ინფლაცია ძალიან მაღალია, სიტუაციაზე კონტროლი დაკარგულია

ინფლაცია ძალიან მაღალია, სიტუაციაზე კონტროლი დაკარგულია

ინფლაციის მოთოკვა ვერ ხერხდება. ეროვნული ბანკი თითქოს რაღაცას ცდილობს, მაგრამ ვითარებაზე კონტროლი დაკარგული აქვს. როგორ ჩანს, მთელი წლის განმავლობაში ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

2017 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 0,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,1 პროცენტი შეადგინა. ამ პერიოდში ფასების 7,6-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 2,31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (18,2 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (11,5 პროცენტი). გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი (10,8 პროცენტი), ხორცი და ხორცპროდუქტები (8,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,7 პროცენტი). ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (30,0 პროცენტი) და ალკოჰოლურ სასმელებზე (1,8 პროცენტი);

მაღალი ინფლაცია უკვე ყველა მიმართულებით აშკარაა, ამას გრძნობენ საქართველოს ეროვნული ბანკში, სადაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7%-მდე უკვე გაზარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2018 წელს დაუბრუნდება. მიუხედავად ამისა, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების საჭიროება წელს აღარ არის.

„ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ერთჯერადი ფაქტორების გამო, 2017 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება, თუმცა მისი ამოწურვის შემდეგ, 2018 წელს, იგი შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ეროვნული ბანკის მიზანი არის ფასების სტაბილურობა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას. მოკლევადიან პერიოდში იგი შეიძლება, გადაიხაროს სამიზნე მაჩვენებლიდან, როგორც ზრდის, ასევე კლების მიმართულებით, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში ის დაუბრუნდება მიზნობრივ ნიშნულს.

ფასების სტაბილურობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და დასაქმებისათვის. თუ გვექნება საგარეო შოკი, რაც ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, შესაძლებელია, გაცვლითი კურსი შეიცვალოს, მაგრამ არ დაირღვეს ფასების სტაბილურობა. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველი მეწარმეები შეინარჩუნებენ კონკურენტუნარიანობას. დასაქმებასა და ეკონომიკაშიც პრობლემები არ გვექნება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ინფლაციის მატება გაგრძელდება, თუკი მთავრობა გადასახადების შემცირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ მთავრობას დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, გადასახადები გაზარდა ბენზინსა და დიზელზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს.

ფინანსისტი ვახტანგ ჭარაია ეროვნულ ბანკს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს, რადგან მთელი წლის განმავლობაში ნამდვილად მოსალოდნელია მაღალი ინფლაცია.

„ვხედავთ, რომ იგი უკვე 6%-ის ფარგლებშია. მართალია, ეკონომიკური ზრდა მაღალია და ისიც 5%-ს აღემატება, მაგრამ მოსახლეობა დღეს ინფლაციას უფრო გრძნობს. სწორედ ამიტომ ეროვნულმა ბანკმა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა იმოქმედოს, მით უმეტეს, რომ მათ ინფლაციის კონტროლი პირდაპირ ევალებათ. 2017 წლის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ია, რასაც დღევანდელი მაჩვენებელი უკვე აღემატება“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.