საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაეცა ფასიც. აბალმა ღირებულებამ, შესაძლოა, განვითარებად დარგს მიმზიდველობა დაუკარგოს.
"საქსტატის“ მონაცემებით, აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი საქართველოს მთლიან მაჩვენებელში, იანვარ-მარტის პერიოდში 3% არ აღემატებოდა, როცა 2016 წლის იმავე პერიოდში 7,5%-ს იკავებდა. წლის პირველ სამ თვეში თხილისგან მიღებულმა შემოსავალმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან კი ეს ციფრი 32 მილიონ დოლარი იყო.
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელიამ ექსპორტის შემცირების მიზეზად პირველ კვარტალში დაბალ მოსავლიანობას ასახელებს. იგი ამბობს, რომ წელს თხილს, ერთი მხრივ, ჭარბი ტენიანობის გამო სოკოვანი დაავადება გაუჩნდა, მეორე მხრივ კი მავნებელი - აზიური ფაროსანა.
„ამ დროისთვის მარაგის დიდი ნაწილი გაყიდულია და თხილის ბიზნესი ახალი სეზონის მოლოდინშია. საქართველოში თხილის ფასი 4-დან 5 ლარამდე მერყეობს, რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, იქ 1 კგ-ის ფასი 6 დოლარია“, - ამბობს მოწერელია და ყურადღებას ამახვილებს იმ ღონისძიებებზე, რომელმაც პროდუქტზე გაზრდა უნდა უზრუნველყოს.
„მნიშვნელოვანია რომ მივიღოთ მაღალი ფასი და ამისთვის საჭიროა მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენი თხილი მსოფლიო ბაზარზე ყველაზე იაფია და გვსურს ის პრემიუმ კლასის გახდეს, ფასით ჩამოვრჩებით როგორც თურქულს, ასევე აზერბაიჯანულს. ფასის გასაზრდელად, პირველ რიგში, ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო და სტაბილური ხარისხის შენარჩუნება“, - ამბობს მოწერელია და დასძენს, რომ თურქეთს საქართველო კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა ფასში იმხელა სხვაობა რაც დღესაა, არ უნდა იყოს.
თხილის გაიაფებაზე ჩივიან ფერმერებიც. ისინი მოსავლის სიმცირეს უამინდობასა და მავნებლებს აბრალებენ, რამაც თხილი დააზიანა. ინდმეწარმე ელგუჯა გაბისონია ამბობს, რომ თხილის დაბალი ღირებულების გამო, მოსახლეობა რეალიზაციისგან თავს იკავებს. ისინი შესაბამის პერიოდსა და მათთვის მისაღებ ფასს ელოდებიან, რის შემდეგადაც მოსავალს გასაყიდად გაიტანენ.
„თხილის ფასი დაკლებულია. მიუხედავად იმისა, რომ მარაგი შემორჩენილია, ხალხი ჯერ არ ყიდის, რადგან ფასი არ აკმაყოფილებს. ვისაც არ უჭირს, ცდილობს, მაისამდე არ გაყიდოს და დაელოდოს მათთვის სასურველ ფასს. სწორედ ამის გამო ბაზარზე აქტიურობა არ შეინიშნება. ამ ეტაპზე საქართველოდან მხოლოდ რუსეთში გადის გასაყიდად თხილი, ევროპის ბაზარი თურქეთიდან მარაგდება. ამის გამო ვერ ვითარდება თხილის ბაზარი", - აცხადებს გაბისონია.
რაც შეეხება მავნებლებთან ბრძოლას. აზიურმა ფაროსანამ თხილის მოსავალი შარშანაც გაანადგურა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებლის გამოისობით მიყენებულმა ზარალმა 63 მილიონი ლარი შეადგინა. ხელისუფლება წელს ფაროსანას წინააღმდეგ სპეციალურ პროგრამას იწყებს, რომლისთვისაც 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.