"საქართველოში შემოტანილი და სავაჭრო ქსელში გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შეიცავს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება როგორც საკვებით, ჭურჭლითა და სამზარეულო ნივთებით, ასევე ქსოვილებით, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება მავნე ზეგავლენა, რასაც სინთეტიკური ქსოვილები და საღებავები იწვევენ. ცხადია, ანალოგიური პრობლემაა ყველგან, თუმცა ჩვენს ყურადღებას ამჯერად იწვევს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქცია, რომელთა უმეტესობა უხარისხო და იაფია. უხარისხო საქონელი ძირითადად თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის და მოჰყვება არასრული ეტიკეტები, რომლის წაკითხვა მომხმარებელს არაფერს აძლევს. ისიც უნდა ითქვას, რომ ტანსაცმლის შეძენისას იარლიყზე დატანილ ინფორმაციას თითქმის არავინ ეცნობა და მყიდველი ბრმად იძენს ამა თუ იმ სამოსს, რომელსაც ხანდახან წლების განმავლობაში იყენებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით "სავაჭრო ქსელები მავნე ტანსაცმლით აივსო!"
"საფრთხე კი ნამდვილად დიდია. როგორც გამოცემას ბიოქიმიკოსმა, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ განუცხადა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საშიში ტანსაცმლის მომხმარებელია. ზოგადად, ეს ეხება არა მხოლოდ ზედა სამოსს, არამედ საცვლებს, თეთრეულს და სხვა. თუ ჩასაცმელის ფერი, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, მოქმედებს პიროვნების გუნება-განწყობაზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქსოვილის ქიმიური შემადგენლობა გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. "სინთეზური ქსოვილი იაფი ჯდება, არ იჭმუჭნება, დიდხანს ინარჩუნებს ფერს და მოხმარების მხრივ ხელსაყრელია. ამ დროს მას საკმაოდ მავნე შედეგი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სინთეტიკური ტანსაცმლის გამოყენება სასტიკად აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს ენემია, კანის დაავადებები - ფსორიაზი და ეგზემა. ჯანმრთელმაც რომ ატაროს დაბალი ხარისხის სინთეზური ქსოვილი, შესაძლოა, დერმატიტი განუვითარდეს. არანაკლებ საშიშია სინთეზური თეთრეული, რომელსაც აქვს სოკოების და სხვა მიკროორგანიზმების დაგროვების უნარი. ასთმიანი ან ალერგიული ადამიანისთვის ის განსაკუთრებით საშიშია. ასეთ თეთრეულში წოლა ჯანმრთელობის მაღალ რისკს შეიცავს. მაგალითად, ლეიბს თუ ზედიზედ 5 წელიწადს გამოიყენებთ, მავნე მიკრობების ნორმა დასაშვებს 3-ჯერ გადააჭარბებს. ბალიშებში სინთეზური შემავსებლებით ობის სოკოები 2-ჯერ მეტია, ვიდრე ბუმბულით გატენილ ბალიშებში", - განმარტავს გახოკიძე. მისი თქმით, სინთეზური ბოჭკოსგან დამზადებული ქსოვილები სტატიკური ელექტრობის გამო იწვევს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას, მოქმედებს სისხლძარღვთა ტონუსზე და ხდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ცვლილება. თუკი ადამიანი ხშირად ატარებს ასეთ ტანსაცმელს, ხდება ორგანიზმზე სტატიკური ელექტროობის ზემოქმედება, რისი შედეგია სწრაფი დაღლა, გაღიზიანება, უძილობა, არტერიული ჰიპეტენზია, რადიკარდია და ა.შ.", - აღნიშნავს გამოცემა.
