"როგორ აფასებთ პარლამენტში მომხდარ ინციდენტებს? ჩხუბი და ხმაური პარლამენტში - გუშინ გამართულმა პლენარულმა სხდომამ დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. კონფლიქტი "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანსა და "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას შორის მოხდა. დაპირისპირება ემზარ კვიციანის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დაიწყო, როდესაც დეპუტატს აზრი უნდა გამოეთქვა, პარლამენტში სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენისას სხდომა დახურული უნდა ყოფილიყო თუ ღია. მოგვიანებით კიდევ ერთი კონფლიქტი მოხდა, რომლის შედეგადაც "ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე დაშავდა. დეპუტატები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. თუმცა ცნობილია, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთი დეპუტატის ოთახში ერთად "ევროპული საქართველოს წევრები" ოთარ კახიძე, გიორგი კანდელაკი და "ქართული ოცნების" წევრი ვანო ზარდიაშვილი იმყოფებოდნენ. ვინაიდან კონფლიქტთან დაკავშირებულ დეტალებზე არც ერთი დეპუტატი არ საუბრობს და უცნობია, რამ გამოიწვია დაპირისპირება ან ვის შორის იყო კონფლიქტი, მედიაში რამდენიმე ვარიანტი გაჟღერდა. ერთ-ერთი არაოფიციალური ინფორმაციით, დეპუტატთა ოთახში პარლამენტის წევრებს, გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფთაგან ერთ-ერთმა საფერფლე ისროლა და ის შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა. როგორ აფასებთ პარლამენტში მომხდარ ამ ინციდენტებს? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" რუბრიკაში მოსაზრებები.
"რაც ხდებოდა პარალმენტში წლების განმავლობაში, ის უფრო გასაკვირი იყო. ახლა უფრო ცივილიზებული ფორმით ხდება დაპირისპირება. ასეთი დაპირისპირებები წლების განმავლობაში ხდებდა. იყო ხელჩართული ჩხუბები, მაგალითად, ძმები ბერძენიშვილილების დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობასთან", ასევე დედის გინებები და სხვა. მაგრამ ის, რომ გრძელდება სამწუხარო ტრადიცია, ფაქტია. პარლამენტი ხშირად პარლამენტს არ ჰგავს, როცა დეპუტატებში ველური ინსტინქტები იღვიძებენ. მეორე მხრივ, იდეოლოგიურად ეს გასაკვირი არ არის. ერთმანეთზე განაწყენებული არიან და ცხვრ-პირის დამტრვევის სურვილი აქვთ და ავიწყდებათ, რომ დეპუტატები არიან. ასეთი გზითა და გაგებით შორს ვერ წავალთ", - აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
"უარყოფითად ვაფასებ, რა თქმა უნდა. პარლამენტი არ არის ის ადგილი, რომ ასეთი ფორმით გამოიხატოს დებატები," - ამბობს პოეტი მიხელ ღანიშაშვილი.
"როგორც არ მომწონდა ბობოხიძე, როგორ ურტყამდა სხვებს, ასევე არ მომწონს კვიციანისა და ბოკერიას დაპირისპირებაც. არც ერთი მხრიდან ასეთი საქციელი მისაღები არ არის. როდესაც ადამიანებს სიტყვების მარაგი უმთავრდებათ, რომ გამოთქვან აზრი, იწყებენ ჩხუბსა და აყალმაყალს, რაც მიუღებელია," - დასძენს თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა.
"ძალიან უარყოფითად, იმიტომ, რომ თუ რაღაც დაპირისპირებაა, სიტყვით უნდა მოაგვარონ და ერთმანეთის ცემაზე არ უნდა გადავიდნენ. არ შეიძლება, ადამიანები კადრებს მისჩერებოდნენ და იმაზე მსჯელობდნენ, ვინ ვის რა ესროლა. სიტყვიერად გაუმკლავდნენ ერთმანეთს, თუ რამის შნო აქვთ," - აღნიშნავს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.