ავტომობილების რაოდენობის ზრდის შენელება ვერაფრით ხერხდება

ავტომობილების რაოდენობის ზრდის შენელება ვერაფრით ხერხდება

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა სწრაფად მატულობს, ყოველ შემთხვევაში ასე იყო 2016 წლის ჩათვლით. რა იქნება 2017-დან, როგორ შეცვლის აქციზის ზრდა ავტობიზნესის მიმართულებას, ეს მოგვიანებით გამოჩნდება, მაგრამ დღემდე სატრანსპორტო საშუალებების თავლდათვალ იზრდება.

2016 წელს საქართველოში ავტოპარკი 8%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობამ 16,8%-ით იმატა. ეს მონაცემები ასახულია შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კვლევაში - „საქართველოს ავტოპარკი 2016“.

„კვლევის თანახმად, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი (მაღალი გამავლობის ჩათვლით) ავტომობილების შეადგენს. მათი დიდი ნაწილი 10 წელზე ასაკოვანია, თუმცა იზრდება 4-6-წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.

მსუბუქი მანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მეტი მოთხოვნა იყო „ჰეჩბეკის“ ძარის ტიპის ავტომობილებზე. შარშან მანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. მათგან 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% - აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა.

2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი. მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,99% შეადგინა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საინფორმაციო ცენტრის კვლევის დროს გათვალისწინებული იყო დინამიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული მახასიათებლებით; ავტოპარკის განახლებისა და გაახალგაზრდავების ტენდენციები; ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება რეგიონების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ასევე ფიზიკურ პირთა სქესის და ასაკის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის გადატვირთულობა განსაკუთრებით თვალშისაცემია დედაქალაქში, სადაც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლებში გაორმაგდა. თუ თბილისში 2010 წელს, საშუალოდ, 200 000 მანქანა მოძრაობდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია. დღეისთვის მათი ოდენობა 400 000-ს აღწევს.

„ბუნებრივია, ჩვენ მივდივართ საგზაო მოძრაობის კოლაფსისკენ. სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო ავტომობილები დანიშნულების ადგილზე მისვლას, პრაქტიკულად, ვეღარ ახერხებენ. ახლა ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არის საცობები, ძალიან მალე საერთოდ გადაადგილება ვეღარ მოხერხდება. თბილისში უკიდურესად გადატვირთულია საგზაო მოძრაობა.

2013-15 წლებში ავტომობილების რაოდენობა 65-80 ათასით იზრდებოდა, ანუ ძალიან დიდი მატებაა. კვლევაც ადასტურებს, რომ მანქანის შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად 8%-ით იზრდებადა ყველა ახერხებს კიდევ შნაძენის გაკეთებას“, -აცხადებს ავტოექსპერტი დავით მესხიშვილი.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ საავტომობილო პრობლემა დედაქალაქის გენერალური გეგმამ უნდა გადაჭრას, რომელიც 1 თვის თავზე დოლუმენტური სახით მზად იქნება. ამ ეტაპზე გეგმაზე მუშაობა უკვე სრულდება.

„სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მათ შორის - ავტობუსებს, მეტროსა და საბაგიროს. ძალიან მალე გაიხსნება მეტროსადგური უნივერსიტეტი. სტრატეგიაზე მუშაობა უკვე სრულდება, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება 2030 წლამდე“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.