შეთავაზება განრიდების სუბიექტისთვის ხდება წერილობითი ფორმით, სადაც მოცემულია განრიდების პირობები, მათი შესრულების დრო, ადგილი და საშუალება.

ასევე განრიდების სუბიექტს წერილობით განემარტება, რომ განრიდების პირობების შესრულება არის ნებაყოფლობითი და იგი სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით.

განრიდების გადაწვეტილების მიღებამდე, პროკურორი კონსულტაციას გადის დაზარალებულთან თუ ასეთი არსებობს.

აღსანიშნავია, რომ საერთოდ ქართულ სისხლის სამართლის საპროცესო სამართალში «განრიდება» ახალი პრინციპი არ არის. 2010 წელს განრიდება შემოვიდა არასრულწლოვნებისთვის. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ არსურლწლოვნებთან დაკავშირებით ეს პრინციპი განსხვავებულად მოქმედებდა, ვიდრე დღეს კანონპროექტშია წარმოდგენილი.

არასრულწლოვნებთან დაკავშირებით «განრიდების» პრინციპი მოქმედებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი დანაშაული ჩადენილი იყო პირველად და ასევე იმ შემთხვევაში, თუ კი დანაშაული იყო ნაკლებად მძიმე კატეგორიის.

არსებული კანონმდებლობით, პროკურორი იმ არასრლუწლოვანთან, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული, დადებდა ხელშეკრულებას განრიდებასთან დაკავშირებით, თუკი ეს დანაშაული იქნებოდა ნაკლებად მძიმე.

ეს ხელშეკრულება ასევე მოიცავდა რამდენიმე პირობას. მაგალითად, არასრულწლოვანის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მის ჩაბმას სპორტულ ცხოვრებაში თუ მისი რესოციალიზაციის სხვა ღონისძიებებს.

ინიცირებული კანონპროექტი კი ამ პრინციპისგან საკმაოდ განსხვავდება. ამიტომაც, საია ამ ინიციატივას საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს.

«პირველ რიგში იმას აღვნიშნავ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საია-ს საბოლოო დასკვნა არა აქვს შემუშავებული და მე შემიძლია, ასოციაციის პირველადი მოსაზრებები გაგაცნოთ. ჩვენ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე არსებითი ხასიათის შენიშვნა გაგავაჩნია და გამორიცხული არ არის, რომ მუშობის პროცესში ეს შენიშვნები კიდევ შეიცვალოს,» - აცხადებს საია-ის საპარლამენტო მომხსენებელი თათული თოდუა.

როგორც იგი აღნიშნავს, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ »განრიდების» მექანიზმის გამოყენება შესაძლებელი იქნება არამხოლოდ დანაშაულის პირველად ჩადენის შემთხვევაში, რაც, მათი თქმით, ბუნდოვანს ხდის ამ იდეის შემოღების მიზანს.

«წარმოდგენილ კანონპროექტში არ არის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ განრიდების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დანაშაულის პირველად ჩადენის შემთხვევაში. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის თანახმად, განრიდებას შეიძლება დაექვემდებაროს ნასამართლევი პირიც, თუ ამ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული.

«ამ ჩანაწერში არის ორი პრობლემა. პირველი ის, რომ საუბარია მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში განრიდების გამოყენების მექანიზმზე. მეორე კი უკავშირდება ამ პრინციპის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

«დღეს არასრულწლოვანებთან დაკავშირებით განრიდების გამოყენება ამ ორ შემთხვევაში არ ხდება, რაც სრულიად გასაგებია. მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს ახლა ამ შესაძლებლობის შემოტანა. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ ნასამართლევი პირებისთვის ამის გამოყენება არ უნდა იყოს შესაძლებელი და ეს უნდა იყოს შანსი იმ პირებისთვის, ვინც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული,» - განმარტავს თათული თოდუა.

მეორე პრობლემა კი, მისი განმარტებით, უკავშირდება განრიდების პროცესში ადვოკატის როლს.

