ისევ პანკისი, ისევ რუსული ბრალდებები...

ისევ პანკისი, ისევ რუსული ბრალდებები...

იცით, აგვისტოს ომის ხუთ დღეში რამდენი საავიაციო რაკეტა და ბომბი ესროლა და ჩამოაგდო რუსეთის ავიაციამ საქართველოში? - ორი ათასამდე! მაგრამ მათგან არც ერთი არ დაცემულა საქართველოს იმ რაიონში, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში რუსეთის არმიის მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა და რამდენჯერმე დაბომბა კიდეც. ლაპარაკია პანკისის ხეობაზე, რომელსაც კრემლი მუდმივად გვითვლიდა ჩეჩენი მებრძოლების მომზადების ცენტრად და 2002 წელს მართლაც გადავრჩით იქ რუსულ მასობრივ საავიაციო დარტყმებსა და რუსული დესანტის გადასხმასაც, რადგან ქართულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელი კოლეგების დახმარებით მოასწრეს ხეობიდან გილაევის რაზმის გაყვანა...

აგვისტოს ომში კრემლი თავისი სამხედრო აგრესიის გამართლებას "საქართველოს მშვიდობისათვის" იძულებით ცდილობდა და ამიტომაც ამ გეგმაში არ ჯდებოდა პანკისის დაბომბვა.

მაგრამ ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე აკეთებს სენსაციურ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს სპეცსამსახურები პანკისიდან ეხმარებიან ტერორისტებს ჩრდილო კავკასიაში დივერსიების ჩატარებაში დაღესტნის ნავთობ და გაზმაგისტრალებზე და ამისთვის "ბოევიკებს" ამარაგებენ იარაღით, ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ფინანსებით...

სხვადასხვა თაობის რუს ჩინოვნიკებს აგვისტოს ომის შემდეგაც დაუბრალებიათ საქართველოსთვის იმ მებრძოლების დახმარება, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში მოსვენებას არ აძლევენ რუსეთის ფედერალურ ორგანოებს, ანადგურებენ რუს მილიციელებსა თუ სამხედროებს. მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ღია ბრალდებას თავად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი აკეთებს.

ჩანს, გენერალ ბორტნიკოვს სურს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დღემდე ვერ აღკვეთეს თავდასხმები და დივერსიული აქტები ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი ინგუშეთში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში და ყველაფრის გადაბრალება ისევ მეზობელ საქართველოზე სურთ.

თუმცა ფაქტია, რომ კადიროვისა თუ მისი მოსისხლე მტრის, იამადაევის მორჩილი შეიარაღებული ჩეჩნები აგვისტოს ომში პირიქით, საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ჩეჩნეთში, მიუხედავად იმისა, რომ კადიროვმა საზეიმოდ გამოაცხადა ანტიტერორისტულ ომში გამარჯვება, ჯერ კიდევ ბევრი პატრიოტი რჩება, რომლებიც არასდროს შეეგუებიან მოსკოვის დიქტატს. ისინი იატაკქვეშეთიდან მოქმედებენ წმინდა პატრიოტული გრძნობებით და ყოველგვარი ქართული სპეცსამსახურების დახმარების გარეშე ნებისმიერ მოხერხებულ დროს ისევ ააფეთქებენ რუსი სამხედრო პატრულისა თუ რუს მილიციელთა პოსტებს. მაგრამ ჩვენთვის კვლავ, ისევე როგორც 2001-2002 წლებში, რჩება დიდი საფრთხე (რაც აგვისტოს ომის შემდეგ გაიზარდა კიდევაც), რომ "საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების" მიზნით რუსეთმა საავიაციო დარტყმა მიაყენოს პანკისის ხეობას...

თანაც კრემლი ეცდება საერთაშორისო მასშტაბით ამის გამართლებას - როგორც აშშ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები ებრძვიან "ალ-ქაიდას" ავღანეთში წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით, ისე რუსეთის საზღვართან პანკისში (არადა პანკისი 60 კმ-ით მაინცაა დაშორებული რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან) საერთაშორისო ტერორისტების მოსამზადებელი ბაზა დავბომბეო...