ტაქსების რეგულირება ჯერჯერობით არ ამოქმედდება. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებით სამუშაო დოკუმენტი არსებობს, რომელიც სპეციალისტებთან ერთად არის შექმნილი. ლიცენზირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ვადებზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან აღნიშნული სამუშაო დოკუმენტი უნდა დაიხვეწოს.
„აღნიშნული სამუშაო დოკუმენტის მთავარი მიზანია უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს როგორც მძღოლის, ასევე ავტომობილის უსაფრთხოებას. თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტი უნდა დავხვეწოთ და საერთაშორისო პრაქტიკას გავეცნოთ. უახლოეს პერიოდში ჯერჯერობით ჩვენ ეს დაგეგმილი არ გვაქვს. როდესაც დოკუმენტი გახდება საჯარო, ამის შემდეგ შეგვიძლია კონკრეტულ ვადებზე საუბარი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მერიაში მიაჩნიათ, რომ ის ტაქსები, რომლებიც თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან, უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის ნორმებს და იყვნენ ტექნიკურად გამართულნი. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით რეგულირების პროცესის დაწყება მიზანშეწონილია. ავტომობილი უნდა იყოს მუდმივად მწყობრში, ხოლო მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამებოდეს ნორმებს.
„ჩვენთან ტაქსების ბაზარი არ რეგულირდება და არანაირი კონკრეტული რეგულაცია არ არსებობს, რაც არის პრობლემატური რამდენიმე მიზეზის გამო. მთავარ პრობლემას წარმოადგენს მგზავრთა უსაფრთხოება და ურბანული მობილობის რიგი საკითხები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს თბილისში ტაქსების ბაზარი. გვაქვს რამდენიმე ვერსია, რომელიც დამუშავების პროცესშია. შემდეგ გვინდა, რომ ეს მასალა წარვუდგინოთ საზოგადებას. ამიტომ, ვფიქრობთ, ამერიკელი ექსპერტების გამოცდილება ამ კუთხით საინტერესო იქნება“, – აღნიშნავს დედაქალაქის მერის მოადგილე.
მერიაში ამტკიცებენ, რომ ახალი რეგულაციები ეტაპობრივად განხორციელდება და სექტორში დასაქმებულებს მინიმალური დანახარჯებით მომზადების საშუალებას მისცემს. მაგალითად, ტაქსების ტექნიკური დათვალიერების ვალდებულება, წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში საყოველთაო ტექნიკური დათვალიერების შემოღების პროცესს დაემთხვევა. ესე იგი, პროცესი მინიმუმ 1 წლის შემდეგ დაიწყება, რადგან ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება 2018 წლამდე ვერაფრით ამოქმედდება.
ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებს პროცესის გაჭიანურება ძალიან აეჭვებთ. მათი აზრით, ინიციატივა ვერ გაამართლებს.
„თუ მერიას სურს, ქალაქში გაჩნდეს სატაქსო კომპანიები და გამართული მანქანები, უნდა დააწესოს კონკრეტული მოთხოვნა ავტომობილის ვიზუალზე და გამართულობაზე, თუმცა ისინი უნდა გაათავისუფლოს გადასახადებისგან. მათ დამატებითი მომსახურებაც უნდა შესთავაზოს, უფასო კურსები კვალიფიკაციის ასამაღლებლად მძღოლებისთვის და ა.შ. ასეთი მიდგომით ქალაქში სატაქსო კომპანიების რიცხვი მოიმატებს. რეალურად, წელს რომ არ მოხდეს მათი რეგულირება და მომავალი წლისთვის გადაიდოს, ვფიქრობ, მაინც არ გაამართლებს ეს ინიციატივა“, - აღნიშნავს კოალიცია „ეკო-ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.