მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვა ძველი გზიდან გადაუხვევს

მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვა ძველი გზიდან გადაუხვევს

მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ძალაში პირველი მაისიდან შევა. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო დაზღვევამ დიდი ცვლილება განიცადა და იგი სულაც აღრ არის საყოველთაო. სპეციალისტები ახალ გადაწყვეტილებაზე დიდ იმედებას არ ამყარებენ.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო დაზღვევაში ვერ ჩაერთვება ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდება მაღალი შემოსავალი. საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვისაც (შემოსავალი თვეში საშუალოდ 1000 ლარი ან მეტი) იცვლება პირობები. ასეთმა ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი კერძო დაზღვევასა და საყოველთაო ჯანდაცვის შეკვეცილ პროგრამას შორის. ამ კატეგორიისთვის, კერძო დაზღვევის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენარჩუნდება ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე, კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპიაზე, ასევე, მშობიარობა-საკეისრო კვეთის მომსახურებაზე.

დაბალი შემოსავლის მქონე (თვეში 1000 ლარამდე), ასევე თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე და სხვა პირებს, კერძო დაზღვევის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა ცოტათი შეზღუდული პაკეტით. ასევე, გარდამავალ პერიოდში მათ ეძლევათ პრივილეგია, ჩაერთონ კერძო სადაზღვევო სქემებში. თუ ასეთი პირი შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მაინც მიეწოდება უცვლელად.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოსახლეობას, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000 ლარამდე მერყეობს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს სრულად შეუნარჩუნდებათ „საბაზისო პაკეტი“. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მედიკამენტების კომპონენტი ემატება. კერძოდ, 2017 წლის ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000-სს არ აღემატება, ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდება.

მიზნობრივი ჯგუფებისთვის მედიკამენტების შესაძენად მთავრობა საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო ინფორმაციით, წამლების შემოტანაზე მთავრობა მაღალი ხარისხის კონტროლს დააწესებს.

„დღეიდან გააქტიურდება საერთაშორისო ტენდერი, რომელსაც ჩვეულებრივ სჭირდება თვენახევარი, ამის შემდეგ 2 კვირაში მოხდება შემოტანა და დისტრიბუცია. ამ მედიკამენტებზე ჩვენ დავაწესებთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის კონტროლს ნიშნულს. ეს მედიკამენტები უნდა იყოს ან ევროკავშირში წარმოებული, ან კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული საერთაშრისო ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერტიფიკატი“, - განაცხადა სერგეენკომ.

მიზნობრივ ჯგუფებში შემავალ პირებს - პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, შშმ პირებს და 6 წლამდე ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღება თვეში მაქსიმუმ 1 ლარი დაუჯდებათ.

სერგეენკოს ინფორმაციით, პროექტი არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იყო წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. დღეს ეს კომპონენტი უკვე გავრცელდება 100 000-მდე ქულის მქონე ადამიანებზე. მათ დაუფინანსდებათ 5 ქრონიკული დაავადების მედიკამენტები - არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისხლძარღვების დაავადება, დიაბეტის მეორე ტიპი, ფილტვების ქრონიკური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე დაზღვევის ცვლილებებზე დიდ იმედს არ ამყარებს. მისი აზრით, თუკი ჯანდაცვის სფეროში ძირეული პრობლემების მოგვარება არ დაიწყება, ნებისმიერი პროგრამა მოკლევადიანი აღმოჩნდება და მუდმივად იქნება თანხის დეფიციტი.

„ჩვენ პრობლემის სათავეს კი არ ვებრძვით, არამედ სპონტანურად გაჩენილ სირთულეებს. ყველაფერს კომპლექსურად თუ არ მიუდგა სახელმწიფო, ეს პროგრამა მუდმივად იქნება მოკლევადიან შედეგზე გათვლილი. საბოლოო ჯამში, საყოველთაო ჯანდაცვა ყოველთვის დეფიციტური იქნება“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.