მსხვილი ბანკირები ბაზარზე წვრილფეხა საფინანსო ინსტიტუტების ადგილს ვერ ხედავენ. მათი აზრით, მოსახლეობით მცირერიცხოვან საქართველოში ამდენი ბანკის ადგილი არ არის. ამ აზრს კარგა ხანია ახმოვანებენ ფინანსისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მალე საფინანსო სექტორში სულ რამდენიმე მსხვილი კომპანია დარჩება.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საქართველოში საკმაოდ ბევრი ბანკია. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებას, რომლის მიხედვით, კომერციული ბანკებისთვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ბუცხრიკიძის თქმით, ეს არის რეგულატორის მოთხოვნა, თუმცა ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, 50 მილიონი ლარი საკმარისი არ არის.
„დღეს რომ წარმატებული საბანკო ინსტიტუტი გქონდეს საქართველოში გაცილებით მეტი ინვესტიციაა საჭირო და ეს ბუნებრივი მოთხოვნაა. მეორე, რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბანკები საკმაოდ ბევრია ბაზარზე და ალბათ, საშუალო ვადაში მოსალოდნელია, რომ მათი რაოდენობა შემცირდება... იმისათვის, რომ იყო წარმატებული ბანკი და წარმოდგენილი იყო ან ერთ, ან რამდენიმე სეგმენტში, ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზო შენს მომხმარებელს, ჩემი აზრით, 50 მილიონი ინვესტიცია არ არის საკმარისი. რამდენი ასეული მილიონის ინვესტიციაა საჭირო“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ და დასძინა, რომ „თიბისი ბანკის“ კაპიტალი მილიარდზე მეტია.
მისივე თქმით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ბანკები დღეს ბევრია. „შესაბამისად სამომსავლოდ ისეთი ზომის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ალბათ, საკმარისი უნდა იყოს მაქსიმუმ 7-დან 10 ბანკამდე“, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადებას მსწრაფლ გამოეხმაურა და ასეთი პირდაპირი ნათქვამი სულაც არ მოუწონა. კობა გვენეტაძის თქმით, ბანკებისთვის კაპიტალის ზრდა არ ნიშნავს, რომ ბაზარზე ახალი ბანკები ვერ შემოვლენ და კონკურენცია შეიზღუდება.
„რამდენი ბანკი იქნება, ამას დრო დაგვანახებს, არ უნდა გავიქცეთ ძალიან წინ. არიან მსხვილი ინსტიტუტები სისტემაში, მაგრამ არიან ორგანიზაციები და ბანკები, რომლებიც თანაბარი ზომის არიან და სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობენ. ეს აჩვენებს, რომ არის ბაზარზე კონკურენცია და ხდება საპროცენტო განაკვეთების შემცირებაც“, - განაცხადა გვენეტაძემ.
აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორში შემცირება-კლების ტენდენციაზე კარგა ხანია საუბრობენ ფინანსისტები. მათი ვარაუდით, სამომავლოდაც ქართული ბაზარი ორი მსხვილი და რამდენიმე წვრილი ბანკით იქნება წარმოდგენილი. ექპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი რამდენიმე თვის წინ თითქმის იგივეს ამბობდა, რასაც ახლა ერთ-ერთი წამყვანი ბანკის ხელმძღვანელი.
„საბანკო სექტორში ცვლილებები ყოველთვის იყო. 90-იან წლებში 60-მდე ბანკი არსებობდა, მერე ჩამოშორდნენ წვრილები და დარჩა რამდენიმე ბანკი, რომელიც დღესაც მუშაობს. საბოლოოდ სახეზეა რამდენიმე ბანკი, მაგრამ რეალურად ორი მათგანი მუშაობს. ეს არ ნიშნავს, რომ მცირე ბანკები საერთოდ გაქრებიან. აქ საშიშროება ისაა, რომ სამომავლოდ წვრილ ორგანიზაციებს აღარ ექნებათ ბაზარზე შემოსვლის საშუალება.
დღეს ასეთი ბარიერი არ არსებობს არც ერთი ბანკისთვის. დღევანდელი პროცესი არაა მონოპოლიზაციის გამოძახილი, თუმცა მომავალში გამორიცხული არ არის, რომ მსხვილი ბანკების აბსოლუტური მმართველობა დამყარდეს ქართულ ბაზარზე“, - აცხადებდა თოქმაზიშვილი.