"სინთეტიკა კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მოძრაობისას სხეული ცხელდება და ოფლიანდება, რაც იწვევს გამონაყარს, ქავილს, ქრონიკულ სურდოს და სხვა. აუცილებელია ეტიკეტზე ქსოვილის შემადგენლობის ზუსტი აღნუსხვა. თუ ის 70% ნატურალური ბოჭკოსგან შედგება, ნორმაა (ცხადია, ნატურალური სჯობს). რაც მეტია სინთეტიკა, მით უფრო ცუდად ცირკულირებს ჰაერი და ირღვევა თერმორეგულაცია. პირველ რიგში, უნდა დაყნოსოთ ქსოვილი და თუკი იგრძნობთ საღებავის სუნს, უარი თქვით მის შეძენაზე. საღებავში ტოქსიკური მასალები გამოიყენება და მისი გასუფთავება შეუძლებელია. ძირითადად იყენებენ აზო საღებავებს, რაც იწვევს ალერგიასა და ონოკოლოგიურ დაავადებებს. საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 50-იან წლებში აიკრძალა აზო საღებავებით მაისურების შეღებვა, რადგან დადასტურდა, რომ მისი კანზე შეხება კიბოს პროვოცირებას იწვევდა. დღეს ამას ყურადღებას არავინ აქცევს. აზო საღებავი კარგია იმ მხრივ, რომ გამძლე შეფერილობას იძლევა, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ აკრძალა, ხოლო გერმანიაში "შავ წიგნში" შეიტანეს. ასევეა "მოვეინი", ერთ-ერთი პირველი სინთეზური საღებავი, ძალიან საშიში, რომელსაც ბავშვების ტანსაცმელშიც იყენებენ. სინთეტიკური ქსოვილის გარდა, საღებავები და წებოები ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. დადგენილია რომ ამინებსა და აზო საღებავებთან ხანგრძლივი კონტაქტი იწვევს შარდსადინარისა და საშარდე ბუშტის კიბოს განვითარებას. ასეთ საღებავს სუნი არ აქვს და მომხმარებელს დამოუკიდებლად მისი აღმოჩენა ტანსაცმელში არ შეუძლია", - განმარტავს რამაზ გახოკიძე.
"ამიტომაა, რომ ბუნებრივი ქსოვილის ნაწარმი ყოველთვის გაცილებით ძვირია, ვიდრე ხელოვნური ქსოვილისგან დამზადებული. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კი მსყიდველუნარიანობის დონის გათვალისწინებით ჩასაცმელის ყიდვისას ფასს უფრო აქცევს ყურადღებას, ვიდრე ხარისხს. თუკი ზოგიერთი სამოსი ჯანმრთელობას ვნებს, სხვები, პირიქით, დაავადებისგან განკურნებას ეხმარება. ნატურალურ ქსოვილს ზოგჯერ სამკურნალო პრეპარატების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, სელს, რომელიც 7000 წელია ცნობილია, უწინ დამცავ თვისებებს მიაწერდნენ და მას წმინდა ქსოვილსაც უწოდებდნენ. ძველ საბერძნეთში ამ ქსოვილის სამოსი ქურუმების პრივილეგიად ითვლებოდა, ხოლო ეგვიპტეში მხოლოდ არისტოკრატებისათვის იყო ხელმისაწვდომი. სელი ნატურალური ანტისეპტიკია (ანთების საწინააღმდეგო). მიკრობებს ანადგურებს და ამგვარად ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების აღმოცენებას აბრკოლებს, ამავე დრო არ იწვევს ალერგიას. მეომრებს ჭრილობები სწრაფად რომ მოშუშებოდათ, ნაიარევზე სელის ტილოს ახვევდნენ. მათ კი, ვისაც კანის დაავადებები (ატოპური დერმატიტი, ეგზემა, აკნე, ტროპიკული და კანის ინფექციური დაავადებები, ფსორიაზი და სხვა) აწუხებთ, შალის სამოსი უნდა ატარონ. ნატურალური შალი შემადგენლობით ადამიანის თმის მსგავსია, მაგრამ მასზე უფრო მაგარია. შალი ადამიანის სხეულის ნივთიერებათა ცვლაზე სასიკეთოდ მოქმედებს. იმავდროულად, შალის ბოჭკო იმდენად გლუვი და ნაზია, რომ მგრძნობიარე კანს არ აღიზიანებს", - წერს სტატიის ავტორი.
"სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წინდები, თეთრეული და ფეხსაცმელი ნატურალური ფაქტურისგან დამზადებული ვატაროთ. ამით თავიდან ავიცილებთ უსიამოვნო სუნს, ბაქტერიულ დაავადებებსა და სხეულის სიმძიმეს. შესაძლოა, ფეხსაცმელი ლამაზიც იყოს, მოდურიც და არც დიდად აზარალებდეს მომხმარებლის ბიუჯეტს, მაგრამ ჰქონდეს ისეთი ნაკლი, რომელიც მის ყველა ღირსებას გააუფერულებს, ანუ იყოს უხარისხო და მოუხერხებელი. უხარისხო ფეხსაცმელმა შეიძლება ყველაზე დახვეწილი ჩაცმულობაც კი გააუფერულოს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მიაყენოს ფეხის ტერფსა და სისხლძარღვებს", - დასძენს გამოცემა.