კანონპროექტის თანახმად, გადაწყვეტილებას ღებულოს პროკურორი და სწორედ იგია შუამავალი დამნაშავესა და სახელმწიფოს შორის. ადვოკატის მონაწილეობა კი სავალდებულოდ არ არის განსაზღვრული. ეს პრინციპი კი, საია-ს შეფასებით, პრობლემას შექმნის ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

«ამ პროცესში საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, განრიდების სუბიექტმა უნდა მიიღოს, თუ რომელი გზა აირჩიოს, დათანხმდეს თუ არა განრიდების პირობებს. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გარემოებების შეფასება და ამიტომაც ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო.

«კანონპროექტით კია გათვალისწინებული, რომ განრიდების სუბიექტი სარგებლობს ყველა უფლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს დამცველის ყოლის უფლება. მაგრამ, ეს იკითხება ირიბად და რეალურად გამოდის ის, რომ პროცესში ყველაფერი დამოკიდებულია პროკურორზე. პირი კი დაცვის გარეშე რჩება და ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაცვის ყოლის სავალდებულო მონაწილეობა უფრო მეტი გარანტი იქნებოდა განრიდების სუბიექტის უფლებების დასაცავად,» -აცხადებს თათული თოდუა.

გარდა ამისა, პრობლემად რჩება თავად განრიდების პირობებიც.

კანონპროექტით გათვალისწინებულია განრიდების რამდენიმე პირობა. ეს არის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის განხორციელება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ბიუჯეტში ფულის გადახდა. ამასთან, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მხოლოდ ქვედა ზღვარია განსაზღვრული 500 ლარის ოდენობით და გამოდის, რომ პროკურორს შესაძლებლობა ექნება, პირს მილიონიც კი მოსთხოვოს.

როგორც საია-ში აცხადებენ, ზედა ზღვარის განუსაზღვრელობა, ცხადია, ქმნის პრობლემას. თუმცა, მათი თქმით, კანონპროექტის ამ ნაწილში გაცილებით მეტ პრობლემას თავად ბიუჯეტისთვის თანხის გადახდის პირობა ქმნის, რადგან არ არის დასაბუთებული, თუ ეს რამიზანს შეიძლება ემსახურებოდეს.

«ჩვენ ვფიქრობდით, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონპროექტი ითვალისწინებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ბიუჯეტში კიდევ დამატებითი თანხის გადახდა არ არის გამართლებული. მით უმეტეს, რომ კანონპროექტის ჩანაწერის მიხედვით ბიუჯეტში გადასახდელი თანხის მხოლოდ მინიმუმი არის განსაზღვრული და მაქსიმალურ ზღვარს არ ითვალისწინებს.

«გასაგებია, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება რას ემსახურება, ასევე რას ემსახურება საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა, მაგრამ ბიუჯეტში თანხის გადახდა რის კომპენსირებას ითვალისწინებს, არ არის ნათელი და, თუ არ მოხდება ამ პრინციპის ამოღება, მაშინ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა მაინც უნდა განისაზღვროს,» - აცხადებს თათული თოდუა.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, პრობლემას ქმნის თავად ხელშეკრულების გაფორმების კანონპროექტით გათვალისწინებული პირობები.

«დღეს არასრულწლოვნებთან დაკავშირებული არსებული პრინციპისგან განსხვავებით, გარიგება არ ფორმდება ხელშეკრულების სახით, არამედ პროკურორი სთავაზობს გარიგებას წერილობითი ფორმით გარიგების სუბიექტს, რომელიც მას ან შეასრულებს ან არ შეასრულებს. ანუ, როგორც ასეთი, ნებას არ გამოხატავს დოკუმენტზე ხელმოწერით, არამედ ნებას გამოხატავს გარიგების პირობის შესრულებით. ანუ, თუ შეძლებს გარიგების პირობის შესრულებას, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თანახმაა მასზე და, თუკი ვერ შეასრულებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის თანახმა განრიდებაზე და ასეთ შემთხვევეში პროკურორი გააგრძელებს შეწყვეტილ სისხლის სამართლებრივ დევნას, იმ შემთხვევაში, თუკი საერთოდ არ დაუწყია, მაშინ აუცილებლად დაიწყებს.

«ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნება, თუკი ამას ხელშეკრულების სახე ექნება. ასევე ხელშეკრულებით იქნება განსაზღვრული ორივე მხარის პირობები და იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების დადება მოხდებოდა იძულებით და დაშინებით, შესაძლებელი იქნებოდა ხელშეკრულების გასაჩივრებაც კი,» - განმარტავს თათული თოდუა.

გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ კანონპროექტში არ არის გაწერილი, რა ხდება მაშინ, თუ განრიდების პირობები შესრულებულია ნაწილობრივ და ნაწილს განრიდების სუბიექტი არ ან ვერ ასრულებს.

როგორც საია-ში განმარტავენ, იმის გამო, რომ ეს პირობები არ არის გაწერილი, იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების სანახევროდ შესრულება არ ჩაითვლება შესრულებად და ისეთივე მექანიზმები ამოქმედდება, როგორც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში. ეს კი, საია-ს თქმით, არის უსამართლო მიდგომა და აუცილებელია, რომ შეიცვალოს.

«ჩვენ ვფიქრობთ, რომ, თუკი განრიდების პირობები ნაწილობრივ არის შესრულებული, აუცილებელია, განიმარტოს, რომ შესრულებული ნაწილი განრიდების სუბიექტს აუცილებლად უკან დაუბრუნდება. არ შეიძლება, ნაწილობრივ გადახდილი თანხის ბედი იყოს გაურკვეველი და ხელეშეკრულების ვერ შესრულების შემთხვევაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს,» - აცხადებს თათული თოდუა.

კანონპროექტის ავტორები კი აცხადებენ, რომ ეს საკითხები განიხილვისას შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. თუმცა, მათი თქმით, მთავარი არის ის, რომ ამით ხდება სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაცია და მათთვის ამ საკითხის კრიტიკა გაუგებარია.

მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემა ის არის, რომ ლიბერალიზაციის სახელის უკან საკმაოდ ბევრი პრობლემა იმალება.

გარდა იურიდიული პრობლემებისა, რაც შეიძლება ამ ინიციატივას მოჰყვეს და რაზეც საია-ც საუბრობს, პოლიტიკოსები შიშობენ, რომ »განრიდების მექანიზმი ხელისუფლების ხელში ისეთივე მზაკვრულ ინსტრუმენტად იქცევა, როგორც ეს საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში მოხდა.»

«ნებისმიერი, ერთი შეხედვით დადებითი წინადადება თუ დადებითი შეხედულება სისხლის სამართლის პოლიტიკაში, შეიძლება მზაკვრულ და საშიშ ინსტრუმენტად გადაიქცეს. როდესაც საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი შემოდიოდა 2004-2005 წლებში, მაშინაც ხელისუფლება ამას სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციით და ადამიანიის უფლებების დაცვით ხსნიდა, თუმცა, შედეგი მხოლოდ განადგურებული ადვოკატურა და ნამუს ახდილი სასამართლო სისტემაა.

«განრიდების სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო წაახალისებს პროკურატურის ჩარჩმოვაჭრეობას, რომელსაც ეს ინსტიტუტი საპროცესო გარიგებებით ეწევა. ვფიქრობ, განრიდების ინსტიტუტი, რომელიც ინერგება, სწორედ ასეთ თუ არა, უარეს იარაღად გადაიქცევა ხელისუფლების ხელში, როგორიც საპროცესო შეთანხმებებია. ამით ხელისუფლება იმ ორ კურდღელს მოკლავს საბოლოოდ, რომელიც მძიმედ დაჭრილი ისედაც ქამარზე ჰყავს ჩამოკიდებული. ერთი სასამართლოა, მეორე კი ადამიანის უფლებები. პროკურატურა იქმნის მექანიზმს, რომ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დამნაშავეებთან 500 ლარს ზემოთ ივაჭროს,» - აცხადებს «თავისუფალი დემოკრატების» წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.