სატრანსპორტო პროექტები არჩევნების წინ

სატრანსპორტო პროექტები არჩევნების წინ

დედაქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტის განხორცეილება იგიმება. მათი უმრავლესობა შემოდგომამდე, ანუ ადგილობრივ არჩევნებამდე დასრულდება. ძირითადი აქცენტი ელექტრო და ეკოლოგიურ ტრანსპორტზე კეთდება.

თბილისის ახალი, 23-ე მეტროსადგურით სარგებლობას მოქალაქეები, სავარაუდოდ, 2017 წლის აგვისტოში შეძლებენ. სამუშაოები მაისში სრულდება, რის შემდეგაც მეტროსადგურს აგვისტომდე სატესტო რეჟიმში აამუშავებენ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტი სღირებულება 83 000 670 ლარია. მეტროსადგურის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო.

ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს. „უნივერსიტეტის“ ამუშავება, დღეში 15 000-ზემეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს.

მიწისქვეშა ქსელის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მიწისზედა ელექტროტრანსპორტის სქემაზე. თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ტრამვაის განვითარებაზე მუშაობა გააქტიურებულია და პირველ რიგში ორი ხაზი მოიაზრება.

„1. მაღლივი-ორთაჭალის 14 კმ-იანი მონაკვეთი და 2. დიდი დიღომი-მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით, ისიც 14 კმ-იანი ხაზი. ტრამვაის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმება, რადგან ამ ეტაპზე ინვესტიციები მეტროსა და ავტობუსებში უნდა განხორციელდეს.

ტრამვაის ნაწილი არის გრძელვადიანი გეგმა, უახლოესი 3-4 წელიწადი, ბუნებრივია, ამაზე ფიქრი რთული იქნება. ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, პირველ ეტაპზე ინვესტიციები მეტროსა და ავტობუსში უნდა განხორციელდეს, რადგან გაუმჯობესება რეალურად იქ არის საჭირო და ამის შემდეგ შეიძლება ტრამვაის მიმართულების განვითარებაზე ვიფიქროთ“, - განმარტა მან.

ქალაქისთვის ტრამვაის დაბრუნება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი საკითხია, რომელიც გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრების თქმით, აბსოლუტურად ეკოლოგიურია და თბილისის ქუჩებს ძალიან სჭირდება.

ამის შემდეგ დედაქალაქის მესვეურთა ყურადღება ველოსიპედებსაც გადასწვდება და უახლოეს თვეებში თბილისს რამდენიმე ველობილიკი ექნება. როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელი მირიან ლებანიძე აცხადებს, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე (დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე და წრიული მიმართულებით უკან) კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს სამუშაოებს. როდესაც დასრულდება სამუშაოები სატრანსპორტო სამსახური მოაწყობს საჭირო მოაჯირებს, შუქნიშნებს და ველობილიკები შევა ექსპლოატაციაში. სანაპიროზე ველობილიკის სიგრძე 8 კილომეტრი იქნება.

პარალელურად, კეთილმოწყობის სამსახური დიღომში მირიან მეფის ქუჩაზე გზის მოწყობისა და ველობილიკის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც ივნისში უნდა დასრულდეს. დიღომში ველობილიკის სიგრძე 3 კილომეტრი იქნება.

სპორტის სამსახური კი უახლოეს დღეებში გამოცხადებს ტენდერს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ველოსადგომების მოსაწყობად. პირველ ეტაპზე 20 ველოსადგომი უნდა მოეწყოს.

გარდა ამისა, დედაქალაქში კიდევ ერთი მსხვილი პროექტის განხორციელება იგეგმება. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ეს პეკინის ქუჩის რეაბილიტაციას ეხება, რომელიც ზაფხულში განხორციელდება.

სამუშაოების გამო, ზაფხულში პეკინის ქუჩა დროებით გადაიკეტება.

„ოლნიუსის“ ცნობით, გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები, საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.

გარდა ამისა, თბილისის მერიის გეგმის მიხედვით, 2017 წელს მარშალ გელოვანისა და ახვლედიანის გზის დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობა, ნაფეტვრები-ახალდაბის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტირება, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით ესტაკადის მოწყობა და რამდენიმე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება.